რა პრობლემებს აწყდება ანი კოშაძე სწავლის პროცესში

თარიღი: 2025-06-20 17:19:49

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მე-2 კურსის სტუდენტი ანი კოშაძე ამბობს, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი  ღრმა ინტერესი სკოლის პერიოდიდან ჰქონდა, აინტერესებდა ქართული კულტურა, მისი განვითარების გზები და  ამიტომაც, ცოდნის გასაღრმავებლად,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია.  

„უნივერსიტეტში ცოდნის მიღების პარალელურად უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და მეგობრები შევიძინე. რა თქმა უნდა, ჩემი გამორჩეული ლექტორებიც მყავს: დიდი პატივისცემით გამოვარჩევდი ნესტან სულავას, რამაზ ქურდაძეს, ხვთისო მამისიმედაშვილს, ელგუჯა ხინთიბიძესა და მიხეილ ბახტაძეს, რომლებისგანაც მხოლოდ კონკრეტულ საგნებს კი არ ვსწავლობ, არამედ სწორად აზროვნებას და ადამიანურ ურთიერთობებსაც“, – ამბობს ანი. 

ანი პრობლემებზე საუბარსაც არ გაურბის და აღნიშნავს: ,,საგნების რეგისტრაციის პროცესი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სერიოზულ სირთულეებთან. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები წინასწარ ადგენენ სასურველ ცხრილს, რეგისტრაციის დაწყებისას ხშირად ვაწყდებით ტექნიკურ შეფერხებებს. ამის გამო  სტუდენტები  ხშირად სავალდებულო საგნების გარეშეც კი რჩებიან.  რაც შეეხება შუალედურ გამოცდებს, რადგანაც ის ერთ კვირაზეა გადანაწილებული (კვირაში 6-7 გამოცდის ჩაბარება გვიწევს), ფიზიკურად ძალიან ვიტვირთებით. ამგვარი საკითხების მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სტუდენტების სასწავლო პროცესს, შეამცირებდა სტრესს და გაზრდიდა განათლების მიღების ეფექტიანობას“.

ანის სურვილია, ასევე, რომ  სემინარები, რომელიც უტარდებათ,  უფრო ცოცხალი, ინტერაქციული და თანამედროვე იყოს, რაც სტუდენტის განვითარებას და კრიტიკულ აზროვნებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. ის ამაყობს, რომ თსუ-ს ,,ფილოლოგთა კლუბის“  აქტიური წევრია და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებაში.

ანი კოშაძის სამომავლო გეგმები უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებას, შესაბამისი სამსახურის მოძებნას და საკუთარი წიგნების მაღაზიის გახსნას უკავშირდება.  „ეს იდეა მარტო საქმიანი მიზანი არ არის – ეს სურვილი წიგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით არის განპირობებული. ვეცდები, რომ ეს ოცნება მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს. ვიცი – გზა რთული იქნება, მაგრამ სირთულეები არ მაშინებს“,  – ამბობს ანი.

Facebook
Twitter
LinkedIn