ახალი დეკანის ხედვით, 2030 წლისათვის ფაკულტეტი თსუ-ს ფარგლებს გარეთაც ამბიციური და საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუცია უნდა გახდეს
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს, რომლის სათავეებთანაც ეროვნული ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები იდგნენ, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია.
დეკანის ხედვით, 2030 წლისთვის ფაკულტეტი უნდა გარდაიქმნას არა მხოლოდ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სივრცედ, არამედ ძლიერ ანალიტიკურ და ინტელექტუალურ ცენტრად, რომელიც აქტიურ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში. ამ ხედვის ფარგლებში განისაზღვრა სამი სტრატეგიული პრიორიტეტი: სასწავლო პროგრამების მოდერნიზება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საერთაშორისო აკრედიტაციისა და პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება და ფაკულტეტის გარდაქმნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციურ კვლევასა და ანალიტიკაზე ორიენტირებულ ცენტრად. ამასთანავე, დეკანი ხაზს უსვამს მართვის კულტურის შეცვლის აუცილებლობას: ბიუროკრატიის შემცირებას, გამჭვირვალე კომუნიკაციას და სტუდენტზე ზრუნვას, როგორც ფაკულტეტის საქმიანობის ღერძს.
2030 წლისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ახალი დეკანის ხედვით, თსუ-ს ფარგლებს გარეთაც ამბიციური და საერთაშორისოდ აღიარებული ინსტიტუცია უნდა გახდეს.
გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ახალ დეკანთან, რომელიც ვრცლად საუბრობს იმ ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან მიზნებზე, რომლებმაც სტუდენტთა საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა და ფაკულტეტის გლობალური ხილვადობა უნდა უზრუნველყოს.
- გეგმავთ თუ არა ახალი სპეციალობების ან თანამედროვე მიმართულებების დამატებას?
- სიახლეების დანერგვა, ახალი სპეციალობებისა და მიმართულებების განვითარება მუდმივად დგას დღის წესრიგში და უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები ყოველთვის იყო და არის აქტუალური, რასაც მოწმობს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს აბიტურიენტთა მიერ გაკეთებული არჩევანი და სამაგისტრო პროგრამებით როგორც ჩვენი, ისე სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დაინტერესება. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ არსებული პროგრამების მოდერნიზებაზე და ამის შემდეგ ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო მიმართულებების შექმნაზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პროგრამები დაეფუძნება დამსაქმებლების მოთხოვნებს, პროფესიული სექტორის ინტერესს და საერთაშორისო გამოცდილებას.
- რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება და საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოება? რა სარგებელს მოუტანს ეს სტუდენტებსა და ფაკულტეტს?
- ფაკულტეტის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოება, ისევე, როგორც საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება სრულიად რეალისტური და სტრატეგიულად აუცილებელი მიზანია. ისეთი ფაკულტეტისთვის, რომელსაც ძლიერი აკადემიური ისტორია და მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი გააჩნია, ეს მიზანი კიდევ უფრო მეტად მიღწევადია. უდავოა, ეს პროცესი მოითხოვს სერიოზულ და თანმიმდევრულ მუშაობას – პროგრამების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას, სწავლების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას, კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიან ორგანიზებას. ამ პროცესის სარგებელი სტუდენტებისთვის ძალიან კონკრეტულია: პირველ რიგში, საერთაშორისო აკრედიტაცია ზრდის დიპლომის აღიარებასა და ნდობას საერთაშორისო მასშტაბით, რაც მათთვის ქმნის მეტ შესაძლებლობებს სწავლის გაგრძელების და დასაქმების თვალსაზრისით. ასევე, საერთაშორისო პარტნიორობა ნიშნავს მეტ გაცვლით პროგრამას, ერთობლივ და ორმაგი ხარისხის პროგრამებს, უცხოელ პროფესორებთან და სტუდენტებთან თანამშრომლობას… ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაამდიდრებს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გამოცდილებას.
- თქვენს კონცეფციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევას. რა არის დღეს მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით და როგორ ხედავთ ფაკულტეტის როლს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში?
- დღეს გამოწვევად რჩება საერთაშორისო კვლევით ქსელებში მეტი ინტეგრაცია, გარე დაფინანსების მოზიდვა და ისეთი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომლებიც აკადემიურ პერსონალს ხარისხიანი კვლევის წარმოებაში დაეხმარება. რაც შეეხება ფაკულტეტის როლს, ჩემი ხედვით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე, არამედ ძლიერი ანალიტიკური და ინტელექტუალური ცენტრი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
- თქვენ საუბრობთ ბიუროკრატიის შემცირებაზე, თანამედროვე მართვასა და სტუდენტებთან ღია კომუნიკაციაზე. რა შეიცვლება ფაკულტეტის მართვის კულტურაში?
- დღეს სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია გადაწყვეტილებების მიღების სირთულე, ბიუროკრატიული პროცედურების სიმძიმე და ზოგჯერ კომუნიკაციის ნაკლებობა. სწორედ ამიტომ, ჩემი ხედვით, მართვა უნდა გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და ღია. პირველ რიგში, ადმინისტრაციული პროცესები უნდა გამარტივდეს, შემცირდეს ზედმეტი ბიუროკრატია და გადაწყვეტილებების მიღება უნდა იყოს უფრო ოპერატიული. თანამედროვე უნივერსიტეტი ვერ იმართება ნელი და რთული მექანიზმებით – საჭიროა ეფექტიანი კოორდინაცია, პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილება და შედეგზე ორიენტირებული მმართველობა. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება სტუდენტებთან რეალურად ღია კომუნიკაციის კულტურის გაძლიერება. სტუდენტმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია – იქნება ეს უკუკავშირის სისტემების გაძლიერებით, რეგულარული შეხვედრებით, ინფორმაციის დროული მიწოდებით თუ პრობლემებზე სწრაფი რეაგირებით. კომუნიკაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, ის უნდა იყოს ორმხრივი და ნდობაზე დაფუძნებული.
- როგორ აპირებთ ფაკულტეტსა და კერძო სექტორს შორის უფრო ძლიერი კავშირის ჩამოყალიბებას და რა უნდა გახდეს თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
- ფაკულტეტსა და კერძო სექტორს შორის ძლიერი კავშირის ჩამოყალიბება უნდა ეფუძნებოდეს სისტემურ, გრძელვადიან და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას და არა მხოლოდ სტაჟირების ფორმალურ შესაძლებლობებს. ჩვენი ხედვით, ბიზნესთან ურთიერთობა უნდა გახდეს ფაკულტეტის განვითარების ყოველდღიური პროცესის ორგანული ნაწილი. პირველ რიგში, აუცილებელია წამყვან კომპანიებთან სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რათა კერძო სექტორი იყოს არა მხოლოდ დამსაქმებელი, არამედ საგანმანათლებლო პროცესის აქტიური პარტნიორი. ფაკულტეტმა უფრო აქტიურად უნდა შესთავაზოს ბიზნესსა და საჯარო სექტორს საკუთარი ინტელექტუალური რესურსი – კვლევები, ანალიტიკური ანგარიშები, კონსულტაციები, ექსპერტული შეფასებები. რაც შეეხება კურსდამთავრებულების კონკურენტულ უპირატესობას, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ძლიერი თეორიული საფუძველის, პრაქტიკული გამოცდილების, თანამედროვე ტექნოლოგიური კომპეტენციებისა და საერთაშორისო ხედვის კომბინაცია. შრომის ბაზარს დღეს სჭირდება ინდივიდი, რომელსაც შეუძლია ანალიზი, პრობლემების გადაჭრა, მონაცემებთან მუშაობა, სწრაფად ადაპტირება და გადაწყვეტილებების მიღება თანამედროვე გარემოში.
