ანა თავამაიშვილის ყველა ლექსის უკან რაღაც ისტორია იმალება

თარიღი: 2023-10-17 14:38:10

თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტს ანა თავამაიშვილს, რომელიც ლექსების წერითაა გატაცებული, საუნივერსიტეტო საზოგადოება ჯერაც არ იცნობს, რადგან საკუთარი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას ერიდება.

ანასთვის შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს – სიტყვა, ადგილი ან კონკრეტული მოვლენაც კი. როგორც თავად ამბობს, მისი ყველა ლექსის უკან არის ისტორია, რომელმაც მათი შექმნა განაპირობა – ,,ეს ისტორიები უკავშირდება წინაპრებს, ჩემს ცხოვრებას და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს“.

მას ზუსტად არ ახსოვს, როდის დაწერა პირველი ლექსი. ,,ეს იყო ძალიან, ძალიან ადრე. მემკვიდრეობითიაო მეუბნებიან, ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, იყვნენ ადამიანები ჩემს სანათესაოში, რომლებიც წერდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, არ დასცალდათ, რომ ეს საქმე გაეგრძელებინათ. რაც შეეხება ჩემს ამბავს, თავიდან სასაცილო, არეული რითმების მქონე რამ გამომდიოდა, დიდი სიხარულით ვუკითხავდი ახალ-ახალ ნაწერებს ჩემი ოჯახის წევრებსა და ქართულის მასწავლებელს, ქალბატონ ლია კუტუბიძეს, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ მე დღემდე ვწერ“, – ამბობს ანა.

ანას, ჯერჯერობით, არ სურს საკუთარი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. იგი დროგამოშვებით საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლექსებს, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ანარეკლია იმ ნაწერებისა, რომლებიც საგულდაგულოდ თავისთვის აქვს გადადებული. მისი მკითხველი, პირველ რიგში, ახლობელი ადამიანები არიან და,  ასევე, ის  წრე სოციალური მედიისა, ვინც მის გვერდს ადევნებს თვალყურს.

ანა გვიზიარებს ფრაგმენს ლექსიდან ,,ფიქრი“, რომელიც განსაკუთრებით უყვარს და მნიშვნელოვნად მიაჩნია:

,,აივნიდან გადავცქერი ქალაქს,

ახლა ვინ ვარ მნიშვნებოლა არ აქვს..

ნეტავ მალე მაპოვნინა ღმერთი…

ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის ერთადერთი,

მომავლიდან გადმოვცქერი ჩემს თავს

და შიშები დაბრუნებას ბედავს,

პატარა ,,მე“ მომავალში მხედავს,

ცხოვრება კი ახალ კარებს ჭედავს“.

,,წერისას თითქოს თავისუფლდები და ფურცელზე გადმოგაქვს შინაგანი  ემოციები, გრძნობები და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი. ამ დროს შეგიძლია ისეთი რამ დაწერო, რასაც ვერ იტყვი, მერე კი ნაწერს რომ  უყურებ, საოცარ შვებას გრძნობ“, – ასე აღწერს წერის პროცესს ანა თავამაიშვილი.

მის შემოქმედებაში გარკვეული როლი არჩეულ პროფესიასაც უკავია: ,,სოციოლოგია მეხმარება შევხედო რეალობას სხვადასხვა გადმოსახედიდან. ის ადამიანები და მათი იდეები, რომლებმაც შექმნეს ეს მეცნიერება, ჩემში მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს. ბუნებრივია, ეს აისახება ჩემს აზროვნებაზეც. კლასიკურ სოციოლოგიურ თეორიებს რომ ვსწავლობდი, მთელი კვირა მოუთმენლად ველოდი  ბატონი ამირან ბერძენიშვილის ლექცია-სემინარს და თან ახალ მასალაზე დაწერილი ლექსიც მიმქონდა“.

ანა თავამაიშვილი ძალიან აფასებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას – ,,ორივეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, ერთი მხრივ კლასიკურს – მისი უკვდავი იდეებით, მეორე მხრივ კი თანამედროვეს – თავისი თანამედროვე თემებითა და საკითხებით“.

ანას უჭირს ერთი საყვარელი მწერალი გამოყოს… უყვარს ვაჟა და ილია, კონსტანტინე გამსახურდია… ასევე აგათა კრისტი, რომლის წიგნების კითხვაც, თავისუფალ დროს, რეალობისგან მოწყვეტის საუკეთესო გზად ესახება. ,,ჩემი საყვარელი პოეტი გალაკტიონია და რთულია გამოვყო რომელიმე კონკრეტული ლექსი მისი შემოქმედებიდან… ეს მოკლე ჩამონათვალია იმ გრძელი სიისა, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს: „სად?“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „თოვლი“, „რომელი საათია?“… ასევე, ჩემთვის ერთ-ერთი  გამორჩეული ლექსია  გრანელის „სადღაც სდუმს მთები“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

როგორც ანა ამბობს, სურს, რომ განსხვავებულად წეროს, თუმცა რთულად მიაჩნია  – არ მოექცეს იმ დიდებული პოეტების გავლენის ქვეშ, რომლებიც უხვად გვყავდა. ანა სამომავლო მიზნებსა და სამწერლო კარიერაზე დეტალურად საუბარს ერიდება, თუმცა ამჟამინდელ ფიქრებს მაინც გვიმხელს: ,,ახლა მუდმივ ძიებაში ვარ, ლექსების წერა  ამ ლაბირინთებიდან თავის დაღწევაში მეხმარება, ეს უფრო ერთგვარი თავშესაფარია, რომელიც რეალობას მწყვეტს. არ ვიცი, მომავალში, შესაძლოა, სხვაგვარად შევხედო ამას, მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს უფრო თვითრეალიზების საშუალებაა“.

ია ნადირაშვილი

თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn