თსუ-ს არაბისტი სტუდენტები არაბულ ქვეყნებში

თარიღი: 2024-09-26 18:04:08

მიმდინარე სასწავლო წელს ეგვიპტეში, კაიროს უნივერსიტეტში, რვათვიანი  პროგრამის ფარგლებში თსუ-ს არაბისტიკის მიმართულების ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კაიროს უნივერსიტეტში გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა. პროგრამას ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრო აფინანსებს. ოთარ სამუშია, ნატალი ცისკარაული, მარიამ მახარაშვილი, თინათინ ნასყიდაშვილი, მარიამ ფურცელაძე და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მოდულის მაგისტრანტი ხათუნა ჭელიძე ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდნენ კაიროში.

თსუ-ს პროფესორის დარეჯან გარდავაძის ინფორმაციით,  ეგვიპტეში ენობრივი პრაქტიკის გავლა იმ სტუდენტებსაც შეუძლიათ, რომელთაც სტიპენდია ვერ მოიპოვეს, მაგრამ საკუთარი ხარჯებით სურთ იქ სწავლის გაგრძელება. ამიტომ, ეგვიპტეში წამსვლელ სტუდენტთა რაოდენობა, სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით, ყოველთვის მეტია. მაგალითად, გასული და წლევანდელი წლის მონაცემები რომ ავიღოთ, ეს რიცხვი 20-ს აღემატება.

როგორც დარეჯან გარდავაძე ამბობს, ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა უკვე მიიღო თსუ-ს სამი არაბისტი სტუდენტი: სანდრო ათოშვილი, ლორენა ალასანია და ანი არაბაშვილი. მათ ქუვეითის განათლების სამინისტროს მიერ ქართველი აღმოსავლეთმცოდნე სტუდენტებისთვის გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიებით ქუვეითში ერთწლიანი სწავლის ბედნიერება ხვდათ წილად. შარშანაც სამი არაბისტი სტუდენტი: რატი რამიშვილი, ომარ ჯაშიაშვილი და მარიამ ჯერანაშვილი ეუფლებოდა იქ არაბულს. ისინი დიდი ხანი არაა, რაც დაუბრუნდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ქუვეითში მიღებულ ცოდნას უკვე აქ, საკუთარ პროგრამაზე წარმოაჩენენ.

კატარის უნივერსიტეტის ენების ცენტრი ტრადიციულად ერთ თსუ-ს არაბისტ სტუდენტს მასპინძლობს ყოველწლიურად. მარიამ ომსარაშვილი უკვე შეუდგა სწავლას კატარში; იქიდან ახლადდაბრუნებული გიორგი გოგოხია კი ჯერაც კატარული შთაბეჭდილებების ქვეშაა და ქართულ სინამდვილეს ნელ-ნელა უბრუნდება. კაიროს, ქუვეითის, კატარის უნივერსიტეტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრადიციული პარტნიორები არიან და მათთან თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდება.

დარეჯან გარდავაძის თქმით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თსუ-ს არაბისტი სტუდენტებისთვის გახსნილი ახალი არაბული ქვეყანა – საუდის არაბეთის სამეფო…

საუდის არაბეთის სამეფოს არაბული ენის საერთაშორისო აკადემია 2020 წლის სექტემბერში დაარსდა ქ. რიადში ამ ქვეყნის კულტურის სამინისტროს ეგიდით. მიუხედავად არცთუ ხანგრძლივი ისტორიისა, ამ აკადემიის სახელს უკვე ბევრი სიახლე და საინტერესო ინიციატივაა უკავშირდება. საუდის არაბეთის სამეფოს მეფე სალმანის არაბული ენის აკადემია, რომელსაც ქვეყნის მონარქი უჭერს მხარს და აფინანსებს, გეგმავს ქვეყნის ენობრივ პოლიტიკას და ახორციელებს ბევრ სხვადასხვა აქტივობას არაბული ენის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ამაღლების ეროვნული სტრატეგიის  ფარგლებში.

საუდის არაბეთის სამეფოს არაბული ენის აკადემიასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავშირები 2023 წლის აპრილში, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის პროფესორთა გაცნობითი ვიზიტით დაიწყო (პროფ. დარეჯან გარდავაძე; პროფ. ნანი გელოვანი; თსუ ენების შემსწავლელი ცენტრის არაბული ენის მასწავლებელი ნინო სურმავა). ამ ვიზიტმა საუდის არაბეთის სამეფოს არაბული ენის აკადემიასთან კავშირში მყოფი აკადემიური წრეების საქმიანობასა და ქვეყნის დღითიდღე მზარდ საგანმანათლებლო აკადემიურ პოტენციალზე ნათელი წარმოდგენა შეუქმნა სტუმრებს. მასპინძლებმა მათ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გააცნეს.  ზემოხსენებული არაბული ენის ინტენსიური რვათვიანი კურსი სწორედ ქართველი პროფესორების ვიზიტის დროს იქმნებოდა და ბუნებრივია, მათ მასპინძლებს ქართველი სტუდენტების ჩართვაც სთხოვეს აღნიშნულ პროექტში.

რამდენიმეთვიანი კონკურსის შემდეგ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის 5 სტუდენტი იქნა შერჩეული: მეოთხეკურსელი არჩილ ცარახბაია, რომლისთვისაც ეს უკვე მეორე ასეთი გამოცდილებაა; მესამეკურსელები: ანი ალთუნაშვილი, ჯული მუმლაძე, ანა ბოხაშვილი, თორნიკე შუკაკიძე. ისინი პირველად მოხვდნენ ავთენტურ არაბულ გარემოში და ეს მათთვის დიდი პროფესიული გამოცდილებისა და გამოწვევების წელი იყო.

„სასიხარულოა, რომ საუდური გამოცდილება გაგრძელდა და დიდი იმედი გვაქვს, ტრადიციად იქცევა თსუ-ს არაბისტი სტუდენტებისთვის. ახალი ნაკადი (უკვე 6 ქართველი სტუდენტი: გიორგი წყაროზია, დავით წიკლაური, გიორგი კევლიშვილი, ელენე ტოლმასოვა, რუსუდან ლორთქიფანიძე, ფატიმა მარგოშვილი) რამდენიმე დღეა, რაც რიადში ჩავიდნენ და სწავლას შეუდგნენ არაბული ენის საერთაშორისო აკადემიაში. მათაც წინ გამოწვევებითა და შთაბეჭდილებებით სავსე 8 თვე ელით. გვახარებს ჩვენი სტუდენტების წარმატება და ის ფაქტი, რომ თსუ-ს არაბისტი სტუდენტების საკმაოდ მრავალფეროვანი ენობრივი პრაქტიკების მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, პირველად ხდება ქართველი არაბისტი სტუდენტების საუდის არაბეთის სამეფოში არაბული ენის პროგრამით გაგზავნა. ენობრივი სტაჟირების ჩვენს ტრადიციულ ქვეყნებს (ეგვიპტე, ქუვეითი, კატარი, მაროკო…) ახლა უკვე საუდის არაბეთიც შეემატა.  ექვსივე სტუდენტს ვუსურვებთ ნაყოფიერ 8 თვესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის სათანადოდ წარმოჩენას! ამდენად, მიმდინარე სასწავლო წელი თსუ არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. 2024-2025  წელს ოთხ არაბულ ქვეყანაში (ეგვიპტე, კატარი, ქუვეითი, საუდის არაბეთი) ჯამში ოცამდე სტუდენტი გაივლის ენობრივ პრაქტიკას“,  – ამბობს დარეჯან გარდავაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn