2027 წელს ათენი ქართველოლოგიის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს

თარიღი: 2026-11-03 18:12:48

16-17 ოქტომბერს ათენის ვებსტერის უნივერსიტეტში, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ინიციატივით,  გაიმართა პირველი საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი – „საქართველო და გარე სამყარო საუკუნეთა გასწვრივ“, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების განმტკიცებასა და საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ხელშეწყობას. 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ის პროფესორის, ია ხუბაშვილის ინფორმაციით, სიმპოზიუმში მონაწილეობდა 50-ზე მეტი მეცნიერი და მკვლევარი საქართველოდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

„სიმპოზიუმის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები და დოქტორანტები. ორდღიანი სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა მოხსენებებს საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ეკლესიის ისტორიის, არქეოლოგიის, დიასპორისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მსოფლიო ცივილიზაციის კონტექსტში“,  – აღნიშნა ია ხუბაშვილმა.

მონაწილეებს მიესალმა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სიმპოზიუმის ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც კიდევ ერთ ახალ ნაბიჯს ქართველოლოგიური კვლევების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენის, ქართველ და უცხოელ მკვლევრებს შორის სამეცნიერო დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ია ხუბაშვილის ინფორმაციით, სიმპოზიუმის მასპინძელი იყო ათენის ქართული ინსტიტუტი, რომელიც თავისი არსებობის 30-წლიან ისტორიას ითვლის. სამი ათწლეულის განმავლობაში ინსტიტუტი ეწევა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას და ხელს უწყობს ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას და პოპულარიზაციას. ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოსა და საბერძნეთს შორის აკადემიური და კულტურული ურთიერთობების განვითარება. ქართველოლოგიის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ათენში ამ საქმიანობის მნიშვნელოვან გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს.

„ვამაყობ, რომ მქონდა შესაძლებლობა – ვყოფილიყავი ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო სივრცის ნაწილი და ჩემი წვლილი შემეტანა ქართული კულტურისა და იდენტობის საერთაშორისო წარმოჩენის საქმეში. საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში საკუთარი ქვეყნის, მისი მდიდარი კულტურის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და უნიკალური იდენტობის წარდგენა არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა. ეს არის შესაძლებლობა – მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნო საქართველო თავისი კულტურული მემკვიდრეობით, სულიერი ღირებულებებითა და ისტორიული მეხსიერებით“, – განაცხადა ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ხელმძღვანელმა (2006 წლიდან), ცნობილმა ქართველმა ელინისტმა, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ მიქაბერიძემ.

სიმპოზიუმის მონაწილემ,  ცნობილმა იაპონელმა ქართველოლოგმა  ჰიროტაკე მაედამ  ასე შეაფასა ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება: „მეც ვმონაწილეობდი პირველ საერთაშორისო ქართველოლოგიურ  სიმპოზიუმში, რომელიც ათენში გაიმართა და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, სრულიად ქართული შეგრძნება მქონდა – მოწმე გავხდი  ქართული დიასპორის სიძლიერისა“. 

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ პელოპონესის ნახევარკუნძულზე მოეწყო შემეცნებითი ტური. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ ანტიკური ეპიდავროსის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, დაეთვალიერებინათ ნავპლიოს ისტორიული ქალაქი და კორინთოს არხი.

„ათენში ქართველოლოგიის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართველოლოგიური კვლევების განვითარების გზაზე. 2027 წელს ათენი ქართველოლოგიის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს“, – აღნიშნა ია ხუბაშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn