როგორ აფასებს ანი რაზმაძე პალაცკის უნივერსიტეტში გატარებულ ხუთ თვეს
თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ანი რაზმაძე პალაცკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) სწავლობდა.
,,პალაცკის უნივერსიტეტში გატარებული ხუთი თვე ჩემთვის გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ აკადემიური ეტაპი. საზღვარგარეთ სწავლამ სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა. იქ სწავლამ, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, მომცა უდიდესი პიროვნული გამოცდილება — ვისწავლე დამოუკიდებლობა, უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაცია და განსხვავებული კულტურის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ხელახლა გამეცნო საკუთარი თავი და გამეფართოებინა ჩემი თვალსაწიერი“, – ამბობს ანი.
ანი რაზმაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ემადლიერება და აღნიშნავს, რომ სიღრმისეული თეორიული ცოდნა სწორედ თსუ-ში მიიღო, რაც ძალიან დაეხმარა როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში. განსხვავებულ სწავლების მეთოდზე საუბრისას კი სტუდენტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პალაცკის უნივერსიტეტში თეორიული ცოდნის მიღებას პრაქტიკული გამოცდილებაც ახლდა. ,,სტუდენტებს გვქონდა შესაძლებლობა, ნასწავლი რეალურ სიტუაციებში გამოგვეცადა — გვეკეთებინა პრაქტიკული სავარჯიშოები და უკეთ გაგვერკვია, როგორ შეიძლება მიღებული ცოდნის გამოყენება პროფესიულ საქმიანობაში. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა თსუ-შიც ძალიან საინტერესო იქნებოდა. პრაქტიკაზე მეტად ორიენტირებული საგნები სტუდენტებს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაში, არამედ პროფესიული უნარებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებაშიც დაგვეხმარებოდა“, – აღნიშნავს ანი.
ანი რაზმაძის სამომავლო გეგმები მის პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. ანის სურს კომპეტენტურ ფსიქოლოგად იქცეს და საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თავის საქმიანობაში მაქსიმალურად გამოიყენოს.
