თსუ-ს არაბისტი სტუდენტების დებატების კლუბის წარმატებები
მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე არაბულენოვანი დებატების რიგით მეორე ჩემპიონატში, რომელსაც წელს იბნ ხალდუნის უნივერსიტეტი მასპინძლობდა ქ. სტამბოლში.
თსუ-ს გუნდმა (გუნდის წევრები: არჩილ ცარახბაია, სალომე ელბაქიძე, სანდრო ათოშვილი, ქეთევან ხარებავა) AFL კატეგორიაში (მოდებატეები, რომელთათვისაც არაბული მშობლიური ენა არ არის) მესამე ადგილი დაიკავა.
ინდივიდუალური შედეგებით, AFL კატეგორიის საუკეთესო მოდებატეთა ათეულში მოხვდა გუნდის ორი წევრი – არჩილ ცარახბაია (მე-5 ადგილი) და სანდრო ათოშვილი (მე-7 ადგილი).
გუნდმა AFL კატეგორიის გარდა შეძლო არაბი მოდებატეებით წარმოდგენილი გლაზგოს სტრათკლაიდისა და ვენის უნივერსიტეტების გუნდების დამარცხება.


* * *
„ეს წარმატება უცებ არ მოსულა, მას თავისი რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბულენოვანი დებატების ცენტრი, 2021 წელს, კატარის დებატების ცენტრის პროგრამის – „დებატების ელიტარული აკადემია“ – ფარგლებში დაფუძნდა და მიზნად დაისახა არაბისტიკის პროგრამის სტუდენტებს შორის დებატების ხელოვნების პოპულარიზაცია, ასევე – მათი მომზადება უშუალოდ კატარის დებატების ცენტრის მიერ ორგანიზებულ არაბულენოვანი დებატების საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად“, – ამბობს აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი დარეჯან გარდავაძე. მისივე ინფორმაციით, 2021-2025 წლების პერიოდში თსუ-ს არაბისტ სტუდენტთა გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ ჩემპიონატებში: 1) არაბულენოვანი დებატების საერთაშორისო ჩემპიონატი, სტამბოლი, 2022 წ. (გუნდის წევრები: მიხეილ გვაძაბია, გიგა გიგაური, არჩილ ცარახბაია); 2) არაბულენოვანი დებატების ევროპის ლიგა, ონლაინ, 2023 წ. (პირველი გუნდის წევრები: მიხეილ გვაძაბია, არჩილ ცარახბაია, გიორგი გოგოხია. მეორე გუნდის წევრები: გიგა გიგაური, რატი რამიშვილი, ომარ ჯაშიაშვილი. იმ წელს მიხეილ გვაძაბია საუკეთესო მოდებატე გახდა დებატების საერთაშორისო ჩემპიონატის იმ მონაწილეთა შორის, რომელთათვისაც არაბული მშობლიური ენა არ არის); 3) არაბულენოვანი დებატების საერთაშორისო ჩემპიონატი, დოჰა, 2024 წ. (გუნდის წევრები: არჩილ ცარახბაია, გიორგი გოგოხია, რატი რამიშვილი, ომარ ჯაშიაშვილი); 4) ევროპის უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე არაბულენოვანი დებატების რიგით მეორე ჩემპიონატი, სტამბოლი, 2025 წ. (გუნდის წევრები: არჩილ ცარახბაია, სალომე ელბაქიძე, სანდრო ათოშვილი, ქეთევან ხარებავა).

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია არაბისტი დოქტორანტის ლედი ჯალაღონიას მიერ გაწეული დიდი ძალისხმევა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა დებატების საერთაშორისო ჩემპიონატებისთვის მომზადებაში. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაბისტ სტუდენტთა დებატების კლუბი არ წყვეტს მუშაობას – გარკვეული პერიოდულობით იკრიბებიან, მართავენ იმიტირებულ სხდომებს, ეუფლებიან დებატების ხელოვნებას, იუმჯობესებენ სასპეციალიზაციო არაბული ენის საკომუნიკაციო უნარებს… უფროსები და გამოცდილები ეხმარებიან დამწყებ სტუდენტებს, მოტივაციას უმაღლებენ, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. ლედისაც და დებატების კლუბის ყველა წევრს სჯერა, რომ მთავარი წარმატება – არაბულენოვანი დებატების ჩემპიონატის პირველი ადგილი წინაა და ეს გამარჯვება არც ისე შორსაა!“, – აღნიშნავს დარეჯან გარდავაძე.
