რა განსხვავება აღმოაჩინა ანანო ნეფარიძემ მარტინ ლუთერის სახელობის ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში სწავლისას

თარიღი: 2025-09-29 15:58:06

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მესამე კურსის სტუდენტი ანანო ნეფარიძე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში, მარტინ ლუთერის სახელობის ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში, სწავლობდა. კონკურსის წარმატებით გავლასა და შემდეგ გერმანიაში სწავლის პროცესში მას გერმანული კულტურისა და ენისადმი სიყვარული დაეხმარა. მანამდე ის ოთხი წლის განმავლობაში ეუფლებოდა გერმანულ ენას და ამ ენაზე თავისუფლადაც საუბრობს. ანანო მშობლიურ უნივერსიტეტს დიდი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდა, რასაც გულითადად გვიზიარებს.

,,მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სწავლა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. ყველაზე დიდი ცოდნა სწორედ საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით შევიძინე, რადგან უმაღლეს დონეზე შევისწავლე ისეთი საგნები, როგორებიცაა: საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი, ევროპული და გერმანული კონკურენციის სამართალი, გერმანული კერძო სამართალი და საერთაშორისო სავაჭრო სამართალი. გარდა აკადემიური გამოცდილებისა, შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო მოდელირებულ საარბიტრაჟო პროცესებში, სადაც საერთაშორისო სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდს თავად ვხელმძღვანელობდი, რამაც არა მარტო უდიდესი ცოდნა, არამედ გუნდური მუშაობის უნარიც შემძინა. ჩემთვის ეს სემესტრი აკადემიური და პრაქტიკული უნარების განვითარების პერიოდი იყო, რაც ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემს პროფესიულ განვითარებაში“, – აღნიშნავს ანანო ნეფარიძე.

მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა და უცხოურ აკადემიურ სტანდარტებთან ადაპტირება მას გაუჭირდებოდა, იქამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ არ მიეღო საზღვარგარეთ სწავლისთვის საჭირო ცოდნა.

,,ჯერ კიდევ მეორე კურსზე თსუ-მ მომცა უნიკალური შესაძლებლობა მესწავლა ერთი სემესტრით ვილნიუსის უნივერსიტეტში, გამეღრმავებინა პროფესიული ცოდნა, რამაც შემდგომ დიდი როლი ითამაშა მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში ჩემს აკადემიურ წარმატებაში. ამასთან, თსუ-მ მომცა უდიდესი პლატფორმა პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. უნივერსიტეტის ბაზაზე გამართული დებატების ტურნირები, სამეცნიერო კონფერენციები და სტუდენტური პროექტები საშუალებას მაძლევდა უფრო ფართოდ ჩავრთულიყავი სამართლებრივ სფეროში და ცოდნა პრაქტიკაშიც გამომეყენებინა. სწორედ თსუ-ს მეშვეობით შევუერთდი თინათინ წერეთლის სისხლის სამართლის საზოგადოებასაც, სადაც ვწერდი სტატიებს, მივიღე პრაქტიკული გამოცდილება და აქტიურად ჩავერთე დისკუსიებსა თუ კვლევით საქმიანობაში“, – ამბობს ანანო.

ჩვენს შეკითხვაზე – რით განსხვავდება სწავლების მეთოდები აქაური უნივერსიტეტისგან იმ უნივერსიტეტში, სადაც გაცვლითი პროგრამით ისწავლე – ანანო ნეფარიძე გვპასუხობს: ,,თსუ-ში მნიშვნელოვანია სემინარები და შუალედური გამოცდები, რომლებიც ლექციებთან ერთად ცოდნის ეტაპობრივად დაგროვებას უწყობს ხელს. გერმანიაში კი აქცენტი გაკეთებული იყო, ძირითადად, ფინალურ გამოცდაზე, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავდა შედეგს. ამასთან, ლექციების პარალელურად არსებობდა პრაქტიკული ნაწილი – მოდელირებული სასამართლო პროცესები, სადაც საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად ვმუშაობდით სამოქალაქო სამართლის ქეისებზე.  ეს ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული გამოცდილება იყო, რადგან რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მიხდებოდა გუნდის მართვა და სამართლებრივი არგუმენტაციის წარმოება. ამასთან, Erasmus-ის პროგრამის სპეციფიკა მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან მათი სამართლებრივი სისტემის გაცნობასაც, რისი საშუალებითაც გავეცანი არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების სასამართლო ჩვეულებებს, არამედ ჩინეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამართლის ნორმებსაც. მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში ასევე დიდი ყურადღება ექცეოდა იმასაც, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გვქონოდა საერთაშორისო პროექტების შესახებ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ლექტორმა გაგვაცნო ინფორმაცია დრესდენის ყოველწლიური საზაფხულო სკოლის შესახებ, სადაც მოგვიანებით ონლაინ ფორმატში დავესწარი ლექციებს. ასევე მოწვეული იყვნენ გაეროს წარმომადგენლები და ლექტორები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საინტერესო ცოდნა გაგვიზიარეს“.

გერმანიიდან დაბრუნებულ ანანო ნეფარიძეს ბევრი იდეა გაუჩნდა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შეიძლება დაინერგოს. მას სურვილი აქვს, უნივერსიტეტის ფარგლებში დაორგანიზდეს მეტი სტუდენტური აქტივობა. ,,ლექციებსა და სემინარებს შორის ინტერვალებში კარგი იქნებოდა უფრო ხშირად ტარდებოდეს არაფორმალური  ღონისძიებები, სადაც სტუდენტები ერთმანეთს უკეთ გაიცნობდნენ, შეიძენდნენ სხვადასხვა უნარებს და იდეებსაც გაცვლიდნენ“, – გვითხრა ანანომ.

Facebook
Twitter
LinkedIn