არჩილ წივილაშვილისთვის ყველაფერი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული საუნივერსიტეტო რეიტინგით დაიწყო

თარიღი: 2023-06-21 17:07:43

„უნივერსიტეტების რანჟირებები და უმაღლესი განათლების ხარისხის მექანიზმები საქართველოში“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა არჩილ წივილაშვილმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – ახალგაზრდები და მათი გამოწვევები საქართველოში).

რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად?  – არჩილ წივილაშვილი, რომლის მეწყვილეც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების II კურსის სტუდენტი მაგდა სარჯველაძე გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: -,,ყველაფერი, დაახლოებით, თვეზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნებული საუნივერსიტეტო რეიტინგით დაიწყო, სადაც კავკასიის რეგიონში პირველ ადგილს საქართველო იკავებდა, უფრო კონკრეტულად კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თავისთავად, უკვე ეს საკითხი დაინტერესებას იწვევს, თუმცა, გარდამტეხი მომენტი ის იყო, როცა შევადარეთ – თუ რა ხდებოდა მაშინ, როცა უკვე ევროპის მასშტაბებზე გავიდოდით. ანუ: მაგალითისთვის, კავკასიის პირველი უნივერსიტეტი (თსუ) ევროპის მასშტაბით 6036 უნივერსიტეტს შორის 560-ე ადგილს იკავებს, ხოლო კავკასიის მეორე უნივერსიტეტი (სტუ) კი – 652-ე ადგილზეა, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა როგორც უნივერსიტეტებს, ისე რეგიონულ რეიტინგებს შორის. რაც შეეხება პროცესს, რამდენიმე ეტაპს გავდივართ:

ჯერ მე და მაგდა ვთანხმდებით, რომ ნამდვილად იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა; შემდეგ ვუთანხმდებით სამეცნიერო ხელმძღვანელს, რომელიც, დამიჯერეთ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კვლევა მართლა ხარისხიანი გამოვიდეს და შემდეგ უკვე ვიწყებთ საკითხის დამუშავებას – იქნება ეს მასალის მოძიება, აბსტრაქტი, დოკუმენტების ანალიზი, ინტერვიუები, პრეზენტაციის ვიზუალური მხარე თუ სხვა“, – ამბობს არჩილ წივილაშვილი.

ახალგაზრდების კვლევას ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზანი და ამოცანა. მიზანს წარმოადგენდა იმის გაგება – თუ რამდენადაა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი მსოფლიოში 5 ყველაზე ცნობილ საუნივერსიტეტო რანჟირების სისტემასთან შესაბამისობაში, ხოლო ამოცანა გახლდათ – მკვლევრებს შეედარებინათ რანჟირების სისტემები საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის სტანდარტებს.

,,საკვლევი პროცესის შედეგად, ჩვენ, დასკვნის სახით, 4 ძირითადი აზრი გამოვყავით:

1) ინფორმაციის ნაკლებობა იმ განსხვავებების შესახებ, რომლებიც ქართულ და საერთაშორისო უმაღლესი განათლების ხარისხის მექანიზმების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს შორისაა, ქმნის გადამეტებულ წარმოდგენებს;

2) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშზე საჯარო ხელმიუწვდომლობა ზრდის რისკებს;

3) დეკლარირებული და პრაქტიკაში გატარებული ცვალებადი პოლიტიკის შედეგად, უმაღლესი განათლების ხარისხის მექანიზმები საქართველოში არამდგრადია;

4) უმაღლესი განათლების ხარისხის მექანიზმების, უსდ-ს ავტორიზაციის სტანდარტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების არასრულყოფილი მონიტორინგი ხელს უშლის საერთაშორისო ნორმებთან დაახლოებას“, – ასეთი გახლავთ ახალგაზრდა მკვლევრების მიერ გამოტანილი დასკვნები, რაც არჩილ წივილაშვილმა თავის მეწყვილესთან ერთად გააცნო აუდიტორიას და რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 

                                                       ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • მთავარი არის სურვილი და ინტერესი, როცა პოლიტიკა, პოლიტიკური პროცესები, იდეოლოგიები, ხედვები, ისტორიული განვითარების პროცესები და სხვა მსგავსი საკითხები გაინტერესებს და ,,სოც-პოლზე“ სწავლობ, ესე იგი, იქ ხარ, სადაც უნდა იყო. შესაბამისად, მეც ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა და მინდა, რომ ვიყო.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • უნივერსიტეტი აკადემიურ ცოდნასთან ერთად ბევრ სხვა გამოცდილებასაც გაძლევს, რომელსაც სწავლის პერიოდში იძენ – იქნება ეს სოციალური კაპიტალი, სამეგობრო წრე, აკადემიური საზოგადოების გაცნობა/დაახლოება თუ სხვა. არ ვიცი, კონკრეტული პასუხი რა უნდა იყოს კითხვაზე – თუ რა ცოდნას მაძლევს უნივერსიტეტი, მაგრამ, ალბათ, საკუთარი რესურსის ათვისების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. შესაძლოა, უნდა შევადარო საკუთარი თავი 2 წლის წინ და ახლა, თუმცა საბოლოო პასუხი, ალბათ, დარჩენილი 2 კურსის დასრულების შემდეგ მეცოდინება.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • ალბათ, უფრო მეტად გამოვყოფდი სწავლების მეთოდოლოგიას. ვიცი, რომ ეს პრობლემა უფრო ინდივიდუალურ შრეებს ეხება და ლექტორთა აკადემიური თავისუფლება ხელშეუხებელია, თუმცა, რეალობა ეგაა – სკოლაში არ ვართ, გაკვეთილებს არ უნდა ვსწავლობდეთ და არ უნდა ვიზეპირებდეთ, რასაც, სამწუხაროდ, დღემდე შეხვდებით რიგ საგნებზე და ეს არ ეხება მხოლოდ ,,სოც- პოლს“, საუბარი მაქვს სხვა ფაკულტეტებზეც.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • რაც უნივერსიტეტს უკავშირდება არის ის, რომ – მინიმუმ, ჩვენი ფაკულტეტი ფიზიკის ინსტიტუტში აღარ ,,გადასვან“. იქ სტუდენტი, უბრალოდ, ვერ იაზრებს, რომ უნივერსიტეტშია, რადგანაც გარემო, მიუხედავად ახლად შეღებელი კედლებისა, ყველამ ვიცით, რომ შეუსაბამოა და არანაირად არ ჯდება საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.ხოლო რაც შეეხება სტუდენტობას, კონკრეტულად – არ ვიცი, მაგრამ მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ ის თაობა, რომელიც მართლა გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს და დაუსრულებელი ,,30 +“ წლიანი წრიდან ამ ქვეყანას გამოიყვანს, რისი დიდი პოტენციალიც სწორედაც რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზეა!
Facebook
Twitter
LinkedIn