რა ტრადიციები შემოგვრჩა და რა შეიცვალა ახალი წლის აღნიშვნის რიტუალებიდან
2026 წლის დადგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კვლავაც თან სდევს მრავალფეროვანი ეთნოტრადიციები, რომლებიც, დროის მიუხედავად, არ კარგავენ მნიშვნელობას. თსუ–ს მომავალი ეთნოლოგები – ბაკალავრo ნიკოლოზ კიწმარიშვილი, მაგისტრანტი ანამარია ფანგანი და დოქტორანტი ელენე ბერაია გვიყვებიან, როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს წარსულში, რა ტრადიციები შემოგვრჩა დღემდე და რატომ შეძლო მათმა ნაწილმა გადარჩენა. ახალგაზრდები პასუხობენ ორ მთავარ კითხვას: რა რიტუალები უკავშირდებოდა ახალ წელს ქართულ ტრადიციულ კულტურაში, რომელი მათგანი ინარჩუნებს სიცოცხლეს თანამედროვე საქართველოში და ახალი წლის რა ტრადიციებს აგრძელებენ საკუთარ ოჯახებში?
ახალი ელემენტები, რაც კულტურის ღიაობის და სხვადასხვა გავლენების შედეგია
ნიკოლოზ კიწმარიშვილი, საბაკალავრო პროგრამა „ეთნოლოგიის“ სტუდენტი:
– ახალი წელი სიხარულთან, იმედებთან, ბარაქასთან დაკავშირებული დღესასწაულია. ყველა ელის, რომ ახალი წელი ახალ სიკეთეებს და პერსპექტივებს მოუტანს, რომ გასული წლის სიძნელეებსა და დანაკარგებს ძველი წელი წაიღებს და ახლიდან დაიწყება ათვლა. შესაბამისად, საჭიროდ მიიჩნევა ახალი წლის სათანადოდ დახვედრა.
როგორც წესი, საახალწლო რიტუალები და ტრადიციები ხანგრძლივი ისტორიული განვითარების შედეგია. მათში ასახულია კონკრეტული საზოგადოების მსოფლმხედველობა. საქართველოში ძველად ახალი წლის აღნიშვნას სხვადასხვა კუთხეში თავისი მახასიათებლები ჰქონდა.
სამზადისი ახალი წლის დადგომამდე იწყება. ტყიდან შეშასა და ბაძგრს (ეკლიანი მცენარე) მოიტანდნენ (რაჭაში), დიდ ხეს – საახალწლოს (მთიულეთში)… სამეგრელოში ჩიჩილაკთან ერთად ამზადებდნენ ,,ხიხვილს” (თხილისა და სუროს თაიგულს), საღამოს იკვლებოდა ღორი, ცხვებოდა კვერები, განატეხები (რაჭაში), ტაბლა (ლეჩხუმში), ბოკელები (გურიაში), ბასილები და გოგა (ფშავში). ამზადებდნენ გვერგვს (რაჭაში), ჩიჩილაკს (სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში).
ახალი წლის დილით შინაური მეკვლე (კლოვიარე, მოფეხე, მაკუჩხური) უნდა მოსულიყო გობით (ხონჩით, ტაბლით და სხვ.) ხელდამშვენებული და ოჯახისთვის ბარაქა და კეთილდღეობა უნდა ესურვებინა. ზოგან მეკვლეს მარცვლეული უნდა მიმოებნია – ხვავის ნიშნად. იცოდნენ საქონლისთვის, ფრინველისთვის, ვენახისთვის და მარნისთვის ახალი წლის მილოცვა და დალოცვა, ასევე მარცვლეულის სიმბოლური დათესვაც უხვი მოსავლის საწინდრად. ცდილობდნენ, ახალ წელს მშვიდად და მხიარულად დახვედროდნენ.

ახალი წლის მეორე დღე მიიჩნეოდა ბედობის დღედ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – ვინ მოვიდოდა ამ დღეს გარეშე მეკვლედ, რომელსაც უნდა განესაზღვრა მთელი წლის ბედი. ყველა ცდილობდა, ამ დღეს ახალი ტანსაცმლით შეხვედროდა; ასუფთავებდნენ სახლს და კარ-მიდამოს; ცდილობდნენ, დაებრუნებინათ განათხოვრებული ნივთები. ამ დღეს არაფერს არ ითხოვდნენ და არაფერს არ გასცემდნენ. მთაში იცოდნენ „ქანაობა” (ციგაობა). მხიარულება უნდა ყოფილიყო. ამ დღეების მახასიათებელი იყო ლოცვა-დალოცვები. ბევრი ტრადიციული წესი დღეს ნაწილობრივ სრულდება ან აღარ სრულდება… სამაგიეროდ, ემატება ახალი ელემენტები, რაც კულტურის ღიაობის და სხვადასხვა გავლენების შედეგია.
მიუხედავად ამისა, ტრადიციების ძირითადი ნაწილი მაინც შენარჩუნებულია – ყველა სასიკეთო მოლოდინითაა განწყობილი; ცდილობენ მხიარულად გააცილონ ძველი და შეეგებონ ახალ წელს; ირთვება ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები; მზადდება ტრადიციული კერძები; საყველთაო გახდა გოზინაყის მომზადება ახალი წლისთვის.
ტრადიციული ქართული შობა და ახალი წელი ოჯახზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი დღესასწაულებია და, როგორც წესი, სახლში, ახლო ნათესავებთან ერთად აღინიშნება. ჩემს შემთხვევაში, ამ დღესასწაულებს ჩემს ხუთსულიან ოჯახთან ერთად ვზეიმობ, წეს-ჩვეულებების დაცვით, რომლებიც აერთიანებს ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულ რელიგიურ, სოციალურ და სიმბოლურ ელემენტებს.
სამზადისი, როგორც წესი, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება. სახლი საფუძვლიანად იწმინდება, რაც სიმბოლურად წარმოადგენს ახალი წლის დაწყებას წესრიგითა და განახლებით. საკვების მომზადებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მზადდება ტრადიციული კერძები, როგორებიცაა: საცივი, ხაჭაპური, ფხალი და სხვადასხვა ხორცისა და ბოსტნეულის კერძები, რაც ასახავს სიუხვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთსა და იმავე საკვებს არ მიირთმევს, საერთო სუფრის იდეა კვლავ აუცილებელი რჩება, თავისი საზეიმო გაფორმებით.
ახალი წლის ღამეს სახლში ერთად ვხვდებით. ოჯახის წევრები ერთმანეთს ულოცავენ და უსურვებენ ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებას. შუაღამის შემდეგ სახლში პირველად შემოსულ ადამიანს ჩვენც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორც მეკვლეს, რომელიც გავლენას ახდენს ოჯახის ბედზე მთელი წლის განმავლობაში. ჩვეულებრივ, სახლში მეკვლედ ჩვენი ოჯახის წევრი შემოდის ოჯახის დალოცვით.
მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ქართული შობა 7 იანვარს აღინიშნება. შობის წინა დღეს ატმოსფერო უფრო მშვიდია. ოჯახის ზოგიერთი წევრი ესწრება ეკლესიის წირვას, ზოგი კი ამ დღესასწაულს სახლში აღნიშნავს. ეს დღე არის ოჯახის ერთიანობისა და სულიერი ფასეულობების, ქრისტეს დაბადების გამო დიდი სიხარულის დღე. საერთო ჯამში, ჩემს ხუთსულიან ოჯახთან ერთად ქართული შობისა და ახალი წლის გატარება ასახავს ტრადიციის უწყვეტობას, კულტურულ იდენტობას და სოციალურ ერთიანობას.

საშობაო-სადღესასწაულო ციკლი ზემო სვანეთში
ანამარია ფანგანი, კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი:
– შობა-ახალი წელი ქართველებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად სითბოთი, სუფრის სიუხვითა და საოჯახო ერთობით აღინიშნება. ისტორიულად, საქართველოს გასაბჭოებამდე, შობა-ახალი წელი ერთიან სარიტუალო ციკლს წარმოადგენდა და იხსენიებოდა „შობა-ახალიწელიწადის“ სახელწოდებით. საქართველოს სამოციქულო ეკლესია შობას იულიუსის კალენდრით (ძველი სტილით) 25 დეკემბერს აღნიშნავს, რაც თანამედროვე, გრიგორიანული კალენდრით 7 იანვარს ემთხვევა. 1918 წელს საქართველო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა (ახალი სტილი), რის გამოც დღეს საქართველოში ორი ახალი წელი აღინიშნება: ოფიციალურად – 1 იანვარს და ტრადიციულად, ძველით ახალი წელი – 14 იანვარს. მიუხედავად ასეთი გაორებისა, ტრადიციულ ქართულ ყოფაში ჯერ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ძველით ახალი წელი, რომელიც კვლავ „ნამდვილ ახალწლად“ მოიაზრება.
საქართველოში ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ხასიათდება შობა-ახალი წლის აღნიშვნის მრავალფეროვანი ტრადიციებითა და რიტუალებით, თუმცა დღესასწაულის არსი და მსვლელობა საერთო ქართული ხასიათის მატარებელია. ბევრი ელემენტი ტრადიციული ქართული კულტურიდან ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შემოგვენახა. თითქმის ყველა მხარეში არსებობენ ოჯახები, რომლებიც პატივს სცემენ და არ ივიწყებენ წინაპართაგან მომდინარე ცოდნას და აქტიურად გადასცემენ მას ახალ თაობებს.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუ რა ფორმებით ვლინდება ეს მრავალფეროვნება სვანეთის ეთნოგრაფიულ მხარეში.
საშობაო-სადღესასწაულო ციკლი ზემო სვანეთში მრავალ სხვადასხვა რიტუალს მოიცავს. ბალს ზემო სვანეთში ახალ წელს „ზომხა“ ჰქვია, ბალს ქვემოთ – „კანდა“. საკმაოდ გრძელვადიანი იყო დღესასწაულის სამზადისის პერიოდი. ადგილობრივების რწმენით, მათ მიერ შესრულებულ რიტუალებსა და საწესო ქმედებებზე დიდად იყო დამოკიდებული დამდეგი წლის კეთილდღეობა. ტრადიციულად იკვლებოდა ღორი, მზადდებოდა სარიტუალო საკვები, ცხვებოდა სალოცავად განკუთვნილი პურები – „ლემზირები“. სრულდებოდა საოჯახო ლოცვა. დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო მეკვლეობა, რომლის ტრადიციასაც სვანები დღემდე ვასრულებთ.
გვყავდა ორი მეკვლე – ოჯახის „ქორა მეჭშხი“ და გარე „ქაამე მეჭშხი“. ალიონზე საშინაო მეკვლე მოამზადებდა საახალწლო მისალოც ტაბლას (ღორის თავს, ლემზირებს, ნაძვის ტოტს და მონეტებს), ლოცვა-ვედრებით სამჯერ შემოუვლიდა სახლს და ლოცვითვე შეაბიჯებდა ოჯახში, ჩამოუვლიდა ოჯახის წევრებს, თითოეულს მიულოცავდა ახალი წლის დადგომას და შეასრულებდა ე.წ „ლიშიაშალის“ – ხელის ახსნის რიტუალს. ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ძირითადად, ოჯახის უფროსი მამაკაცი იღებს. ამასობაში ოჯახს გარეთა მეკვლეც სტუმრობდა და მასთან ერთად ყველა მიუსხდებოდა საზეიმო სუფრას.
შობის დღესასწაულს რაც შეეხება, ადგილობრივები მას „ქრისტეშ“ ან „ქრისდეშ“ უწოდებენ, რაც დიდი მნიშვნელობის მქონე დღეა. ყველა ოჯახში შობის დილას, გამთენიისას ლოცვა სრულდებოდა, რომლის დროსაც აუცილებლად იხსენიებდნენ მიცვალებულებსაც. მოქმედ ეკლესიებში ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას, საღამოს კი სანათესაო ან სასოფლო თემის ჯგუფები მართავდნენ ტრაპეზს.
ახალგაზრდა თაობა, რა თქმა უნდა, ჩართული ვართ იმ ტრადიციებისა და რიტუალების შესრულების პროცესში, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან. ყოველივეს პასუხისმგებლობით ვუდგებით და ვიცავთ მათ მნიშვნელობას, რათა უცვლელი ფორმითა და იმავე ღირებულებებით გადავცეთ ჩვენს შემდგომ თაობებს.


უცვლელია რწმენა იმისა, რომ ახალ წელს მოაქვს ახალი იმედები
ელენე ბერაია, სადოქტორო პროგრამა „ანთროპოლოგიის“ დოქტორანტი:
– ახალი წლის აღნიშვნა ყველა კულტურაში სპეციფიკურ რიტუალებთანაა დაკავშირებული. მიიჩნევა, რომ წლის შემობრუნებას სათანადოდ სჭირდება დახვედრა, რათა შემდგომი წელი კეთილდღეობით და ბარაქით იყოს სავსე. ასე იყო და არის ქართულ კულტურაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად იცვლებოდა ახალი წლის დადგომის თარიღი და მასთან დაკავშირებული რიტუალები, უცვლელია რწმენა იმისა, რომ ახალ წელს მოაქვს ახალი იმედები და რომ აუცილებელია მას სათანადოდ შევეგებოთ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საერთო წესების გარდა არსებობდა მათთვის დამახასიათებელი ელემენტები. მაგალითად, გურიაში გავრცელებული ყოფილა ახალ წელს ცეცხლზე გადახტომის ტრადიცია, სვანეთში ხარის მდინარეზე გაყვანის წესი, რაჭაში ბაჭულებსა და „კერია-ბერიას” გამოცხობა სცოდნიათ, ქართლში „აბრამიანის” ხონჩას ამზადებდნენ და ა.შ. თუ ძველად ჩიჩილაკი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში მზადდებოდა, დღეს უკვე საყოველთაოდ გამოიყენება და მთელ საქართველოში ცდილობენ ახალ წელს სახლში ახალი ჩიჩილაკი ჰქონდეთ.
იცოდნენ სხვადასხვა ცომეულის გამოცხობაც – ცხვებოდა ბასილები, გოგები, კვერები. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იყო მოხარშული ღორის თავი. იცოდნენ ხილით და ტკბილეულით „დაბერება”, მარცვლის „თესვა”, კერის ცეცხლის გაჩაღება. საყოველთაო იყო მეკვლეობა, რაც დღესაც შენარჩუნებულია.
მეკვლე არის შინაურიც და გარეც, მათი შერჩევა წინასწარ ხდება და მოელიან მეკვლის დალოცვას ბედნიერი წლის დაბედებისთვის.
დროთა ვითარებაში ტრადიციულ ელემენტებს ახლებიც ემატება. დღეს ახალი წლის აღნიშვნა ისეთივე კომპლექსური გახდა, როგორიც თავად საზოგადოებაა. მიუხედავად ამისა, რიგი ტრადიციული წესებისა მყარად სრულდება. ახალ წელს ყველა ოჯახი ტრადიციული სუფრით ეგებება, ტრადიციულია ამ სუფრაზე წარმოსათქმელი სადღეგრძელოები და კერძების და ტკბილეულის ნაწილი. ახალი წლის ატრიბუტია ჩიჩილაკი და საშობაო ნაძვის ხე. ყურადღება ექცევა მეკვლეობას. კულტურის ელემენტების შენარჩუნება ან ყოფიდან გასვლა მათ ფუნქციურ დატვირთვასთან, ღირებულებათა და მსოფლმხედველობათა ცვლასთანაა დაკავშირებული და ბუნებრივი პროცესია. რაც უცვლელია ახალ წელთან დაკავშირებით, ესაა მოლოდინი უკეთესისა, იმედი, რომ ახალი წლის სათანადოდ დახვედრა კეთილდღეობის საწინდარია.
ჩვენს ოჯახში ტრადიციულად მზადდება გოზინაყი, ირთვება საახალწლო ნაძვის ხე, იშლება სუფრა და ოჯახის წევრები სიმბოლურ საჩუქრებს ვუცვლით ერთმანეთს. ტრადიციულად ველით მეკვლეს და სტუმრებს.
