,,ყველაზე მეტად აქ ევროკავშირის სამართალი მომწონს“ – რას ჰყვება სტუდენტი ანა ღურწკაია
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი ანა ღურწკაია ამჟამად რუმინეთში სწავლობს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ერთსემესტრიან გამოცდილებას ის იღებს ქალაქ იაშში, ალექსანდრე კუზას უნივერსიტეტში – რუმინეთში დაარსებულ პირველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
,,საზღვარგარეთ სწავლა დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ქალაქში მხოლოდ მე ვარ ქართველი, ორმაგი პასუხისმგებლობაა ჩემი ქვეყნის წარდგენა რუმინეთში”, – ამბობს ანა. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ სისტემა სტუდენტებზე მორგებულია და პროფესორებიც მუდამ ხელს უწყობენ. მისი თქმით, ლექციებზე სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს გამოცდილებას და მაგალითებს განიხილავენ, რაც სწავლას უფრო პროდუქტიულს ხდის.
სტუდენტს იმ დამატებით აქტივობებზეც ვკითხეთ, რომელშიც უნივერსიტეტს გარეთაა ჩართული.
,,Erasmus Students Network-ის აქტივობები უფრო სახალისოს და მრავალფეროვანს ხდის ამ ქალაქში სწავლას. მე საკმაოდ აქტიურად ვერთვები მათ პროექტებში, რადგან ეს ყოველივე მეხმარება აქ ადაპტაციასა და ჩემი შესაძლებლობების უკეთ დანახვაში”, – გვიპასუხა ანამ.
მთელი სემესტრის განმავლობაში ანა 5 სასწავლო კურსს გადის: საფინანსო სამართალი, ევროკავშირის სამართალი, კრიმინოლოგია, სავაჭრო სამართალი, ასევე საკონსტიტუციო სამართალი და პოლიტიკური ინსტიტუტები. როგორც სტუდენტი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს საგნები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულებია და იმ მიზნით აირჩია, რომ გადაწყვიტოს კარიერულად სამართლის რომელ მიმართულებას გაჰყვეს მომავალში. ამ ეტაპზე მისთვის რჩეულ საგანზეც გვიამბო: ,,ყველაზე მეტად აქ ევროკავშირის სამართალი მომწონს. არც თუ ისე მარტივი შინაარსის მქონე საგანი საკმაოდ დიდ ცოდნას მაძლევს ევროკავშირის სისტემასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტად მიღრმავებს სურვილს – უკეთ შევისწავლო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ქეისები, ევროკავშირის დირექტივების გავლენები ქვეყნებზე და ევროპარლამენტის მუშაობის მექანიზმები”.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” ინტერვიუში ანამ ხაზი გაუსვა, რომ გაცვლითი სემესტრის განმავლობაში მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება ახლად შეძენილმა მეგობრებმა დატოვეს. მათთან ერთად მონაწილეობს მრავალფეროვან ,,ეროვნულ საღამოებში“ და ქართულ კულტურას თანატოლებს აცნობს: ,,გაცვლითი პროგრამა, გარდა სწავლებისა, კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში ეხმარება სტუდენტს – შეიძინოს ძალიან ბევრი მეგობარი. ESN-ის გუნდი ხშირად აწყობს სოციალურ საღამოებს და ზრუნავს იმაზე, რომ დაგვაახლოვოს ერთმანეთთან… შესაბამისად, ყველა აქტივობა მიმართულია ერთმანეთის უკეთ გაცნობისკენ. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამ ქალაქიდან წავიღებ, ამ ადამიანების სიყვარულია”.
დაბოლოს, სტუდენტს ვკითხეთ – თუ რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო საზღვარგარეთ სწავლისას… მან კი ასე გვიპასუხა: ,,ძალიან ბევრი რამ მასწავლა გაცვლითმა პროგრამამ: პირველ რიგში – დამოუკიდებლად ცხოვრება, საკუთარ თავზე ზრუნვა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და ცხოვრებისეული რისკის გაწევა. ვისწავლე, თუ როგორ არ უნდა იმოქმედოს ნეგატიურად ჩემზე იმ გამოწვევებმა, რომელთა გადალახვაც შესაძლებელია, თუკი ზედმეტ ემოციურ ფონს არ შევიქმნი. მგონია, რომ ბევრად გავიზარდე, როგორც ადამიანი; მეტად დავაფასე დრო და ვისწავლე მისი სწორად გამოყენება”.
