ანი ბაღდადაშვილის ხედვა – რა არის შესაცვლელი თსუ-ში?
ანი ბაღდადაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ სასწავლებლის და პროფესიის არჩევა თავიდან გაუჭირდა, თუმცა, ამ გადასახედიდან მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია. „ჩემ შემთხვევაში, იღბალს დავაბრალებ, რომ ზუსტად ის ფაკულტეტი ავირჩიე, რომელიც მართლაც ახლოს არის ჩემს პიროვნებასთან. თავიდანვე ბევრ მოლოდინს ვამყარებდი ისტორიულად პირველ ქართულ უნივერსიტეტზე, რომელსაც შეეძლო ჩემთვის რეალური ცოდნის შემოთავაზება. მივხვდი, რომ თუ ჩემი გზა ქართული ფილოლოგიისთვის უნდა დამეკავშირებინა, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ამერჩია“, – ამბობს ანი.
მიუხედავად იმისა, რომ თსუ მისთვის ბევრ კარგ მოგონებასთან ასოცირდება, ანი პრობლემებზე საუბარს არ გაურბის: „პრობლემაა ადმინისტრაციული საკითხები – განსაკუთრებით, საგნების არჩევისა და გამოცდების ჩატარების სპეციფიკა. სამწუხაროდ, თუ ადრე სტუდენტებს მხოლოდ სწავლაზე უწევდათ ზრუნვა, ახლა ბევრი სტუდენტია, ვისაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილებისთვის სწავლასთან ერთად მუშაობა უწევს. უნივერსიტეტი რაც შეიძლება მეტად მორგებული უნდა იყოს სტუდენტების მდგომარეობაზე და გაითვალისწინოს მათი პრობლემები. სტუდენტების ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს; ვგულისხმობ იმას, რომ თვეში ერთხელ მაინც უნდა ტარდებოდეს შეხვედრები სტუდენტებთან, რათა მათ შეეძლოთ საკუთარი ხმის, იდეების, შეხედულებების მუდმივად გაზიარება. ამასთან, აკადემიური პერსონალის შრომა უნდა იყოს მეტად დაფასებული, მეტად წახალისებული და, შესაბამისად, ჩვენც, ე.წ. ,,მომავალ თაობას” უნდა გვქონდეს განცდა, რომ თუ ვიშრომებთ, სამომავლოდ ჩვენი შრომა დაფასდება. შევცვლიდი მიდგომას, ზოგადად, სტუდენტებისადმი იმ კუთხით, რომ მოვუსმენდი ყველა მათგანს და ძალიან, ძალიან ხშირად შევხვდებოდი ყველას, ვისაც რაიმე სახის კითხვა გაუჩნდებოდა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. უნივერსიტეტი ყოველთვის გახლდათ ის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ახერხებდა მაღალი თამასის შენარჩუნებას. ასე უნდა გაგრძელდეს დღესაც. როცა რომელიმე საერთაშორისო პროექტზე ვიტყვი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ვსწავლობ, არ უნდა უჩნდებოდეთ კითხვები – თუ სად არის ეს უნივერსიტეტი ან რა ტიპის დაწესებულებაა. ყველა უნდა ფლობდეს ინფორმაციას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვლევითი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და ეს ადრე ასეც იყო“, – გვიზიარებს ანი თავის აზრს.
ანი საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობს, რომელიც ეხება იდენტობის პრობლემას მისთვის ორ საყვარელ რომანში – კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილსა“ და ჰერმან ჰესეს „ზიდჰარტაში“. იგი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია. „პრობლემა, ბუნებრივია, თავისი არსითა და სპეციფიკით რთულია, თუმცა კარგი ხელმძღვანელის წყალობით და თემით, რომელიც მუდამ ჩემი ინტერესის სფერო იყო, საბოლოოდ დაძლევადია“, – ამბობს ანი.
ანი ბაღდადაშვილი მონაწილეობას იღებდა European solidarity Corps-ის პოლონეთის გრძელვადიან მოხალისეობრივ პროგრამაში. თითქმის ერთი წელი გაატარა პოლონეთში, ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც გაეცანო ახალგაზრდული მუშაობის სპეციფიკას, დაესწრო ტრენინგებს, რამდენიმე ახალგარდული საერთაშორისო პროექტის უშუალო ორგანიზების პროცესშიც ჩაერთო და ახლოს გაიცნო როგორც უცხო ქვეყნის კულტურა, ასევე, კონკრეტულად, განათლების სექტორი და ის სირთულეები, რომელსაც ეს სექტორი სხვა ქვეყნებში აწყდება. ანიმ მოგზაურობისას უამრავი საინტერესო მეგობარი შეიძინა და ეცადა, მათი კულტურის გაცნობასთან ერთად, ე.წ. ,,კულტურულ საღამოებზე” მათთვისაც აეხსნა საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ.
