ახალმა დეკანმა იურიდიული ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია დაანონსებული რეფორმის გათვალისწინებით შეიმუშავა
2026 წლიდან თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს ახალი დეკანი ჰყავს. ფაკულტეტს ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი ხელმძღვანელობს. ახლადარჩეულ დეკანს არაერთი სიახლის დანერგვა სურს და აქედანვე ემზადება – უმაღლესი განათლების რეფორმას ფაკულტეტმა ფეხი უმალ აუწყოს. აღსანიშნავია, რომ მორის შალიკაშვილმა იურიდიული ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია დაანონსებული რეფორმის გათვალისწინებით შეიმუშავა. ახალი დეკანი იმასაც განმარტავს, რომ შესაძლოა მომავალში გამოიკვეთოს ახალი გამოწვევები, რომელსაც ფაკულტეტი შესაბამისად უპასუხებს.
მზადება „3+1+1“ სისტემისთვის
რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სწავლების ე.წ. „3+1+1“ სისტემაზე გადასვლაა, რაც ბაკალავრიატის 3 წლამდე, ხოლო მაგისტრატურის 1 წლამდე შემცირებას გულისხმობს. „ჩვენი მთავარი გამოწვევაა, პროგრამები ისე გადავაწყოთ, რომ სწავლების დროის შემცირებამ ხარისხზე არ იმოქმედოს. სტუდენტმა კვლავ უნდა მიიღოს ცოდნა იმ ფუნდამენტურ საგნებში, რაც იურისტს სჭირდება. როგორც კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კრედიტების ზუსტ რაოდენობას დაამტკიცებს, დავიწყებთ მუშაობას, რომ შევინარჩუნოთ ყველა მნიშვნელოვანი სავალდებულო თუ არჩევითი საგანი და სტუდენტებს პროფესიული განვითარების სრულფასოვანი შესაძლებლობა მივცეთ“, – აცხადებს მორის შალიკაშვილი.
რა სიახლე იგეგმება მაგისტრატურის საფეხურზე
სიახლეები იგეგმება სამაგისტრო საფეხურზეც. განიხილება ერთწლიანი (60-კრედიტიანი) პროგრამების შექმნა, მაგალითად, ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ტექნოლოგიების სამართალი. მორის შალიკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის (AI) რეგულირებაც: „მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ცენტრალური ადმინისტრაცია შეიმუშავებს შესაბამის დოკუმენტს, საფაკულტეტო დონეზეც განვსაზღვრავთ – სად და რა დოზით არის დასაშვები ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. მთავარია, დავიცვათ აკადემიური კეთილსინდისიერება და საავტორო უფლებები ისე, რომ პროგრესს არ ჩამოვრჩეთ“.
სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და საერთაშორისო კავშირები
ახალი დეკანის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამეცნიერო საქმიანობისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხებს. მორის შალიკაშვილი აცხადებს, რომ ფაკულტეტი ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას გაუწევს აკადემიურ პერსონალს ახალი სახელმძღვანელოების შექმნასა და გამოცემაში, ასევე კვლევითი გრანტების მოზიდვასა და საერთაშორისო რეპუტაციის გაძლიერებაში. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, იგეგმება ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და უკვე არსებული სტრატეგიული კავშირების შენარჩუნება, მათ შორის მაქს-პლანკის ინსტიტუტთან (ჰამბურგი, გერმანია).
„ჩვენი მიზანია, თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს დაუახლოვდეს. ამიტომ, გავაძლიერებთ თანამშრომლობას როგორც სახელმწიფო უწყებებთან და პროფესიულ ასოციაციებთან, ისე უცხოელ კოლეგებთან, რათა სტუდენტებმა და პროფესორებმა ერთობლივ პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობა შეძლონ“, – აღნიშნავს მორის შალიკაშვილი.
სტუდენტების ჩართულობა საფაკულტეტო ცხოვრებაში და ინფრასტრუქტული სიახლეები
ახალი დეკანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების დასაქმებასა და ჩართულობას საფაკულტეტო ცხოვრებაში. იგი ხაზს უსვამს ფაკულტეტზე მოქმედი სტაჟირების პროგრამის ეფექტიანობას, რომელშიც 2022 წლიდან დღემდე 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ბევრი სტაჟიორი შემდგომში ფაკულტეტის ადმინისტრაციაში დასაქმდა და ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება.
აღსანიშნავია სიახლეები ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში თსუ-ს მეორე კორპუსის შიდა ეზოში მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცე, რომლის გამოყენებას სხვადასხვა აქტივობისთვის შეძლებენ როგორც სტუდენტები, ისე პროფესორ-მასწავლებლები.
ასე რომ, მორის შალიკაშვილის პრიორიტეტები იურიდიული ფაკულტეტის ინსტიტუციური განვითარება და სტუდენტებისთვის პრაქტიკული შესაძლებლობების გაზრდა იქნება.
ცნობისთვის: მორის შალიკაშვილი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, გახლავთ ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი და დოქტორი. იგი არის DAAD-ის სამეცნიერო პროგრამის არაერთგზის სტიპენდიატი. თავისი საქმიანობის განმავლობაში მას გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი. 2015 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. 2021-2025 წლებში იყო თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი და სხვადასხვა პერიოდში იკავებდა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობასაც. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ისეთ სტრუქტურებში საქმიანობას, როგორიცაა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახალხო დამცველის აპარატი და სხვ.
