მალმოს უნივერსიტეტმა ქართველ პროფესორს უმასპინძლა

თარიღი: 2023-01-18 19:25:06

11-17 დეკემბერს შვედეთის ქალაქ მალმოს უნივერსიტეტში საინტერესო პრეზენტაციით წარდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე.

პრეზენტაციის თემა იყო საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებთან და მათ შორის, უკრაინასთან მიმართებით.

„რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. შვედეთის მხარის მიერ ჩემი მიწვევა გამოწვეული იყო  მათი ინტერესით –  რა მდგომარეობაა საქართვლოს შიდა და გარე პოლიტიკაში რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით, რატომ დაიკავა საქართველომ  ბალტიის ქვეყნების, პოლონეთისა და ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებული პოლიტიკა, რატომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს და ა.შ. გარდა პრეზენტაციისა, გვქონდა საინტერესო შეხვედრები მალმოს უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის კვლევის კათედრისა  და ამავე კათედრასთან არსებულ კავკასიის კვლევის პროგრამის თანამშრომლებთან. ჩვენ განვიხილეთ მომავალი ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც“, – თქვა ალექსანდრე კუხიანიძემ  ჩვენთან საუბარში.

მალმოს უნივერსიტეტთან  პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძეს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა ცნობილმა კავკასიოლოგმა, ბასკოლოგმა და  ქართველოლოგმა რევაზ ჭანტურიამ და მისმა მეუღლემ პროფესორმა კარინა ვამლინგმა გახსნეს კავკასიის კვლევის პროგრამა, რომელიც დღეს გლობალური პოლიტიკის კვლევის კათედრაზე არსებობს და რომელშიც ჩართულნი არიან სკანდინავიის ქვეყნებისა და კავკასიის რეგიონის პოლიტოლოგები, სოციოლოგები საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები, ლინგვისტები, კონფლიქტოლოგები. პროგრამა ითვალისწინებს როგორც სასწავლო, ასევე კვლევით კომპონენტებს. სწორედ ამ პროგრამაში 2011 წლიდან ჩაერთო პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე, რომელიც მუშაობდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების საკითხებზე, 2002 წლიდან დღემდე კი იკვლევს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, უსაფრთხოებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებს.

დღეისათვის ის ხშირად ატარებს ვორქშოპებს, სემინარებს, კითხულობს ლექციებს, რომელიც შეეხება კონფლიქტებსა და კონფლიქტების მოგვარებას კავკასიის რეგიონში; პოსტ–საბჭოთა განვითარებას, ასევე სახელმწიფო და ნაციონალური მშენებლობის საკითხებს კავკასიის რეგიონში. 2013 წელს იგი იყო მალმოს  ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი, ხოლო  2015 წლიდან  – Erasmus Mundus EMBER-ის პროგრამის მიწვეული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს ერთობლივი პუბლიკაციები მალმოს უნივერსიტეტის და სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან ერთად.

Facebook
Twitter
LinkedIn