გამორჩეული პირველსემესტრელი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს. შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი ანი ნოზაძე.
ანიმ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება აირჩია. ,,ჩემთვის პრიორიტეტს ხარისხიანი განათლება და განვითარების შესაძლებლობები წარმოადგენს. შესაბამისად, მინდოდა ისეთ უნივერსიტეტში ჩაბარება, რომელსაც კარგად გაწერილი სასწავლო გეგმა და გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ექნებოდა. უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე კარგად ერგებოდა ამ კრიტერიუმებს, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო“, – აღნიშნავს ანი ნოზაძე.
ანის არ გასჭირვებია, როგორც პირველსემესტრელს, უნივერსიტეტში რეგისტრაციების გავლა. იგი კმაყოფილია, რომ კარგად დააკვალიანეს. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კუთხით ნამდვილად გამოსარჩევია. აუცილებლად აღსანიშნავია საორიენტაციო შეხვედრები, რომლებმაც საშუალება მოგვცა ახლოდან გაგვეცნო სტუდენტური ცხოვრება; ასევე დასაფასებელია მაღალკურსელთა აქტიურობა, ისინი პასუხობდნენ ჩვენს ნებისმიერ შეკითხვას და გვაძლევდნენ სასარგებლო რჩევებს“, – ამბობს ანი.
სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებდა, მანამდეც მუდმივად ახლის ძიებაში იყო. ,,სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, მუდმივად ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტიპის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში ქართულ და უცხოურ ენაზე, რომლებშიც, ძირითადად, მე ვიყავი ლიდერი და ბევრი კრეატიული იდეის ავტორი; ეროვნული გამოცდებიც მაღალი ქულებით ჩავაბარე, თუმცა, პირად წარმატებად სწავლის პროცესს უფრო ვთვლი… ბედნიერი ვარ იმით, თუ რამდენად განვვითარდი, ვიპოვე ბალანსი სწავლასა და გართობას შორის, მიყვარს როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული საგნები და ხელოვნების ბევრ ასპექტში გამოვხატავ საკუთარ თავს. პირად წარმატებად ვთვლი იმასაც, რომ ეროვნულ გამოცდებზე ნერვიულობის ფაქტორი არ მქონია. გამოცდისწინა მღელვარება დადებით ტალღად და მოტივაციის წყაროდ ვაქციე, მასალა კი ვისწავლე ისე, რომ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მჯეროდა“, – აღნიშნავს ანი ჩვენთან საუბარში.
ანი ნოზაძეს ბევრი სამომავლო გეგმა აქვს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულება უნდა და ამბობს: ,,მინდა, ვისწავლო, რაც შეიძლება მეტი, ჩემი ცოდნა პროფესიაში გადავიტანო და მომეცეს საშუალება – ახლოდან გავეცნო ბიზნესის სფეროს, ასევე დიდი სურვილი მაქვს გაცვლითი პროგრამით წავიდე უცხოეთში და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცნო“.
