გამორჩეული პირველსემესტრელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სალომე დუნდუა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს. შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი ანასტასია მურჯიკნელი.
ანასტასიამ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულება აირჩია.
,,ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ თსუ-ში ჩავაბარებდი. ყოველთვის მინდოდა დედაჩემის ნაბიჯებს გავყოლოდი და ეს პატარა ტრადიცია გამეგრძელებინა (ისიც აქ სწავლობდა და ამჟამადაც უნივერსიტეტის თანამშრომელია); ასევე, რა თქმა უნდა, თსუ იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი მიმართულებით ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანია რეგიონში“, – ამბობს ანასტასია. როგორც თავად ამბობს, მას, როგორც პირველსემესტრელს, საუნივერსიტეტო სივრცის ათვისებაში ძალიან დაეხმარნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც მის ყველა კითხვას სრულყოფილად პასუხობდნენ.
საკუთარ წარმატებად ანასტასიას მიზნის მისაღწევად სირთულეებისა და შიშების დაძლევა მიაჩნია. მიზნები კიდევ ბევრია აქვს. მას სურს აქტიურად ჩაერთოს გაცვლით პროგრამებში, საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებში, რომლებსაც თსუ სტუდენტებს სთავაზობს. ,,სტუდენტური ცხოვრების განმავლობაში მინდა ყოველდღე ვიყო აქტიური, დატვირთული და პროდუქტიული, რათა მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რომელსაც თსუ გვაძლევს“, – აღნიშნავს ანასტასია მურჯიკნელი, რომელსაც სჯერა, რომ განათლებით და შრომისმოყვარეობით შეძლებს არა მხოლოდ პირადი მიზნების მიღწევას, არამედ საზოგადოების განვითარებაშიც კუთვნილი წვლილის შეტანას.
