ანი თეთრაძე: თსუ არ ჩამოუვარდება ევროპულ უნივერსიტეტებს
ანი თეთრაძისთვის საზღვარგარეთ სწავლა ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო. როგორც გვიყვება, ალბათ მეხუთე კლასშიც არ იყო მაშინ, როდესაც ერთ-ერთ ახლობელზე გაიგო, რომ ლონდონში სწავლობდა. იმ დღიდან ანიმ ჩაიფიქრა, რომ თავადაც წავიდოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად და რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა. ანი თეთრაძემ, რომელიც თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, დიდი შრომისა და ნერვიულობაში თეთრად გათენებული ღამეების ფასად, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
,,ერთი სემესტრი საზღვარგარეთ იყო საუკეთესო გამოცდილება. ეს იყო პიროვნული და კარიერული ზრდის საუკეთესო საშუალება. როდესაც ძალიან შორს ხარ და გარშემო არ გყავს არც მშობლები, არც მეგობრები და არც ახლო ადამიანები, საკუთარი თავის განსხვავებულ ვერსიას იცნობ. უფრო და უფრო მეტს სწავლობ საკუთარ თავზე, მეტად ვითარდები და ხვდები, რომ გადაულახავი და შეუძლებელი არაფერია, მთავარია თვალი გაუსწორო პრობლემებს და სცადო მათი მოგვარება. მოკლედ რომ ვთქვა, ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა პიროვნულ ზრდაში. ამავდროულად, მხვდა წილად ბედნიერება, რომ მესწავლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, მქონოდა შეხება საუკეთესო პროფესორებთან და უფრო მეტი გამეგო ჩემს პროფესიაზე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ისიც, რომ გავეცანი ევროპული განათლების სისტემას და მქონდა შესაძლებლობა შემედარებინა – როგორ ჰგავს და განსხვავდება ჩვენი და მათი ხედვა ფსიქოლოგიისადმი. ალბათ ეს იყო ჩემი ,,ერასმუსული ცხოვრების“ საუკეთესო ასპექტი.
დაბოლოს, ვცადე მეტად გამეცნო საქართველო უცხოელებისთვის, დავუახლოვდი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მეტი გავიგე კულტურების, ტრადიციების და სხვადასხვა ეროვნების შესახებ. ეს ძალიან დამეხმარა, რომ მეტად ტოლერანტული გავმხდარიყავი განსხვავებებისა და, ზოგადად, მრავალფეროვნების მიმართ. ალბათ, ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ყოველთვის ძალიან კარგად მემახსოვრება“, – ამბობს ანი, რომელიც ბელგიაში, ქალაქ გენტში, გენტის უნივერსიტეტში, სწავლობდა.
ანი თეთრაძე უკვე მეოთხე წელია, რაც თსუ-ში სწავლობს. ამბობს, რომ თსუ-მ ძალიან შეცვალა, როგორც პიროვნება და როგორც მოქალაქე. ,,ჩვენს პროფესორებსა და ლექტორებთან ურთიერთობა ყველაზე ღირებული იყო ჩემთვის. ისინი გახდნენ ,,როლური მოდელები“ იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ფსიქოლოგი. თუმცა მათგან არ ვიღებ მხოლოდ თეორიულ ცოდნას, ისინი ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებს გვაზიარებენ, რაც უკეთეს ადამიანებად გვაქცევს. ვფიქრობ, თსუ არის ადგილი, სადაც იღებ ძალიან დიდ თეორიულ ცოდნას, რომელიც ნებისმიერ ადგილას გამოგადგება. მომავალში კვლავ თსუ-ში ვფიქრობ სწავლის გაგრძელებას და ნებისმიერ აბიტურიენტს ამასვე ვურჩევ. მგონია, რომ ამ პროფესიის შესასწავლად თსუ ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია“, – აღნიშნავს ანი.
უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა, განსხვავებული პირობები და სწავლების სხვა მიდგომები იყო – ამის თაობაზე ანი გვიყვება: ,,გენტის უნივერსიტეტში უმეტესად არ გვქონდა ცალკე გამოყოფილი სასემინარო დრო, არ იყო აუცილებელი აქტიურობა და ამაში ქულა არ იწერებოდა. ეს კი სწავლას შედარებით მარტივს ხდიდა. თსუ-ში გვიწევს ყოველკვირეული მომზადება, სემინარებზე აქტიურობა და სხვ. ლექციები გენტის უნივერსიტეტში 3 საათი გრძელდებოდა და, ჩემდა გასაკვირად, არ ჰქონდათ შუალედური გამოცდები – მხოლოდ ფინალურები და ძალიან ბევრი დავალება. მასალა, რომელსაც ვსწავლობდით, უმეტესად უახლეს კვლევებს ეფუძნებოდა და იშვიათად ვსწავლობდით ძველ კვლევებსა თუ თეორიებს, რაც, ცოტა არ იყოს, მაკვირვებდა. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, გენტში სწავლის მერე უფრო დავრწმუნდი, თუ რამხელა ცოდნა წავიღე თსუ-დან. უმეტესად მასალები ნაცნობი იყო და ლექციებზე უამრავი მათგანი გვქონდა განხილული. ეს ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან ვრწმუნდებოდი, რომ თსუ არ ჩამოუვარდებოდა ევროპულ უნივერსიტეტებს, რაც ევროპული საქართველოს ჩამოყალიბების საიმედო ფუნდამენტს იძლევა“.
ერთ-ერთ დიდ პრობლემად, რომლის აღმოფხვრასაც ეცდებოდა, ასახელებს იმას, რაც თსუ-ში პრაქტიკული ცოდნის მიღებასთანაა დაკავშირებული.
,,ჩემს პროფესიაში აუცილებელია, რომ გვქონდეს საკმაო პრაქტიკული გამოცდილებაც და კარგი იქნებოდა, თუ ამის დაგროვებაში უნივერსიტეტი ხელს შეგვიწყობდა. ევროპულ განათლების სისტემაში ამ ასპექტს დიდი ადგილი უკავია, რაც, ვფიქრობ, ლოგიკურია, თუმცა ასეთი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ბევრი რესურსი სჭირდება. ვისურვებდი ამ საკითზე მეტ მუშაობას და სტუდენტების დასაქმებისადმი ხელშეწყობას“, – აღნიშნავს ანი ჩვენთან საუბრისას.
