ანი ბერიძე: ნორვეგიული სისტემა გასწავლის როგორც დამოუკიდებელ, ისე გუნდურ მუშაობას“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ანი ბერიძე გაცვლითი პროგრამით ნორვეგიაში, ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში იმყოფებოდა. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის და საერთაშორისო გამოცდილების მიღების სურვილი მას უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გაუჩნდა, რადგან მიხვდა, რომ ეს იყო გზა, რომელიც კარიერულ და პიროვნულ განვითარებას ძალიან წაადგებოდა.
ანი გაცვლითი პროგრამისთვის მზადებას პირველი კურსიდანვე შეუდგა. იცოდა, რომ პროგრამაში გამარჯვებისთვის მზად უნდა ყოფილიყო ინტენსიური შრომისა და თავდადებისთვის. მანაც, სხვა კონკურსანტების მსგავსად, რამდენიმე ეტაპი გაიარა და, მაღალი აკადემიური მაჩვენებლების გარდა, დასჭირდა ენის ცოდნის დადასტურების, სამოტივაციო წერილის, პროფესორ-მასწავლებელთა რეკომენდაციისა და სხვადასხვა დოკუმენტის წარდგენა, თუმცა ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ეტაპად ახლა ინგლისურენოვან გასაუბრებას მიიჩნევს, რადგან გასაუბრებაზე სულ რამდენიმე წუთი გაქვს, დაამტკიცო, რომ სწორედ შენ ხარ იდეალური კანდიდატი. მისი აზრით, გასაუბრებაზე აუცილებელია – იყო თავისუფალი, თავდაჯერებული და აჩვენო, რომ გაქვს სათანადო ცოდნა, ხარ კომუნიკაბელური და მზად ხარ ყველანაირი გამოწვევისთვის.
ნორვეგიაში გატარებული სემესტრი ანისთვის იყო შანსი როგორც კარიერული, ისე პიროვნული განვითარებისათვის. „ეს რამდენიმე თვე ჩემთვის მრავლის მომცემი აღმოჩნდა, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დამაფიქრა და აზრი შემაცვლევინა. საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობამ, სხვადასხვა კულტურასა და მენტალიტეტთან შეხებამ გამიძლიერა მიმღებლობისა და ადაპტაციის უნარი. გავიცანი სტუდენტები მთელი ევროპიდან, შევიძინე უამრავი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრს გავაცანი საქართველო, ქართული კულტურა და მეც გავეცანი მათ კულტურას. ნორვეგიაში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, რამაც კიდევ უფრო დამაახლოვა სხვა სტუდენტებთან“, – იხსენებს ანი.
ის ფიქრობს, რომ ამ საეტაპო სემესტრის ნორვეგიაში გატარებამ კიდევ უფრო მადლიერი გახადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, რომელმაც მისცა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა ,,ერასმუს +”-ის პროგრამაში, ესწავლა ნორვეგიაში, გასცნობოდა ევროპულ კულტურას და სკანდინავიის განათლების სისტემას.
„ნორვეგიაში დამხვდა სრულიად განსხვავებული სასწავლო მიდგომა. თსუ-ში, ძირითადად, ლექცია-სემინარების ფორმატია, ხშირად გვაქვს შუალედური გამოცდები, ქვიზები და აქტიურობაზე დაფუძნებული შეფასება. ნორვეგიაში კი უმეტესად სალექციო ფორმატი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასწავლო პროცესი ძალზე ინტერაქტიული იყო: ჩართულები ვიყავით ჯგუფურ დავალებებში, დისკუსიებში, „ქეისების“ ანალიზში, პრაქტიკულ საქმიანობაში, ვსწავლობდით პრობლემების გლობალური პერსპექტივიდან დანახვას და კრიტიკულ აზროვნებას. ნორვეგიული სისტემა გასწავლის როგორც დამოუკიდებელ, ისე გუნდურ მუშაობას“, – ამბობს ის და პარალელს ავლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლების თეორიული სწავლება მაღალ დონეზეა, თუმცა პრაქტიკული „ქეისები“ ნაკლებად განიხილება: „თსუ ხშირად შემოიფარგლება თეორიული სწავლის მეთოდებით, რაც ერთგვაროვანია. ნორვეგიაში ყველაზე მეტად მრავალფეროვნებამ მომხიბლა. ლექტორები ლექციებზე მუდმივად გვავარჯიშებდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებაში – იქნებოდა ეს დოკუმენტური ფილმის ანალიზი, ქეისების განხილვა თუ რეალურ კომპანიებში არსებული პრობლემების მოძიება და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა. იქ სტუდენტს ხელი მიუწვდება ყველა საჭირო რესურსზე, იქნება ეს ტექნოლოგიები თუ სამუშაო სივრცე“.
მისი აზრით, ასეთი მიდგომა ავითარებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარს და გუნდური მუშაობის კულტურას, რაც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და დაფასებული უნარია. „ვისურვებდი, თსუ-ში სწავლა მეტად იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული, ხოლო ლექცია-სემინარები – მრავალფეროვანი და ინტერაქტიული“, – ამბობს ანი ბერიძე.
