მისთვის გადადებული საქმე არ არსებობს – ვინ არის მესამე კორპუსის მამასახლისი?
უნივერსიტეტი არც მარტო სტუდენტია და არც მარტო პროფესორი. უნივერსიტეტი ყველა ის ადამიანია, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს აქ, ამ კედლებში ატარებს და მასზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ ოჯახსა და სახლზე.
ისიც უნივერსიტეტელია, მიუხედავად იმისა, რომ განათლება სულ სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მიიღო და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ ეტაპზეც სხვა სპეციალობის პერსპექტივიდან ხედავდა საკუთარ მომავალს. მიუხედავად ამისა, დღეს თსუ-ს მესამე კორპუსს ვერ წარმოიდგენთ ამ ადამიანის გარეშე.
არჩილ ბერიაზე გიყვებით – ადმინისტრატორზე, რომელიც ხან სანტექნიკოსია, ხან ელექტრიკოსი და ხანაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.
მასთან ერთხელ თუ მაინც გქონიათ შეხება, მიხვდებით, როგორია შინაგანი ინტელექტისა და სიკეთის მატარებელი ადამიანი – მუდამ მოწესრიგებული, დახმარებისთვის მუდამ მზად მყოფი, კულტურული, გაწონასწორებული, ისეთი, როგორიც უნდა იყოს უნივერსიტეტელი.
დაბადების ადგილად მარტვილის (ყოფილი გეგეჭკორის) სოფელი სერგიეთია მითითებული. ალბათ იმ გარემომ, რომელშიც მოუწია ცხოვრებამ, გადააწყვეტინა, რომ სწორედ სოფელს და საკუთარ რაიონს დახმარებოდა. ამიტომაც ჩააბარა ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში და ექიმი ვეტერინარის დიპლომიც აიღო. მანამდე იმუშავა სოფელში და ემსახურა საკუთარ კუთხეს, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდა, რომ ოჯახს სხვა გამოსავალი უნდა ენახა შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, მომავლისთვის… ასე მოვიდა 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ დაცვის თანამშრომლად, მერე კი – მესამე კორპუსის ადმინისტრატორად.
ახლა ის სრულად უნივერსიტეტელად გრძნობს თავს. უყვარს ეს კედლები და უფრთხილდება ყველაფერს, რაც უნივერსიტეტთან ასოცირდება. „უნივერსიტეტთან სტუდენტობიდანვე ვურთიერთობ. აქ ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდნენ ჩემი მეგობრები და ბევრ ღონისძიებას დავსწრებივარ. ეს უნივერსიტეტი მარტო ჩემი კი არა, მთელი საქართველოს სიამაყეა და მეც ასე ვუყურებ – როგორც სიმბოლოს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ღირსებისა!“ – გვეუბნება ბატონი არჩილი და იხსენებს, რომ მას შემდეგაც კი, რაც უნივერსიტეტი ჩაიკეტა და პანდემიის პერიოდში, ფაქტობრივად, აქ არავინ მოძრაობდა, ის მაინც მოდიოდა და იცავდა კორპუსს, რომ რამე არ დაზიანებულიყო.
მისთვის გადადებული საქმე არ არსებობს. თანამშრომლების და სტუდენტების თხოვნას მყისიერად ეხმაურება და დახმარების სათხოვნელად გაშვებულ ზარს ყოველთვის მოჰყვება ბატონი არჩილი, რომელიც საკუთარი ხელით შეაკეთებს დაზიანებულ ტექნიკას, ბოლომდე დაადგება თავზე საქმეს, რომ სამუშაო პროცესს ხელი არ შეეშალოს.
კითხვაზე – როგორი ახალგაზრდობა მოდის, ბატონი არჩილი ღიმილით გვპასუხობს: „განსხვავებულად კარგები არიან. ისე უფრთხილდებიან კედლებსაც კი, ხანდახან მიკვირს, სად გაქრა ის ხალხი, ნაკაწრებს რომ ტოვებდნენ მერხებსა და კარებებზე. მინდა, წარმატებები ვუსურვო სტუდენტებს და უნივერსიტეტს. ქვეყნის მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული ამ თაობაზე და ამიტომაც იმედით ვუყურებ ყველა წიგნიერ და ნიჭიერ ახალგაზრდას!“
ხვალ, შესაძლოა, მისი შვილიშვილი, პატარა ანასტასიაც ამ დერეფნებში მიმავალ გოგო-ბიჭებს შეერიოს და ბაბუას ოცნებები აასრულოს. მანამდე კი, როგორც ჭეშმარიტი უნივერსიტეტელი, არჩილ ბერია მას და მომავალ თაობას უნივერსიტეტს შეუნახავს.