როგორ აღმოჩნდა ანასტასია გვაზავა დონ კიხოტის ქვეყანაში?

თარიღი: 2025-09-28 18:45:35

ანასტასიას საკონკურსო სამოტივაციო წერილი მიგელ დე სერვანტესის დონ კიხოტის წიგნში რაინდის მიერ გაჟღერებული ციტატით იწყებოდა: „სანჩო, ერთი კაცი მეორეზე რით უკეთესობს, თუ არა იმით, რომ ერთი მეორეზე მეტ საქმეს აკეთებს?“ …და მართლაც, კარგი საქმის კეთების მოტივაციამ ანასტასია გვაზავას კონსურსში გამარჯვება მოუტანა და სწორედ დონ კიხოტის ქვეყანაში აღმოჩნდა.

ანასტასია გვაზავა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტია. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მან ერთი სემესტრი გაატარა ესპანეთში, გრანადას უნივერსიტეტში, რომელიც ანდალუსიის რეგიონის ქალაქ გრანადაში მდებარეობს.

,,ჩემი კავშირი ესპანეთის სამეფოსთან ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის სამინისტროს ბენეფიციარი გავხდი. ყოველწლიურად, ზაფხულობით, მქონდა შესაძლებლობა მეცხოვრა ადგილობრივ ოჯახთან, შემემეცნებინა ქვეყნის კულტურა, ტრადიციები. სწორედ ეს გამოცდილება გახდა ჩემთვის ესპანური ენის შეყვარებისა და მაღალ დონეზე შესწავლის წინაპირობა, რაც საბოლოოდ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის (DELE) წარმატებით ჩაბარებით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა სერტიფიკატმა კი მომცა შესაძლებლობა გრანადას უნივერსიტეტში იურიდიული განათლება მიმეღო ესპანურ ენაზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულმა საფუძვლიანმა თეორიულმა ცოდნამ ეს სირთულე მარტივად გადამალახინა. ჩვენს ფაკულტეტზე სწავლება სიღრმისეული და ფართომასშტაბიანია. დაგროვილი ცოდნის მორგება თავისუფლად შევძელი იქაური სწავლებისთვის და მეტიც, ყველა შესწავლილ დისციპლინაში შეფასების რეიტინგის ხუთეულში აღმოვჩნდი“, – ამბობს ანასტასია.

საზღვარგარეთ ერთი სემესტრით ყოფნამ მას ასწავლა საკუთარი მიზნებისკენ სვლაში შეუპოვრობის ფასი და დამოუკიდებლად ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, ყველაზე ძვირფასი, რაც ამ გამოცდილებამ შესძინა, არიან ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათთან ურთიერთობის ბედნიერება, რომელიც მთელი ცხოვრების გზაზე გაჰყვება.

ანასტასია გვაზავა თსუ-ს მეტად ემადლიერება და იმ წარმატებებს იხსენებს, რასაც უნივერსიტეტის წიაღში მიაღწია: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლამ მომანიჭა შესაძლებლობა ვყოფილიყავი არაერთი არაჩვეულებრივი გამოცდილების ნაწილი, რის გამოც ჩემი უნივერსიტეტის მიმართ ყოველთვის მექნება დიდი მადლიერების გრძნობა. უნივერსიტეტი ჩემთვის არის სივრცე, რომელშიც წლების მანძილზე ვიზრდებოდი პიროვნულად. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პარალელურად მქონდა უდიდესი პატივი – ვყოფილიყავი Willem C.Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების  შეჯიბრის (ე.წ. „ვის მუთი“) მონაწილე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ერთად გავემგზავრე ვენაში. ეს იყო ცოდნის გაღრმავებისა და ძვირფასი კავშირების დაგროვების კიდევ ერთი შეუფასებელი გამოცდილება“.

გრანადას უნივერსიტეტში ყოფნისას ანასტასიამ გაიცნო მიმღები უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომლებიც დიდი სითბოთი იხსენებდნენ თსუ-სთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ვიზიტს, თსუ-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. ანასტასიას თქმით, ეს ადამიანები გამოხატავდნენ უზომო სიყვარულს როგორც უნივერსიტეტის, აგრეთვე, ზოგადად, საქართველოს მიმართ.

,,გრანადას უნივერსიტეტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საერთაშორისო სტუდენტური გარემო და მათზე მორგებული სწავლების მეთოდიკა განასხვავებს. ვისურვებდი, მალე ჩვენი უნივერსიტეტის კედლებშიც მენახოს ბევრი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ახალგაზრდა, რომელსაც ექნება ბედნიერება – იყოს თსუ-ს საუკუნოვანი ისტორიის ნაწილი. ვფიქრობ, დივერსიფიცირებულ გარემოში სწავლა ეგზისტენციალურია განვითარებისთვის. ესპანეთში ლექციებზე ხშირად გვქონდა ღია დისკუსიები, ჩემი კოლეგები კი ყოველთვის დიდი ინტერესით ისმენდნენ ქართული იურისპრუდენციის მიდგომას“, – აღნიშნავს ანასტასია, რომელიც ესპანეთიდან დაბრუნებისთანავე კვლავაც შეუდგა სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ ყოფნისას იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ თსუ გამოირჩევა კოლეგიალურობით და ერთიანობის განცდით სტუდენტებში. ,,სწორედ ეს მიკუთვნებულობის განცდა არის ურთიერთდახმარების, სიყვარულისა და წარმატების საწინდარი“, – ასეთია ანასტასია გვაზავას დასკვნა, რომელიც უნივერსიტეტის ნაკლზე საუბრის დროს გამოთქვამს სურვილს – ამ სივრცეში მეტი ინფრასტრუქტურული სიახლეები დახვდეთ სტუდენტებს ყოველი ახალი სემესტრის დაწყებისას.  

Facebook
Twitter
LinkedIn