ახალი წელი უნივერსიტეტში ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის
საზეიმო განწყობა სუფევდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში, სადაც თსუ-ს ბიბლიოთეკისა და თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის გაიმართა საახალწლო ღონისძიება – „ახალი წელი უნივერსიტეტში“.
დაახლოებით 150 ბავშვი იღებდა მონაწილეობას პატარებისთვის გამართულ ზეიმზე. მათ მხიარულ განწყობაზე ზრუნავდნენ თოვლის ბაბუა, კიკის ანიმატორები და ბავშვებისთვის საყვარელი გმირი ლოკო-მოკოს ლომი. ზეიმი მუსიკალურად ჭოხონელიძეების საბავშვო სტუდიის ბავშვებმა გააფორმეს.
ბავშვებს თსუ-ს ადმინისტრაციის სახელით თსუ-ს კანცლერი ლაშა საღინაძე, თსუ-ს რექტორის მოადგილე კახა ჭეიშვილი მიესალმნენ და ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვეს. ბავშვთა მწერალმა ლელა ცუცქირიძემ ბავშვები წიგნის სამყაროს აზიარა.
„დღევანდელი ღონისძიება შეიძლება განვიხილოთ როგორც მესამე მისიის ერთ-ერთი ღონისძიება. უნივერსიტეტში მოვიწვიეთ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები და შევეცადეთ ეს დღე მათთვის გაგვეხალისებინა. ამ ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ს ადმინისტრაცია და თსუ-ს ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი და, რაც მთავარია, სტუდენტობა. 5 იანვარს თსუ მათ კვლავ უმასპინძლებს და სპეციალურად მათთვის აინთება საახალწლო ნაძვის ხე“, – განაცხადა თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა, რომელმაც პატარებს ლაღი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი უსურვა.