ანა ხუზმიაშვილს უნივერსიტეტის საიუბილეო მონეტა გადასცეს

თარიღი: 2023-06-13 20:37:39

ცოტა ხნის წინ თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტები 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წარჩინებით დასრულებისთვის უნივერსიტეტის საიუბილეო მონეტით დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის იყო ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ანა ხუზმიაშვილი.

ანამ  თბილისის მე-10 საჯარო სკოლა დაამთავრა. თავდაპირველად ფიზიკოსობა უნდოდა, თუმცა მეცხრე კლასში აღმოაჩინა, რომ ფიზიკაზე  მეტად ადამიანის გონების  ამოუცნობი და მისტიკური  სამყარო აინტერესებდა. ამბობს, რომ ამ პერიოდიდან დაიწყო თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ვებ-გვერდის თვალიერება: „ვაკვირდებოდი თსუ-ს აქტივობებს  და მის სასწავლო პოლიტიკას, ვეცნობოდი საიტს, ფსიქოლოგიის მიმართულების პროგრამასაც გავეცანი, ვნახე ქალბატონ თამარ გაგოშიძის ინტერვიუები თუ სატელევიზიო გამოსვლები  და მივხვდი, რომ ჩემს ინტერესებთან ეს მეცნიერება ახლოს იყო. თან, არ დავმალავ და, ამ ფაკულტეტის პროფესურას კარგი რეპუტაცია ჰქონდა ჩემ გარშემო და ამანაც განაპირობა არჩევანი“, – გვიყვება ანა.

დღეს მისი ქულების საშუალო მაჩვენებელი (ე.წ. GPA)  ოთხია, თუმცა არ ფიქრობს, რომ ამით ყველაფერი დასრულებულია და მხოლოდ მაღალი მოსწრება განაპირობებს მის მომავალს. მან მესამე კურსიდან უკვე დაიწყო სამეცნიერო კვლევებში ჩართვა და სულ ცოტა ხანში თსუ-ს სტუდენტურ ჟურნალში – „ფსიქოლოგია  და  განათლების მეცნიერებები“ – პირველ კვლევასაც გამოაქვეყნებს.

თემა, რომელზეც ანამ იმუშავა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მიმართულებით, თვითშეფასებას და ქვეზღურბლოვან სტიმულაციას  შეეხებოდა და იმდენად მოეწონა ეს პროცესი, მომავალშიც აპირებს გაგრძელებას: „ქვეზღურბლოვანი, ანუ იგივე არაცნობიერი  აღქმა ადრე ნაკვლევი იყო. დღეს ეს საკითხი ძალიან აქტუალური გახდა ახალგაზრდებში. ისინი ირწმუნებიან, რომ უსმენენ ქვეზღურბლოვან შეტყობინებებს, იმაღლებენ თვითშეფასებას და ა.შ.,  მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურა კონსისტენტური არ არის ამ მიმართულებისა, არსებობს ამასთან დაკავშირებით ამბივალენტური შეხედულებები და ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნებოდა – ხელახლა მივბრუნებოდი ამ საკითხს. თავიდან ჩამოვაყალიბე ჰიპოთეზა, რომ ორი კვირის განმავლობაში ქვეზღურბლოვანი შეტყობინებების მოსმენა აამაღლებდა მონაწილეთა თვითშეფასებას. ჩავატარეთ ექსპერიმენტი, გავზომეთ თვითშეფასება, როგორც ზოგადი კონსტრუქტი და დავაკვირდით, როგორ იმოქმედებდა ქვეზღურბლოვანი შეტყობინება თვითშეფასებაზე. ჰიპოთეზა არ გამართლდა, მაგრამ ყველა კვლევას აქვს კონკრეტული შედეგი – ამ შემთხვევაში დავადგინეთ, რომ საჭიროა კონკრეტული ნორმატივების შემუშავება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ასეთი კვლევა და რამდენ  ხანს უნდა გაგრძელდეს სტიმულაცია, რომ თვითშეფასებაზე იმოქმედოს…“, – ამბობს იგი.

კითხვაზე – რას ელოდა და რა დახვდა უნივერსიტეტში, ანა დაუფიქრებლად გვპასუხობს, რომ ელოდა უფრო კონსერვატულ, ფორმალურ და დაძაბულ გარემოს, მაგრამ რეალურად დახვდა თბილი, მიმღებლური კლიმატი, რაც ფსიქოლოგებისგან ნამდვილად მოსალოდნელი იყო: „აქ ლექტორები და მთელი პერსონალი ძალიან კარგ და საჭირო გარემოს ქმნიან, რომ განვითარდე, ისწავლო და სტუდენტურ ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩართული. ყველა ლექტორი მომწონს და ყველა კურსზე მეცვლება საყვარელი ლექტორები. ამჟამად ძალიან დაინტერესებული ვარ მასობრივი კომუნიკაციით, პოლიტიკის ფსიქოლოგიითა და კროსკულტურული ფსიქოლოგიით, რომელსაც ელენე კვანჭილაშვილი მიკითხავს და  უაღრესად საინტერესო ლექციებს გვიტარებს. ზოგადად, სტუდენტობაში უცებ გავრცელდება ხოლმე ხმა ამა თუ იმ საგანზე ან ლექტორზე და გარკვეული მოლოდინები გიჩნდება.  მაგალითად, ერთ-ერთი რთული საგანია განწყობის ფსიქოლოგია და მოლოდინი იყო – გამიჭირდებოდა სწავლა, მაგრამ ჩვენმა ლექტორმა ანა ორთოიძემ ისე მოგვაწოდა ეს მართლაც რთული თემა, რომ ძალიან გააადვილა ჩემი ურთიერთობა განწყობის ფსიქოლოგიასთან“, – ასე აღწერს ანა სასწავლო გარემოს.

ჯერჯერობით, კონკრეტული მიმართულება არჩეული არ აქვს. აკვირდება საგნებს და უნდა, რომ საკუთარი ინტერესები და მომავალი ვიწრო სპეციალობა ერთმანეთს დაუკავშიროს. გარკვევით მხოლოდ ერთი რამ იცის – აუცილებლად ჩააბარებს მაგისტრატურაში და სწავლის მომავალი საფეხურიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იქნება დაკავშირებული.

რატომ თსუ? იმიტომ, რომ ცოდნის მიღების გარდა, ანას აზრით, აქ პიროვნულად ზრდის საუკეთესო საშუალებაა: „უნივერსიტეტმა მომცა გამოცდილება და მიმაჩნია, რომ ეს გამოცდილება ჩემს პიროვნულ ზრდაში, თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის მომატებაში ვლინდება. აქ ყოველთვის შემიძლია დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება, რაც ყველა ლექტორის მხრიდან წახალისებულია; ყველაფერთან ერთად, უნივერსიტეტმა მიზნის მიღწევის ჟინი გამომიმუშავა და ეს  აუცილებლად შეასრულებს როლს ჩემს მომავალ გადაწყვეტილებებში“, – ამბობს იგი.

Facebook
Twitter
LinkedIn