ანა ცინცაძე: ,,ჩემი უნივერსიტეტი არანაირად არ ჩამოუვარდება იქაურს“

თარიღი: 2026-03-09 13:04:30

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ანა ცინცაძემ ერთი სემესტრი ესპანეთში გაატარა. ინგლისური და ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა და სამშობლოში საინტერესო გამოცდილებით დაბრუნდა.

როგორც თავად ამბობს, ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრებამ მას საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვისა და პიროვნული განვითარების საშუალება მისცა. „ჩემი ყველაზე დიდი წარმატება სწორედ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება იყო. ეს იყო ჩემი ქვეყნის დატოვება და სრულიად მარტო ახალი ცხოვრების დაწყება. ვისწავლე პასუხისმგებლობის აღება და გავიზარდე როგორც პიროვნულად, ისე აკადემიურად. იქ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებთან გატარებული დროც საუკეთესო მოგონებებად დარჩება. გარდა ამისა, გავეცანი ახალ კულტურას, ავითვისე ესპანური ტრადიციები და ენა, ვიმოგზაურე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა ამ ულამაზესი ქვეყნის ასე ახლოდან შეცნობის შესაძლებლობა“, – ამბობს სტუდენტი.

ანას თქმით, ევროპაში სწავლა ყოველთვის იყო მისი მიზანიც და ოცნებაც, თუმცა გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობა სპონტანურად გადაწყვიტა და საბუთების შეგროვება დაიწყო: ,,დოკუმენტების მოძიება და მომზადება შრომასა და დიდ დროს მოითხოვს. იმდენად გაურკვეველი ვიყავი ამ საკითხში, რომ თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს რჩევებისთვის ხშირად ვაკითხავდი, რაც ძალიან დამეხმარა და ყველას ვურჩევ – გაიარონ მათთან კონსულტაცია. შემდეგი ეტაპი ინგლისურენოვანი ინტერვიუ იყო, საბოლოოდ კი – უნივერსიტეტისგან მიღების მეილი, რამაც ჩემს შემთხვევაში ძალიან დააგვიანა. იმედი უკვე გადაწურული მქონდა, თუმცა ბოლო კანდიდატად ამირჩიეს და მივიღე მოწვევის წერილი.  ასე რომ, არასდროს დაკარგოთ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ“!  –  იხსენებს ანა.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში სწავლების მეთოდები და შეფასების სისტემა თსუ-სგან განსხვავებული აღმოჩნდა. ახალ გარემოსთან შესაგუებლად ანას გარკვეული დრო დასჭირდა. „ყურადღება გასამახვილებელია იმ ფაქტზე, რომ თსუ-ში საკითხები უფრო თეორიულად ისწავლება, ესპანეთში კი პრაქტიკას ანიჭებენ უპირატესობას. ხშირ შემთხვევაში გიწევს იაზროვნო და პრაქტიკულად გააკეთო სავარჯიშოები, ბევრია ქვიზები და ტესტები. ასევე,  იქ  უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ლექციებზე დასწრებასა და ფინალურ გამოცდას. მიუხედავად ამისა, ესპანეთში სწავლისას მივხვდი, რომ თსუ-მ მასწავლა იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინა. ნათელი გახდა, რომ ჩემი უნივერსიტეტი არანაირად არ ჩამოუვარდება იქაურს და მეტიც – ზოგ საკითხში უკეთესი სწავლების მეთოდიკა, სასწავლო გარემო და პროგრამა აქვს. უნივერსიტეტმა მომცა შანსი, რომ სხვა ქვეყანაში გამომეცადა ცხოვრება და განათლების მხრივ სრულად შემამზადა ამისთვის“, – აღნიშნავს ანა ცინცაძე.

ანა მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მისი მიზანია, კვლავ მიიღოს მონაწილეობა მსგავს საინტერესო და მრავლისმომცემ პროექტებში, ხოლო წარმატების ისტორიის მთავარ გაგრძელებად იქ მიღებული ცოდნის საკუთარ ქვეყანაში გამოყენება მიაჩნია.

Facebook
Twitter
LinkedIn