ანი კვესიტაძე სამაგისტრო პროგრამაზე ყველაზე მაღალი ქულით ჩაირიცხა
ანი კვესიტაძეთსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი ენებისა და ცივილიზაციების სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტია. ანი ამბობს, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.
,,თსუ-მ ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამაზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, დამსახურებაა უდიდესი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პროფესორ-მასწავლებლებისა, რომელთაც მომცეს სტიმული და მოტივაცია – მეტად პროდუქტიული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო უნივერსიტეტის კედლებში გატარებული თითოეული დღე“, – ასეთია ანის ემოციები. მასარაერთი საყვარელი ლექტორი ჰყავს, მაგრამ გამოარჩევს ქალბატონ მარიკა მშვილდაძეს და ბატონ ლევან გორდეზიანს, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მიიღო.
სამაგისტრო პროგრამაზე ანი ყველაზე მაღალი ქულით ჩაირიცხა და შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება 3 სემესტრის განმავლობაში მოიპოვა. იგი, ასევე, გახლავთ 2 გზის მერიის სტიპენდიატი. ასეთი ,,პატარა წარმატებებიც“ კი დიდ სტიმულს აძლევს მას, როგორც თავად გვიყვება.
ანი კვესიტაძე ამჟამად სამაგისტრო თემაზე მუშაობს და აღნიშნავს, რომ ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებული ცოდნა ძალიან ადგება.
,,ჩემი საბაკალავრო ნაშრომი შეეხებოდა ეგვიპტის მე-18 დინასტიის, მეტად საინტერესო და, ამავე დროს, ინოვატორი ფარაონის, ეხნატონის რელიგიურ რეფორმას. თავად ნაშრომის სათაური გახლდათ – „ამენხოტეპ IV -ის (ეხნატონი) მიერ გატარებული რელიგიური რეფორმის მიზეზები და თავისებურებები“. რაც შეეხება სამაგისტრო თემას, რომელზეც ახლა ვმუშაობ, გარკვეულწილად, ისიც ეგვიპტეს შეეხება, თუმცა ცოტა სხვა რაკურსით: მისი სათაური გახლავთ – „რომი და აღმოსავლური პროვინციები. რელიგიური ასპექტი (ეგვიპტე)“, – ამბობს ანი.
ანი სამომავლოდ გეგმავს სწავლა გააგრძელოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე და სრულყოს თავისი ცოდნა აღნიშნულ სფეროში.
