გერმანული გამოცდილება, როგორც პროფესიული განვითარების ახალი საფეხური

თარიღი: 2025-11-28 15:41:59

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტი ანა ასლანიშვილი გერმანიაში, იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გატარებულ დღეებს „პროფესიული ზრდის უმნიშვნელოვანეს ეტაპად“ აფასებს. მასშტაბური საერთაშორისო პროგრამა, რომელშიც ქართველ სტუდენტებს მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ, ანას შემთხვევაშიც საინტერესო და მრავალმხრივი გამოცდილებით გამორჩეული აღმოჩნდა.

ანა იხსენებს, რომ პროგრამის შესახებ შეტყობინება ფაკულტეტის დეკანატისგან, უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. „მალევე გავიარე რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად. შემდეგ ჩავაბარე გერმანული ენის ტესტი თსუ-ს საგამოცდო ცენტრში და გარკვეული ხნის შემდეგ ჩაგვინიშნეს გასაუბრება. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ მიმღები კლინიკის ხელმძღვანელები, რამაც ძალიან პოზიტიურად იმოქმედა ჩვენს შემართებაზე“,– ამბობს ის.

ანა გერმანიის ქალაქ იენაში, საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა. მისი სიტყვებით, პრაქტიკის პროცესში გაიარა ყველაფერი, რაც სტუდენტისთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი შანსი შეიძლება იყოს: „მქონდა საშუალება – დავსწრებოდი ყველა ინვაზიურ და არაინვაზიურ პროცედურას, მემუშავა პაციენტებთან უშუალოდ. ასევე ვესწრებოდი ექიმთა კონსილიუმებს და ვიღებდი მონაწილეობას მკურნალობის დაგეგმვის პროცესებში. ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა სტუდენტისთვის, რადგან საშუალებას გაძლევს, რეალურად შეეხო ევროპული მედიცინის მაღალ სტანდარტებს“, – იხსენებს ანა.

მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ყოველდღიური ურთიერთობა გერმანიაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებთან და გერმანელ კოლეგებთან. „მათი მადლიერი ვარ, რადგან ისინი ყოველთვის მზად იყვნენ გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო“,– აღნიშნავს ანა.

სტუდენტი ამბობს, რომ თსუ-ში მიღებულმა განათლებამ და ენობრივმა საფუძველმა მას საშუალება მისცა – ემუშავა გერმანიის წამყვან კლინიკებში: „თსუ-მ მომცა შესაძლებლობა საკუთარი ენობრივი უნარები წარმატებით გამომეყენებინა და გამემდიდრებინა პროფესიული ცოდნა, რამაც სწავლის დატვირთულ ყოველდღიურობას საინტერესო ელფერი შესძინა“.

ანა განსაკუთრებულად  გამოყოფს  სასწავლო მეთოდოლოგიის განსხვავებებს ორ ქვეყანას შორის. მისი დაკვირვებით,  გერმანელ  სტუდენტებს  პრაქტიკულ პროცესში ჩართულობის გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ:  „გერმანიაში თეორიული სწავლება პრაქტიკულთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. სტუდენტები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობენ კლინიკურ საქმიანობაში, რაც მათ კლინიკური აზროვნებისა და პროფესიული უნარების სწრაფად განვითარებაში ეხმარება“.

ანა ასლანიშვილი საქართველოს რეალობაში უფრო მეტი და ხანგრძლივი პრაქტიკული სწავლების დანერგვას ისურვებდა: „მგონია, რომ პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება ჩვენს ყოველდღიურ სასწავლო პროცესს კიდევ უფრო მდიდარსა და შედეგიანს გახდის“, – ამბობს ის.

Facebook
Twitter
LinkedIn