საქართველოს რეგიონების საზოგადოებრივ-გეოგრაფიული ატლასის ელექტრონული ვერსია მზადაა
„საქართველოს რეგიონების საზოგადოებრივ-გეოგრაფიული ელექტრონული ატლასი“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში მომზადდა. პროექტს ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი გიორგი კვინიკაძე, ხოლო თანახელმძღვანელი იყო პროფესორი თამარ დოლბაია.
პროექტი ქრონოლოგიურად მოიცავს 10 წელს. ის 5-წლიანი ინტერვალითაა შედგენილი და, დროებით ოკუპირებული ორი რეგიონის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. რეგიონები გამოკვლეულ იქნა 97 მაჩვენებლის მიხედვით, მათ შორისაა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა ფაქტორები. სულ შედგენილი და ვიზუალიზებულია 144 რუკა და 46 დიაგრამა. რუკები დაეყრდნო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ღია წყაროებს. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, რუკების ელექტრონული ფორმა იმიტომ აირჩიეს, რომ ეს გაგრძელებადი პროექტია – აქამდე მოპოვებულ ინფორმაციებს ხუთი წლის შემდეგ კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები და ასე დაიწერება საქართველოს რეგიონული განვითარების ისტორია.
„პროექტის იდეა იყო ჩემი, რადგან იმხელა დისპროპორციებია რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, რომ რთულად წარმოსადგენია, არ დაფიქრდე. მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 71 პროცენტი ორ რეგიონზე ნაწილდება – თბილისსა და აჭარაზე. საქართველოს დანარჩენი ნაწილი მძიმე დღეშია. განსაკუთრებით ეს ითქმის მთიან რეგიონებზე, რაჭა-ლეჩხუმზე, ქვემო სვანეთზე, ზემო იმერეთის მთიან ნაწილსა და გურიაზე. ამან გვიბიძგა – დავკვირვებოდით საქართველოს რეგიონების განვითარების დინამიკას და მოგვეხდინა მისი ვიზუალიზება“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში პროექტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი კვინიკაძემ.
პროექტის მნიშვნელობას ისიც განაპირობებს, რომ საქართველოში დიდი ხანია რეგიონებში არსებული მდგომარეობის სრული, კომპლექსური ვიზუალიზაცია არ მომხდარა. მშრალი სტატისტიკა, რომელსაც სტატისტიკის სამმართველო აქვეყნებს, არ იძლევა სრულ წარმოდგენას განვითარების დინამიკაზე. ახლადშექმნილ ელექტრონულ რუკებზე კი კლასიფიცირებულია – თუ როგორ გამოიყურება თითოეული რეგიონი საქართველოს ერთიანი მონაცემების ფონზე. ეს მონაცემები დატანილია დიაგრამებზე, რაც ზრდის ამ პროექტის ინფორმატიულობას. პროექტის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ პროექტმა ცხადი გახადა დისპროპორციები და გარკვეული ტიპის კორელაციური კავშირები რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ურბანულ განვითარებას შორის. მათი თქმით, ურბანული რეგიონები პრაქტიკულად მეტ-ნაკლებად კიდევ რაღაცნაირად არსებობენ, მაგრამ მთაში ესეც აღარ შეიმჩნევა, რადგან ლენტეხიდან, ადიგენიდან ან ხარაგაულიდან დაახლოებით ისეთივეა ათას კაცზე მიგრაციული დანაკარგი, რამდენიც ნებისმიერი სოფლიდან. ეს მიბმულია ინვესტიციებთან და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნასთან. ამდენად, რეგიონების საზოგადოებრივ-გეოგრაფიული ატლასი კარგი საშუალებაა – თვალი ვადევნოთ, სად უჭირს მეტად მოსახლეობას და როგორია მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დინამიკა.

პროექტში ჩართულნი იყვნენ უფროსი მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი ია იაშვილი, დოქტორანტი დავით ნადირაძე, სტუდენტები: ნუცა ოსაძე, ინა ბოლოთაშვილი და რუსუდან-ეფემია რეხვიაშვილი. „ამ საქმის 90 პროცენტზე მეტი სწორედ სტუდენტებმა გააკეთეს. ვამაყობ, რომ პროექტის ფარგლებში გეოინფორმაციული სისტემების 4 სრულყოფილი სპეციალისტი ჩამოყალიბდა, რაც ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის, დავით სვანაძის დიდი დამსახურებაა“, – ამბობს გიორგი კვინიკაძე.
რუკები მომზადდა თსუ-ს გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიაში (გის). როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი დავით სვანაძე ამბობს, პროექტის ფარგლებში შექმნილია უნიკალურ მონაცემთა ბაზა, რომლის განახლება მომავალში სტუდენტებს არ გაუჭირდებათ: „ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. მშრალი სტატისტიკის ნაცვლად, დაინტერესებულ ადამიანებს მივაწოდეთ ავტომატიზებული ვიზუალური ინფორმაცია, რომ ის ადვილად აღქმადი გახდეს. ჩვენმა ლაბორატორიამ სტუდენტებს აუწყო უნიკალურ მონაცემთა ბაზა, რომელიც შემდეგ წლებში ამავე თემატიკაზე ინფორმაციის განახლების შესაძლებლობას იძლევა. ვიზუალიზაცია ავტომატიზებულია, მიბმულია მონაცემთა ბაზაზე და ცვლილებების დატანა რუკებზე ავტომატურად მოხდება“, – აღნიშნა დავით სვანაძემ.
საქართველოს რეგიონების საზოგადოებრივ-გეოგრაფიული ატლასის ელექტრონული ვერსია მზადაა. მის მიმართ დაინტერესება იმდენად დიდია, რომ პროექტის მონაწილეები ახლა მისი ბეჭდური ვერსიის მომზადებაზე მუშაობენ. ცოტა ხანში საუნივერსიტეტო საზოგადოება ატლასის შესანიშნავ გამოცემას მიიღებს.
