ანა კუპატაძე ფაკულტეტზე საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტი ანა კუპატაძე უნივერსიტეტში აკადემიური მიღწევებით გამოირჩევა. ანა თსუ-სთან დაკავშირებულ თავის პირველ გადაწყვეტილებებს ასე იხსენებს: „მამაჩემისგან ხშირად მესმოდა თსუ-ზე, ისიც აქ სწავლობდა და ხშირად მიყვებოდა – რამხელა გამოცდილება მისცა ამ უნივერსიტეტმა. მეც ბაკალავრიატი აქ დავამთავრე და ბუნებრივად გადავწყვიტე, რომ მაგისტრატურაც ისევ თსუ-ში გამეგრძელებინა. ძალიან მიყვარს ის კორპუსი, სადაც ვსწავლობ. ,,მაღლივი“ არის ურთიერთობა… თსუ-ზე საუბრისას პირველი აქ შეძენილი მეგობრები მახსენდება – ეს ყველაზე დიდი შენაძენია ჩემთვის“.
ანა უკვე მეორე კურსის მაგისტრანტია და აკადემიური კუთხით ყოველთვის აქტიური და მიზანმიმართული იყო.
„სკოლა ოქროს მედალზე დავასრულე, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ოლიმპიადებში, უნივერსიტეტშიც მოტივირებული ვიყავი – ვწერდი ნაშრომებს, მქონდა მაღალი სასემინარო მოსწრება. ბაკალავრიატი წითელ დიპლომზე დავასრულე, GPA მქონდა 3.9. მაგისტრატურის პირველი კურსიც წარმატებით დავასრულე. ჩემი 4.0 GPA-ის გამო ფაკულტეტზე საუკეთესო ხუთეულშიც მოვხვდი და უნივერსიტეტისგან დაფინანსება მივიღე“, – ამბობს ანა.
მომავლის გეგმები, როგორც თავად ამბობს, ჯერ სიურპრიზად უნდა დარჩეს, თუმცა დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში: „მინდა სწავლის გაღრმავება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. დეტალებზე ჯერ არ ვილაპარაკებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ – ყველაფერი გამომივა, რასაც მიზნად დავისახავ“.
ანა კუპატაძე თსუ-ს ის სტუდენტია, რომელიც უნივერსიტეტის სახელის ღირსეულად ტარებას არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც ამტკიცებს – მისი გზავნილი მომავალ თაობებს პირდაპირია: „მინდა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყოს, სადაც ჩაბარება მოუნდებათ მომავალ თაობებს, რადგან თსუ ღირებული ცოდნის მიღებასთან ერთად სანიმუშო ადამიანად ჩამოყალიბებასა და პროფესიულ ზრდაში რეალურად გეხმარება“.
