რა გამოწვევებზე საუბრობს ანა ავაქაშვილი წარმატებული გამოცდილების მიღმა

თარიღი: 2025-07-17 17:13:05

ანა ავაქაშვილი თსუ-სეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. მისი მონათხრობი ნათლად ასახავს იმ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და წარმატებებს, რომლებიც თსუ-ს სტუდენტობას თან სდევს. „თსუ ჩემთვის, პირველ რიგში, ხარისხიანი განათლების, აკადემიური თავისუფლებისა და დიდი ისტორიის მქონე სივრცეა. გადავწყვიტე სწორედ აქ მესწავლა საერთაშორისო ეკონომიკა, რადგან ვიცოდი, რომ ეს ფაკულტეტი გაძლიერებულ აკადემიურ ბაზაზე დგას და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ლექტორების გუნდით“, – ამბობს ანა.

ანა საუბრობს იმ გამოწვევაზეც, რომელიც, მისი აზრით, თსუ-ს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებდა: „სასურველი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს პრაქტიკული კურსები და ბიზნეს-სექტორთან პარტნიორობები, რაც სტუდენტებს სწავლების პარალელურად გაუადვილებდა რეალური გამოცდილების დაგროვებას“.

სასწავლო პროცესში ანაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ეკონომიკური პოლიტიკის ლექტორმა, პროფესორმა ირინა გოგორიშვილმა. „მისი ლექციები იყო არა მხოლოდ ინფორმაციული და მდიდარი შინაარსის, არამედ მიზანმიმართული  სტუდენტის პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებისკენ. ეს არის ის შემთხვევა, როცა ლექტორი ნამდვილად ,,შთაგაგონებს“, – გვითხრა ანამ.

საკუთარ წარმატებად საუნივერსიტეტო სივრცეში ანა მიიჩნევს თანმიმდევრულ ზრდას, რომელსაც სწავლის განმავლობაში მიაღწია. ბაკალავრიატში, ოთხი წლის განმავლობაში, მან ყველა სემესტრში მიიღო სემესტრული სტიპენდია, რაც მისთვის არა მხოლოდ წახალისება იყო, არამედ პასუხისმგებლობის ზრდის საფუძველიც გახდა.

მისი კვლევითი ინტერესები თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც სწავლებისას მოამზადა, ეხებოდა მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას და მის გავლენას შრომის ბაზარზე. „ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის, რადგან უკავშირდება გლობალურ ეკონომიკურ ტრენდებს, შრომის ბაზრის ცვლილებებსა და საერთაშორისო ეკონომიკის სწრაფად ცვალებად რეალობას. სწორედ ამ მიზეზით ვგეგმავ – სამაგისტრო ნაშრომიც ამ თემატიკას დავუკავშირო და მასში ღრმად შევისწავლო ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა შრომით ურთიერთობებზე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნავს ანა.

სტუდენტური ცხოვრება თსუ-ში, ანას შეფასებით, მრავალფეროვანია, თუმცა იგი გამოწვევებზეც საუბრობს: „ვისურვებდი მეტ შესაძლებლობას სტაჟირებისა და პრაქტიკული საქმიანობის კუთხით, რაც პირველ ნაბიჯებს წარმოადგენს დაგროვილი თეორიული ცოდნის საფუძვლიანად გამოყენების მხრივ. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პროფესიულ სფეროსთან პირდაპირი კავშირების გაძლიერება – მათ შორის შეხვედრები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან და სფეროს პროფესიონალებთან“.

ანა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აპირებს მის მიერ არჩეული სპეციალობის შესაბამისად დასაქმდეს. „ამ ეტაპზე ვმუშაობ ისეთ სფეროში, სადაც არ მაქვს სრული შესაძლებლობა – გამოვიყენო ჩემი დაგროვილი ცოდნა და უნარები. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მალე შევძლებ ისეთი სამსახურის პოვნას, სადაც მექნება შესაძლებლობა  – გავაანალიზო ეკონომიკის ფართო სპექტრის საკითხები, მივიღო გამოწვევები და შევიმუშავო ეფექტიანი გადაწყვეტილებები. მიზნად დავისახე ვიყო პროფესიონალი, რომელიც თავისი ცოდნით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საზოგადოებასაც სარგებელს მოუტანს“, – ამბობს ანა ავაქაშვილი, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში დაგროვილ ღირებულებებს უკვე რეალურ ცხოვრებაში იყენებს.

Facebook
Twitter
LinkedIn