მომავალი ჟურნალისტი, რომელიც თავის რეპუტაციას სტუდენტობიდანვე უფრთხილდება

თარიღი: 2022-10-30 16:44:35

ანამარია ხეთაგური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსზე სწავლობს.  ფიქრობს, რომ ჟურნალისტიკა მისი მოწოდებაა, რადგან არასოდეს ბეზრდება ეს საქმე და უყვარს ყველაფერი, რაც ჟურნალისტიკას უკავშირდება. ამ პროფესიისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი ჩართვა თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის სტაჟირების კურსში – ჟურნალისტიკა და პრაქტიკა.

,,გააზრებული მაქვს, რომ არ არის მარტივი იყო ჟურნალისტი, თუმცა თუ ის ნამდვილად შენი სფეროა, მაშინ ყველაფერი გამოგივა. მსურს, გარდა თეორიული ცოდნისა, ის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება  შევიძინო და საჭირო უნარ-ჩვევები განვივითარო, რომლებიც შემდგომ ეტაპზე დამეხმარება ფეხი ავუწყო თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევებს“, – ამბობს ანამარია და ჩვენს შეკითხვაზე – როგორი მედია-გარემოა დღეს საქართველოში? – ასე გვპასუხობს: ,,დღეს განსაკუთრებით პოლარიზებული მედია-გარემოა. არ მომწონს, როდესაც დიდი ყურადღება ეთმობა პოლიტიკას და მედიის სხვა ფუნქცია-მოვალეობები არ არის გათვალისწინებული. ასევე, არ მომწონს ის, რომ თითქმის ყველა მედიასაშუალება ცდილობს ფაქტების შელამაზებას და მათი სასურველი კონტექსტით გადმოცემას. დღევანდელ მედიას თითქოს ეტყობა, რომ უფრო მეტად ინტერესდება უბრალო ადამიანების ცხოვრებით,  პრობლემებით და ფართო აუდიტორიას აცნობს მათ, რაც ნამდვილად მომწონს.

რა თქმა უნდა, მივესალმები იმასაც, რომ დღევანდელი მედია მეტად თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამ თავისუფლებას ბოროტად იყენებს“.

ანამარია თავს ბეჭდურ და რადიომედიაში მოიაზრებს. მისთვის მოტივაცია არის წარსულში დაშვებული შეცდომები და განუხორციელებელი მიზნები. დიდ მარცხად მიაჩნია რეპუტაციის ერთხელ მაინც  შელახვა, რადგან ფიქრობს, რომ ამის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. ცხოვრების მთავარ მიზანს მისთვის საფუძვლიანი ცოდნის მიღება, სასურველ ადგილას დასაქმება, ახალი, საინტერესო მეგობრების შეძენა წარმოადგენს. თავისუფალ დროს უთმობს ჩანახატების წერას, ფოტოების გადაღებას, მუსიკის მოსმენას და მეგობრებთან ერთად სეირნობას.  

Facebook
Twitter
LinkedIn