ფართო გამოყენების დიდი არაბულ-ქართული ლექსიკონი შეიქმნა
6-7 ოქტომბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ალ-რიადში გაიმართა მეფე სალმანის არაბული ენის აკადემიის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბული ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტმა, ლადო ზირაქაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის თემა იყო ,,მსოფლიო არაბული ლექსიკოგრაფია: გამოცდილება, ძალისხმევა და პერსპექტივები“, რომელიც ითვალისწინებდა არაბულ ლექსიკოგრაფიაში მიმდინარე პროექტების წარმოჩენასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენელი ლადო ზირაქაშვილი საინტერესო მოხსენებით წარსდგა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეცნიერი მეშვიდე წელია მუშაობს დიდ არაბულ-ქართულ ლექსიკონზე. კონფერენციაზე მან წარადგინა მოხსენება დიდი არაბულ-ქართული ლექსიკონის სტრუქტურისა და ლექსიკოგრაფიული პრინციპების შესახებ.
ალ-რიადში გამართული კონფერენციის შესახებ გვესაუბრება დოქტორანტი ლადო ზირაქაშვილი: „ლექსიკოგრაფია ენათმეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგია. განსაკუთრებით ეს ეხება თარგმნით ლექსიკოგრაფიას. ნებისმიერი ორი ენის მნიშვნელობათა ურთიერთმიმართება უნიკალურია და ამისი წერილობითი გაფორმება, ანუ თარგმნითი ლექსიკონი, ორ ენას შორის არსებული უნიკალური სემანტიკურ-გრამატიკული მიმართებების შესაბამისად უნდა აიგოს. სწორედ ამგვარი ნიუანსების გათვალისწინებით შეიქმნა და წლების განმავლობაში დაიხვეწა დიდი არაბულ-ქართული ლექსიკონის სტრუქტურა და ის ლექსიკოგრაფიული პრინციპები, რომლის შესახებაც კონფერენციაზე ვისაუბრე. მოხსენებისთვის მომზადებულ სტატიაში განხილულია არაბულ-ქართული ლექსიკონები. არაბულ-ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორია, რა თქმა უნდა, დიდი არაბულ-ქართული ლექსიკონით არ იწყება. ამ ლექსიკონს წინარე ისტორიაც აქვს: 1951 წელს გიორგი წერეთლის ავტორობით გამოცემული პირველი არაბულ-ქართული ლექსიკონით საფუძველი ჩაეყარა არაბულ-ქართულ ლექსიკოგრაფიას. მას შემდეგ, 2005-2007 წლებში, ნუნუ ბეროზაშვილის ავტორობით გამოიცა ორი მნიშვნელოვანი ლექსიკონი: ქართულ-არაბული დიპლომატიური ლექსიკონი და არაბულ-ქართული პოლიტიკურ-დიპლომატიური ლექსიკონი. შემდგომ კი, 2011 წელს, დაიბეჭდა მაია ანდრონიკაშვილის, ნინო ანთიძე-კახიანისა და დარეჯან გარდავაძის მიერ შედგენილი არაბულ-ქართული ლექსიკონი თანამედროვე არაბული ენის სასწავლო სახელმძღვანელოსთვის. თითოეული ეს ლექსიკონი უდიდესი მნიშვნელობისაა ქართულ არაბისტიკაში. მათ მყარი ნიადაგი მოუმზადეს ფართო გამოყენების დიდი არაბულ-ქართული ლექსიკონის შექმნას, რომელიც დაინტერესებულ სტუდენტსა თუ მკვლევარს შესაძლებლობას მისცემს – სრულყოფილი აკადემიური ინფორმაცია მიიღოს არაბულ ლექსემათა მნიშვნელობების შესახებ“, – აღნიშნა ლადო ზირაქაშვილმა.
კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებაში მოკლე შესავლის სახით გადმოცემული არაბულ-ქართული ენობრივი და ისტორიული ურთიერთობები საინტერესო აღმოჩნდა მსმენელისთვის.
აღსანიშნავია, რომ არაბულ-ქართული ლექსიკონის რედაქტირების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ლადო ზირაქაშვილის ინფორმაციით, წიგნად გამოცემის შემდგომ იგეგმება დიდი არაბულ-ქართული ლექსიკონის საიტისა და მობილური აპლიკაციის შექმნა, რაც ახალი ეტაპი იქნება არაბულ-ქართულ ლექსიკოგრაფიაში.
