რა მისცა ანა გაგუას ტარტუს უნივერსიტეტში სწავლამ?

თარიღი: 2024-03-25 19:03:10

ანა გაგუა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის  ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. 

„ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა მათემატიკა და თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ისეთი პროფესია ამერჩია, სადაც აქტიური შეხება მექნებოდა მათემატიკასთან.  კომაროვის საშაბათო სკოლა დავამთავრე და სკოლის წლებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი მათემატიკისა და ინგლისურის ოლიმპიადებში. ეს ყველაფერი იმდენად მსიამოვნებდა, რომ თავიდანვე ყველა ხვდებოდა, რომ ტექნიკურ მხარეს ავირჩევდი. კონკრეტულად ეკონომიკით იმიტომ დავინტერესდი, რომ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროდ მიმაჩნია, რომელზეც მთელი ქვეყანა და მისი კეთილდღეობა დგას. ამასთან ერთად, ეკონომისტების გარემოცვაში გავიზარდე და ოჯახში ეკონომიკურ საკითხებზე კამათის დროს  დებატებში ყოველთვის ვერთვებოდი. ბავშვობიდან საკმაოდ რაციონალური ვარ და, რა თქმა უნდა, ეკონომიკით იმიტომაც დავინტერესდი, რომ წინ უამრავი კარიერული პერსპექტივა მეშლებოდა,  მაგალითად:  მონაცემეთა ანალიტიკის, მონაცემთა მეცნიერების, ფინანსების აუდიტისა თუ სხვა მიმართულებით“, – აცხადებს  ანა გაგუა, რომელსაც მშობლები საკმაოდ მკაცრად ზრდიდნენ და საკმაოდ ხშირად ახსენებდნენ, რომ  აუცილებელი იყო საკუთარი  პოტენციალის მაქსიმუმის გამოყენება იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატებული ყოფილიყო.

„ყველამ ვიცით, რომ  თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლა (ISET) ერთ-ერთი საუკეთესოა  საქართველოში და ტარტუს უნივერსიტეტიც ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტია ესტონეთში, ამიტომ  მოლოდინი მქონდა, რომ ხარისხიან განათლებას მივიღებდი. ეს მოლოდინები ნამდვილად გამართლდა. ასევე, ჩემთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა რესურსებზე წვდომა. ლექტორები ყოველთვის გვაწვდიან დამატებით ინფორმაციას, საკითხავ ლიტერატურას და მზად არიან უპასუხონ სტუდენტების ნებისმიერ კითხვას.  უნივერსიტეტში იმ მოლოდინით ჩავაბარე, რომ არა მხოლოდ კარიერული განვითარების შესაძლებლობა მექნებოდა, არამედ დავიხვეწებოდი პიროვნულადაც. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ტარტუს უნივერსიტეტში უცხოელ პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ურთიერთობით, გავიუმჯობესე კომუნიკაციის უნარი, გავეცანი სხვადასხვა კულტურას, დავხვეწე  ინგლისური ენა  და ასე შემდეგ“, – აღნიშნავს ანა, რომელიც თანატოლებს, ვისაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სურს, ურჩევს  – კომუნიკაციის უნარის განვითარებაზე იმუშაონ.    

„მშობლები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ აუცილებელია  შრომა და მუდმივი განვითარებისაკენ ლტოლვა, რომ  წვალებისა და  დიდი მონდომების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სწავლის მხრივ ყოველთვის უდიდესი ხელშეწყობა მქონდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. მშობლები არასდროს არაფერს იშურებდნენ ჩემთვის, რაც  მომავალში წარმატებული კარიერის შანსს მომცემდა.  შესაბამისად, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოტივაციის დიდი ნაწილი მათგან მოდიოდა. ძალიან მინდოდა, რომ მშობლების იმედები გამემართლებინა და ჩემით ეამაყათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არასდროს ჩამითვლია, რომ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებ.

გონებიდან არასდროს ამომდის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, ვინც ჩემზე გაცილებით მეტი იცის და, ალბათ, არც დადგება ის მომენტი ცხოვრებაში, როცა საკუთარი თავით კმაყოფილი ვიქნები“, – ამბობს ანა, რომელმაც გასული წლის გაზაფხულის სემესტრი გაცვლითი პროგრამით ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში გაატარა.

„უცხო ქვეყანაში აუცილებელია მეგობრები გაიჩინო, რომ ეს გამოცდილება გაუსაძლისი არ იყოს. გაჭირვების დროს უნდა შეგეძლოს  ვინმეზე დაყრდნობა. ასევე ვურჩევდი, რომ  იმ ქვეყნის კულტურას გაეცნონ,  სადაც უნდათ რომ სწავლა გააგრძელონ. მნიშვნელოვანია, რომ იქაური ეთიკის ნორმებს მოერგონ. დამოუკიდებლობის ნელ-ნელა მიჩვევა უცხო ქვეყანაში ყოფნისას ძალიან გამოადგებათ, რადგან იქ  შენ თავზე მხოლოდ შენ ზრუნავ“, – აცხადებს ანა, ვისაც ISET-ში გატარებული წლები  არასდროს დაავიწყდება.

„ISET-ში გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც  საკუთარი თავის  შეცნობაში  დამეხმარნენ. ნამდვილად ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც  ამტიკცებს, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლები საუკეთესოა. ISET-ში შეძენილი ცოდნა და უნარები ყოველდღიურად მადგება. ტარტუში სწავლაც რთული აღმოჩნდა  რეალურად, მაგრამ ISET-ში სწავლის  სირთულეს ნამდვილად ვერ შეედრება, ამიტომაც გამიმარტივდა იქ სწავლა. ორივე უნივერსიტეტს უამრავი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ მინდა გამოვარჩიო ის, რომ ISET-ში ადმინისტრაციას მჭიდრო ურთიერთობა აქვს სტუდენტებთან და თითქოს  ერთი ოჯახი ვართ. სასწავლო პროცესში  იმას შევცვლიდი, რომ სტუდენტს შესძლებოდა  ლექციები  ონლაინაც  მოესმინა“, – გვიზიარებს აზრებს ანა გაგუა, რომელსაც ხშირად უფიქრია უცხოეთში  კარიერის აწყობაზე, მაგარამ  იქ დარჩენას საბოლოოდ  მაინც არ ფიქრობს:  „აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. გულით და სულით ქართველი ვარ და მიჭირს დიდხანს ჩემი ქვეყნის გარეშე ყოფნა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ საქართველოში,  სამუშაოს  ანაზღაურების მხრივ, მისაღები პირობები დამხვდეს“, – ამბობს ანა, ვისაც სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა აქვს. ანას სურვილი აქვს  უცხოეთში გაიაროს სამაგისტრო კურსი  მონაცემთა მეცნიერების,   ანალიტიკის მიმართულებით და,  დღესდღეობით, ამ სფეროებისთვის  რელევანტური პროგრამების  ძებნით თუ შერჩევით არის დაინტერესებული.

Facebook
Twitter
LinkedIn