ანანო ნეფარიძე: „თსუ-ში სწავლა ჩემი აკადემიური და პიროვნული განვითარების ძირითად ბაზისად იქცა“
ანანო ნეფარიძე საერთაშორისო სამართლის სპეციალობას ეუფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მან, ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა, მოახერხა გაცვლითი პროგრამით სწვეოდა ლიეტუვას და ვილნიუსის უნივერსიტეტში ესწავლა.
გაცვლითმა პროგრამამ და ვილნიუსის უნივერსიტეტში გატარებულმა ერთმა სემესტრმა ანანოს უდიდესი გამოცდილება შესძინა, რაც მომავალი წარმატებისთვის კარგი წინაპირობაა. „ლიეტუვაში ხუთთვიანი ცხოვრება და მის მთავარ უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო. ვილნიუსის უნივერსიტეტი გამოირჩევა მასშტაბურობით, მრავალრიცხოვანი კორპუსებითა და საერთაშორისო რესურსებით მდიდარი ბიბლიოთეკებით, რომლებიც მუდმივად ფუნქციონირებს. ამასთან, ქალაქის ინფრასტრუქტურა მორგებულია სტუდენტებზე: ადვილად ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ადგილები და მოწესრიგებულია ტრანსპორტი. ხოლო ვილნიუსის ისტორიული ძეგლები და კულტურული მრავალფეროვნება წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს“, – იხსენებს იგი.
ანანო ნეფარიძის თქმით, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სკოლა ორიენტირებული იყო ევროკავშირის სამართალზე, ასევე საერთაშორისო ეკონომიკურ სამართალსა და საკორპორაციო სამართალზე, რამაც ამ მიმართულებით უდიდესი ცოდნა შესძინა. „ლექცია-სემინარებზე ხშირად განვიხილავდით ევროპის წამყვანი სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემების მსგავსება-განსხვავებებს; თეორიული მასალის პარალელურად, გავდიოდით სასამართლო პროცედურებს, მოდელირებულ პროცესებს კომერციული საარბიტრაჟო სამართლისა და ევროპული სამოქალაქო პროცედურის მიმართულებით, რომელზეც თავად გვიწევდა მხარეთა წარმოდგენა და ნორმებთან შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება. ამასთან, მქონდა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო ვილნიუსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებში, წარმედგინა პრეზენტაციები ჩემი ქვეყნის საკონსტიტუციო სისტემასთან და თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით“, – ამბობს ის.
გაცვლითი პროგრამა თსუ-ს სტუდენტს დაეხმარა სოციალური უნარების გაუმჯობესებაშიც. აკადემიური გამოცდილების პარალელურად, ანანო ნეფარიძე აქტიურად მონაწილეობდა ESN-ის (Erasmus Student Network) ორგანიზაციის ღონისძიებებში. ის, თანატოლებთან ერთად, აორგანიზებდა გაცნობით შეხვედრებს, სასწავლო აქტივობებსა და ქალაქის უკეთ გასაცნობ თამაშებს. ახლა იხსენებს, რომ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ქართული კულტურისა და სამზარეულოს წარდგენა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
გარდა სწავლისა, გაცვლითი პროგრამა სხვადასხვა უნარების გაუმჯობესებაშიც ეხმარება სტუდენტებს. ანანო მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებით დაეხმარა ენების შესწავლასა და დახვეწაში: „მე, მაგალითად, დავხვეწე გერმანული ენა. ზოგადად, ვილნიუსის უნივერსიტეტში, ინგლისურენოვან რესურსებთან ერთად, გვთავაზობენ ფრანგულ, ესპანურ და გერმანულენოვან მასალებს. საკორპორაციო სამართლის კურსის ფარგლებში კი საშუალება მომეცა – იურიდიული გერმანული დამეხვეწა, ვინაიდან კურსი მთლიანად გერმანულ მოდელზე იყო დაყრდნობილი და დამატებით გერმანულ წყაროებზეც გვქონდა წვდომა“.
გაცვლითი პროგრამების კიდევ ერთი პოზიტიური მხარე ისაა, რომ, დატვირთული სასწავლო პროცესის მიუხედავად, სტუდენტს საშუალება აქვს – იმოგზაუროს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, უკეთ გაიცნოს სხვა ქვეყნების კულტურა, ისტორია და ტრადიციები. ანანომ ეს შესაძლებლობებიც გამოიყენა.
მისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ბალტიისპირეთის ქვეყნების მონახულება იყო, რადგან აქ კარგად გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, მათი ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და წარმატება დემოკრატიზაციის გზაზე. „პირველივე საორიენტაციო შეხვედრაზე უნივერსიტეტის დეკანმა გაგვაცნო ლიეტუვის ისტორია პოსტსაბჭოთა პერიოდის სირთულეების დაძლევიდან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებამდე. განსაკუთრებულად მახსოვს ყვავილი კესანე, რომელიც ლიეტუვაში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის სიმბოლოა. ეს გამოცდილება შთამაგონებელი იყო ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, რომელმაც კარგად იცის თავისუფლების მნიშვნელობა“, – გვითხრა მან.
ყველაფერს კი საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაეყარა. სწორედ აქ მიღებულმა ცოდნამ განაპირობა ის, რომ ანანო ვილნიუსის უნივერსიტეტშიც წარჩინებული სტუდენტი იყო და პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღებას იმსახურებდა. ის ახლა მადლიერია იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მისცა მყარი თეორიული საფუძველი, სხვადასხვა სამართლებრივი მიმართულების შესწავლის დროს კი ლექტორთა პროფესიონალიზმმა და მიდგომებმა გაუღრმავა ანალიტიკური უნარები. „თსუ დამეხმარა ვილნიუსის უნივერსიტეტში მარტივად გავმკლავებოდი რთულ საერთაშორისო სამართლებრივ „ქეისებს“. ამასთან, თსუ-ს ბაზაზე არსებული სხვადასხვა პროექტი, დებატების ტურნირები და სტუდენტური კონფერენციები დამეხმარა უფრო ფართოდ ჩავრთულიყავი სამართლებრივ სფეროში და გამეღრმავებინა ინტერესები. რაც ყველაზე მთავარია, დამაკავშირა ჩემი ინტერესების გამზიარებელ ადამიანებთან, მეგობრებთან და მომავალ კოლეგებთან. თსუ-ში სწავლა ჩემი აკადემიური და პიროვნული განვითარების ძირითად ბაზისად იქცა“.

კითხვაზე, განსხვავდება თუ არა სწავლების მეთოდები ამ ორ უნივერსიტეტში და რას გამოარჩევდა განსაკუთრებით, ანანო ამბობს: ,,განსხვავებით თსუ-საგან, ვილნიუსის უნივერსიტეტის პროგრამა ითვალისწინებდა მოდელირებული სასამართლოს კურსებსაც, რამაც დიდი პრაქტიკული ცოდნა დამიტოვა. გარდა ამისა, გვქონდა შეხვედრები ტარტუს უნივერსიტეტის ლექტორებთან, რომლებმაც საინტერესო გამოცდილება გაგვიზიარეს კიბერუსაფრთხოების სამართლის მიმართულებით. სამართლის ამ დარგზე ამომწურავი ინფორმაცია პირველად ვილნიუსში მივიღე. ასევე პატივი მქონდა – შევხვედროდი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს, რამაც საშუალება მომცა, რომ მიმდინარე კონფლიქტები დიპლომატიური სამართლის ჭრილში გამეანალიზებინა“, – გვიამბობს ის და განსაკუთრებით გამოყოფს სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების სტუდენტთან ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.
რას ისურვებდა იმისთვის რომ თსუ-ში სასწავლო გარემო მეტად გაუმჯობესდეს? ანანო ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტებისთვის უფრო მეტი პრაქტიკული შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს აქტივობებზე, რომლებიც თეორიული სწავლების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს სტუდენტს. ამასთან, მისი აზრით, საჭიროა მეტი ყურადღება გამახვილდეს ენობრივი რესურსების ხელმისაწვდომობაზე, მეტი წიგნი ითარგმნოს ქართულ ენაზე, რაც საგნების დამუშავებას სტუდენტებისთვის კიდევ უფრო გაამარტივებს.
