კონფერენციაში გამარჯვებულ ანანო სანიკიძეს პოლიტიკური ფილოსოფია იტაცებს
„პარტიული ორგანიზაციების ახალგაზრდული პოლიტიკის შედარებითი ანალიზი „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „მწვანეების“ მაგალითზე” – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა ანანო სანიკიძემ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართულ სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე (სექცია – ახალგაზრდები თანამედროვე საქართველოში). ანანო სანიკიძე კონფერენციაში გამარჯვებულთა შორისაა.
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა დასკვნა გამოიტანა კვლევის შედეგად? – კონფერენციაში გამარჯვებული ანანო სანიკიძე, რომლის მეწყვილეც სტუდენტი მარიამ ვაჭრიძე გახლდათ, საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს და აცხადებს: ,,მაინტერესებს პარტიული პოლიტიკა და პოლიტიკური იდეოლოგიები. ქართული პარტიები არ გამოირჩევიან მყარი იდეოლოგიური მრწამსით, თუმცა ამ მოცემულობიდან გამონაკლისს, კარგა ხანია, ორივე „გირჩი“ წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ შევიტყვე „მწვანეების“ პარტიად დაფუძნების მცდელობის შესახებ და მომინდა უფრო მეტი გამეგო ამ პოლიტიკური გუნდის მიზნებზე, იდეებზე, პერსპექტივებზე. რადგან ახალგაზრდები და ახალგაზრდული პოლიტიკა ორივე გუნდთან არის შემხებლობაში და, თანაც, იდეოლოგიურად საპირისპირო პოლუსებს წარმოადგენდნენ, ლოგიკური იყო, რომ რაღაც კატეგორიებზე დაყრდნობით მათი შედარება უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენი ხელმძღვანელი, ბატონი სანდრო ტაბატაძე ძალიან დაგვეხმარა თემის და მეთოდოლოგიის დაზუსტებასა და დავიწროვებაში“, – ამბობს ანანო.
როგორ წარმოუდგენიათ ახალგაზრდებზე ორიენტირებულ ამ ორ პარტიას ახალგაზრდების როლი პოლიტიკურ საქმიანობაში? რა გზებით ცდილობენ ისინი ახალგაზრდა თანამოაზრეების მოზიდვას? რა მსგავსება-განსხვავებაა დეკლარირებულად მემარჯვენე „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და მემარცხენე „მწვანეების“ შეთავაზებულ პოლიტიკურ იდეებსა და კურსებში? – ამ კითხვებზე გაცემული პასუხების შედეგად ახალგაზრდა მკვლევრებმა დასკვნა მოამზადეს და აუდიტორიას წარუდგინეს.
,,კვლევა საკმაოდ საინტერესო მიგნებებზე გავიდა და ყველას ჩამოთვლა არ იქნება მართებული. ჩვენი ვარაუდები იმის შესახებ გამართლდა, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფლების გაგება, ქვიარ პოლიტიკა, განათლება და გარემოს დაცვა და სხვა, მათი ორგანიზაციული ხედვები დაიყოფოდა. საინტერესო იყო ის, რომ სავალდებულო ჯარის შესახებ მათი წარმოდგენები ერთმანეთს აბსოლუტურად დაემთხვა. ასევე განსხვავებული იყო მათი გადმოსახედიდან „ახალგაზრდების“ და „ახალგაზრდული პოლიტიკის აღქმები“, – აღნიშნავს ანანო სანიკიძე.
ბლიც-ინტერვიუ
- რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
- მეცხრე თუ მეათე კლასში ზუსტად ვიცოდი, რომ პოლიტიკის მეცნიერების სწავლა მინდოდა. ბავშვობაში წაკითხული ტომას მორის „უტოპია“ გახდა ერთგვარი „gateway drug”, რამაც პოლიტიკური ფილოსოფიით დამაინტერესა. პარალელურად, დავუახლოვდი ქვიარ და ფემინისტურ აქტივიზმსა და ცოდნას, რომელიც ამ სოციალური კატეგორიებისა და იდენტობების გარშემო იქმნებოდა. მომინდა მეც დამემატებინა რაღაც ახალი და ღირებული. უნივერსიტეტის ფიზიკურ სივრცეში მოხვედრის პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება, თუმცა იმდენი ბრწყინვალე ადამიანი აღმოვაჩინე ამ სივრცეში – ჩემი კურსელებისა და ლექტორების სახით და იმდენი ახალი უნარი და ცოდნა შევიძინე, რომ თავიდან რომ არჩევანის გაკეთება შემძლებოდა, ისევ აქ და ამ მიმართულებაზე ჩავაბარებდი.
- რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
- ვფიქრობ, ფაქტობრივი ცოდნის მიღება ამ კედლების გარეთაც შეიძლება. შეგიძლია წაიკითხო მაკიაველი და ჯონ ლოკი, თუმცა ის ატმოსფერო, რასაც უნივერსიტეტი ქმნის, და ურთიერთობები, რასაც ის აყალიბებს, შეუცვლელია. უნივერსიტეტმა მომცა საშუალება ამდენ საოცარ ადამიანთან კამათსა და დისკუსიაში ბევრი ღირებულება გადამეფასებინა, მრავალი ახალი პერსპექტივა დამენახა.
- ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
- ძალაინ რთული კითხვაა, რადგან ვფიქრობ – ლექტორთა უმეტესობისგან ძალიან ღირებული ცოდნა მივიღე, კარგი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. დავასახელებდი ქალბატონ სალომე დუნდუას და ქალბატონ მანანა შამილიშვილს. ალბათ, ამაზე გავლენას ისიც ახდენს, რომ ეს ადამიანები ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგნებს მასწავლიდნენ და ახლაც მასწავლიან.
- რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
- მეექვსე კორპუსის ბნელი ჯურღმულები (რომელიც ასე ძალიან მიყვარს) და ლექციები ფიზიკის ინსტიტუტის კორპუსში (რომელიც ასე ძალიან არ მიყვარს). იმასაც ვიტყოდი, რომ, ჩემი დაკვირვებით, ამ გარემომ ძალიან ტოქსიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი სტუდენტებს შორის. რაღაც სპორტული, თან არაჯანსაღი კონკურენციის განცდას და მის გავლენას ჩემს თავშიც ვხედავ, ჩემს მეგობრებშიც და ძალიან არ მომწონს.
- რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
- მინდა რაღაც ამპლუაში (თუ არა სტუდენტის) მაინც მოვესწრო იმ დღეს, ,,სოცპოლელები“ რომ დღეში 5 სხვადასხვა კორპუსში არ ვირბენთ ლექციებსა და სემინარებზე დასასწრებად – ეს ძალიან, ძალიან კარგი იქნებოდა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს ადგილი და ადამიანები, რომლებიც მას ასე გულმოდგინედ აშენებენ. მიუხედავად ბევრი ნაკლისა, რომელზეც დაუღალავად ვწუწუნებთ და, ჩემი აზრით, საჭიროცაა ვიწუწუნოთ, ვფიქრობ, ზედმეტად მკაცრები არ უნდა ვიყოთ იმის მიმართ, რაც ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, ჩემთვის, ძალიან ძვირფასია. მინდა, რაღაც მხრივ ჩემი მომავალი საქმიანობაც აკადემიურ სივრცეს დავუკავშირო.