ახალგაზრდა ეთნოლოგების საველე პრაქტიკა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სასწავლო კურსის – ,,ეთნოლოგიური პრაქტიკა“ – ფარგლებში სტუდენტებმა აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთდღიანი საველე გასვლები მოაწყვეს, მოპოვებული მასალები დაამუშავეს და ფინალური ანგარიშების სახით წარადგინეს. ექსპედიციები ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ფშავში, ჟინვალში, ნიქოზში, გორსა და ბოლნისში.
კურსის ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი ნინო გელოვანი აღნიშნავს, რომ საველე პრაქტიკა ეთნოლოგისთვის უალტერნატივო გამოცდილებაა, რომელსაც მხოლოდ აუდიტორიაში ჩატარებული ლექციები ვერ ჩაანაცვლებს: ,,ჩვენი მიზანი იყო – ახალგაზრდებს უშუალოდ დაკვირვების გზით შეესწავლათ ადგილობრივების ყოფა, ტრადიციები და ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვანი ფორმები, ხოლო მიღებული გამოცდილება თანამედროვე ეთნოლოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით დაეფიქსირებინათ. პრაქტიკა თავიდანვე დაიგეგმა როგორც ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ეთნოლოგიურ კვლევას და რეჟისურის შემოქმედებით მიდგომებს გააერთიანებდა.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის კათედრას, ასევე სტუდენტებს, რომლებმაც დიდი პასუხისმგებლობით, ინტერესითა და პროფესიული მოტივაციით იმუშავეს. მიხარია, რომ მათთვის ეს პრაქტიკა იქცა გამოცდილებად, რამაც მათ დაანახა – როგორ შეიძლება მეცნიერებისა და ხელოვნების, ეთნოლოგიისა და რეჟისურის გაერთიანებით კულტურის კვლევის ახალი შესაძლებლობების შექმნა”,- გვითხრა ნინო გელოვანმა.
სტუდენტთა ფინალური ნაშრომების წარდგენას დაესწრო თსუ-ს ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი თეიმურაზ გვიმრაძე. მან ხაზი გაუსვა ნაშრომების მაღალ სამეცნიერო დონეს: „ძალიან საინტერესო იყო ვიზუალური მასალის ჩვენება. შესანიშნავი მოხსენებები მოვისმინეთ, სტუდენტებმა სიღრმისეული დასკვნები წარმოადგინეს. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული სამეცნიერო შეფასების ტოლფასია“.
საველე მუშაობისას სტუდენტებს აქტიურად ეხმარებოდა ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს მოწვეული პედაგოგი სოფიკო ძნელაძე. მისი თქმით, ეს პროცესი უბრალო შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებს გასცდა: „ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვის, განსაკუთრებით ღირებული იყო ადგილობრივ არაქართულენოვან მოსახლეობასთან კომუნიკაცია ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში. სტუდენტებმა იმდენი რამ ნახეს და შეისწავლეს, მიხარია, რომ შრომის შედეგი ასე ღირსეულად დაგვირგვინდა”.
სტუდენტური კვლევების ძირითადი მიგნებები და თეორიული ჩარჩოები
სტუდენტების ნაშრომებმა აჩვენა, რომ კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ მუზეუმებსა და ძეგლებში კი არა, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ურთიერთობებსა და მეხსიერებაში ცოცხლობს.
ფშავის ეთნოგრაფიული სურათი და ვიზუალური დოკუმენტირება
სტუდენტმა თათია ნათელაურმა საკუთარი კვლევა ფშავის რეგიონს მიუძღვნა. მან შეისწავლა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ადგილობრივი მატერიალური კულტურა, ტრადიციული სამოსი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
,,ეთნოგრაფიულმა პრაქტიკამ დამანახა, რომ ნამდვილი კვლევა იწყება მაშინ, როდესაც მკვლევარი უშუალოდ ხვდება ადამიანებს და უსმენს მათ გამოცდილებას. თითოეული ნივთი თუ ზეპირი გადმოცემა ჩვენი კულტურული მეხსიერების ნაწილია“, – აღნიშნავს თათია.
საველე მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგი იყო სტუდენტების მიერ გადაღებული 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ,,ეთნოდღიურები”, რომელშიც დეტალურად აისახა კვლევის პროცესი.
საველე კვლევა დმანისის, ნიქოზისა და თბილისის მშრალი ხიდის შესახებ
სტუდენტ ნიკოლოზ კიწმარიშვილის ნაშრომი რამდენიმე საკვლევ სივრცეს მოიცავდა და ეყრდნობოდა კლასიკურ ეთნოგრაფიულ მიდგომებს, მათ შორის, ბრონისლავ მალინოვსკის მონაწილეობითი დაკვირვების მეთოდს. მის კვლევაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი დმანისმა დაიკავა. დაკვირვებისა და ინტერვიუების საფუძველზე მან აჩვენა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დმანისის ისტორიული მნიშვნელობა მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ აღმოჩენებთან არ ასოცირდება. მათთვის იდენტობის მთავარი საყრდენია ოჯახური ისტორიები, ადგილობრივი გვარები და თაობათა მეხსიერება, რაც ყოველდღიურ ყოფაში იჩენს თავს.
კვლევის კიდევ ერთი მიმართულება ნიქოზს დაეთმო, სადაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩატარებულმა დაკვირვებამ წარმოაჩინა, თუ როგორ განსაზღვრავს სასაზღვრო სივრცე ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და სივრცის აღქმას. რაც შეეხება ურბანულ სივრცეს, მან თბილისის მშრალი ხიდის ბაზარი გიორგი ჩიტაიას ეთნოლოგიური მიდგომით შეისწავლა, რომელიც მატერიალურ კულტურას სოციალური ყოფის სარკედ მიიჩნევდა. დადგინდა, რომ ბაზარზე წარმოდგენილ ძველ ნივთებს ეკონომიკურთან ერთად ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვთ, რადგან ისინი ქალაქურ და ოჯახურ ისტორიებს ინახავენ.
თელავის კულტურული ლანდშაფტის ანთროპოლოგიური ანალიზი
სტუდენტმა მარიამ სახოკიამ შეისწავლა თელავის ისტორიული ცენტრი. მონაწილეობითი დაკვირვების მეთოდის საფუძველზე მან გააანალიზა სამი ძირითადი სოციალური ჯგუფის ქცევითი მოდელები:
• ადგილობრივები, რომელთათვისაც ისტორიული თელავი ყოველდღიური ყოფის ნაწილია;
• ტურისტები, რომლებიც ქალაქს დასვენებისა და კულტურული ძეგლების მონახულების მიზნით იყენებენ;
• მომლოცველები, რომელთათვისაც ტაძრები საკრალური მნიშვნელობის მქონე ადგილებს წარმოადგენს.
მარიამმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისტორიული შენობების „ფუნქციურ ადაპტაციაზე“ – ძველი ნაგებობების გარდაქმნაზე კაფეებად, საოჯახო მარნებად, საგამოფენო სივრცეებად და მუზეუმებად, რაც კულტურული მემკვიდრეობის რეაქტუალიზაციის პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოვლინებას წარმოადგენს. მის ნაშრომში ბატონის ციხის კომპლექსი განხილულია როგორც რეგიონული იდენტობისა და კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი ცენტრალური სივრცე.
. . .
საბოლოოდ, სტუდენტების მიერ მოპოვებულმა და გაანალიზებულმა ეთნოგრაფიულმა მასალამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ყოველდღიურ პრაქტიკებზე დაკვირვება მნიშვნელოვან კვლევით შესაძლებლობებს ქმნის და კულტურული სივრცის მრავალმხრივი გააზრების საშუალებას იძლევა. მსგავსი საველე კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, დაცვისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გააზრების პროცესში.
