კვლევა შუა საუკუნეებში ათონის მთის სამონასტრო კომპლექსების ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით
2020-2024 წლებში გერმანელი პროფესორის ზაქარი ჩიტვუდის ხელმძღვანელობით, შუა საუკუნეებში ათონის მთის სამონასტრო კომპლექსების ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, განხორციელდა ფუნდამენტური კვლევა. პროექტის ხელმძღვანელმა ზაქარი ჩიტვუდმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელ აპოლონ თაბუაშვილს კვლევის პროცესში თანამშრომლობა შესთავაზა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, აპოლონ თაბუაშვილმა, თსუ-ს დოქტორანტთან და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელ ვლადიმერ კეკლიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო 2020 წლის 17-19 ივნისს იოჰან გუტენბერგის მაინცის უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში – “Medieval Mount Athos between Wealth and Poverty”, თემით: “Dynamics of Donations to the Monastery of Iviron in Mount Athos and Its Economic Analysis (According to the Synodicon of Iviron Monastery)”.
საბოლოოდ, განხორციელებული კვლევის ფარგლებში მომზადდა კრებული – Medieval Mount Athos between Wealth and Poverty, რომელიც 2024 წლის ბოლოს გამოიცა მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და ავტორიტეტული გამომცემლობა ბრილის მიერ სერიით: The Medieval Mediterranean, Volume: 142.
კრებულში წარმოდგენილია ქართველი ავტორების ვრცელი სტატია, რომელშიც დეტალურად განხილულია სააღაპე წიგნის მიხედვით X-XV საუკუნეებში ათონის ივერთა მონასტრის შეწირულობის დინამიკა და მოცემულია მისი ეკონომიკური ანალიზი (Apolon Tabuashvili and Vladimer Kekelia. The Dynamics of Donations to Iviron Monastery on Mount Athos (According to the Book of Commemorations [Agapes]). Medieval Mount Athos between Wealth and Poverty. Series: The Medieval Mediterranean, Volume: 142. Volume Editor: Zachary Chitwood. leiden | boston. BRILL, pp. 171-194.
როგორც ცნობილია, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი ანუ სინოდიკონი ათონზე გადაწერილი ხელნაწერის – „ათონის კრებულის“ შემადგენელი ნაწილია. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი მნიშვნელოვანი წყაროა როგორც ბიზანტიის, ისე საქართველოს ეკონომიკური ისტორიის სხვადასხვა საკითხის შესასწავლად.
სააღაპე წიგნში სულ თავმოყრილია 167 აღაპი, რომელთა ძირითადი ნაწილი – 164 აღაპი XI-XII საუკუნეებში განწესდა. 3 აღაპი კი გვიან არის ჩამატებული, რომლებიც XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისის შეწირულობებს ეხება. სააღაპე წიგნის მიხედვით შესაძლებელი ხდება ივირონის შეწირულობების დინამიკისა და, ზოგადად, მონასტრის ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა.
სააღაპე წიგნის დეტალური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ X საუკუნის 80-იანი წლებიდან XI საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებამდე, უხვი შეწირულობების მიუხედავად, აღაპებში კონკრეტული მონაცემები მითითებული არ არის. აღნიშნული პრაქტიკა ნაწილობრივ მომდევნო პერიოდში განწესებულ აღაპებზეც ვრცელდება, თუმცა 1054-1056 წლებიდან შეწირულობების მოცულობებსაც ვხვდებით. სააღაპე წიგნის მიხედვით, აღაპის განწესებისათვის მინიმალური შეწირულობა 9-10 ოქროს მონეტას შეადგენდა. იმ აღაპების შინაარსის გათვალისწინებით, რომლებშიც კონკრეტული მონეცემებია დაფიქსირებული, პერიოდების მიხედვით შეწირულობების ოდენობა ასე გამოიყურება:
- 1054-1056 წლებიდან 1074 წლამდე: 2800 დრაჰკანი;
- 1075 წლიდან 1140-იანი წლების დასაწისამდე: 9200-მდე დრაჰკანი და 2250-ზე მეტი პერპერა;
- 1140-იანი წლების შუა ხანებიდან 1170 წლამდე: 1800-მდე პერპერა;
- 1170-1184 წლები: 6700-ზე მეტი პერპერა;
- XV საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი: 20 000 „ოთმანური“;
- XVI საუკუნის დასაწყისი: 25 500 „ოთმანური“;
დაახლოებით 130 წლის განმავლობაში, 1050-იანი წლების შუა ხანებიდან 1180-იანი წლების შუა ხანებამდე, ათონის ქართველთა მონასტერმა ფულისა თუ სხვადასხვა სახის ქონების შეწირულობის სახით ჯამურად 23 000-მდე მაღალი სინჯის ოქროს მონეტა მიიღო, რაც თანამედროვე მეტრული სისტემით 100 კილოგრამ მაღალი სინჯის ოქროს აჭარბებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ათეულობით აღაპში (მათ შორის მონასტრის დამაარსებელის იოანე თორნიკყოფილის აღაპში) ევლოგიის ოდენობა დაფიქსირებული არ არის, X საუკუნის 80-იანი წლებიდან XII საუკუნის 80-იან წლებამდე რეალური შეწირულობა სულ მცირე დასახელებულ თანხაზე ორჯერ მეტი იქნებოდა. შეწირულობის უდიდესი ნაწილი ან საქართველოდან ხორციელდებოდა, ან ბიზანტიაში მოღვაწე ქართველებს უკავშირდებოდა. შეწირულობების შეწყვეტის ფონზე XIV-XV საუკუნეში მონასტრის მდგომარება უკიდურესად გაუარესდა, თუმცა იმავე საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში სამცხის მთავრების მიერ გაცემული უპრეცედენტოდ დიდი თანხა მონასტერის მდგომარეობას აშკარად გააუმჯობესებდა. აღნიშნული თანხა საკმარისი იქნებოდა როგორც დავალიანებების გასასტუმრებლად, ისე ეკლესიების გასაახლებლად, საეკლესიო ნივთების შესაძენად და გარკვეული დროის განმავლობაში ნორმალური სამონასტრო ცხოვრებისათვის.
