ამირან ცინცაძე: ,,ჩემთვის თსუ არის ინტელექტუალური კაპიტალით სავსე ადგილი“
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი ამირან ცინცაძეგაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში, ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფებოდა და საქართველოში დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.
„საზღვარგარეთ გატარებული სემესტრი გარდამტეხი იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, გავხდი უფრო დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი და მიმღები განსხვავებული აზრისადმი. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ურთიერთობა მქონდა სხვადასხვაგვარი ხედვისა და მისწრაფებების მქონე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან. სწავლების მეთოდები ვიძემეს უნივერსიტეტში ბევრად უფრო განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ველოდი. ჩემი აზრით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ბევრად უფრო შრომატევადია, ვიდრე ეს ვიძემეს უნივერსიტეტში იყო. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება თავის თავში მოიცავს დიდი თეორიული მასალის ათვისებას. სწორედ ამიტომ, სტუდენტებს გვიწევს სხვადასხვა მოაზროვნეებისა თუ პოლიტიკოსების თეორიების, დოქტრინების, მოსაზრებების შესწავლა, ასევე, ისტორიული ფაქტებისა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პარალელები გავავლოთ დღევანდელობასთან და არგუმენტირებულად ავხსნათ ესა თუ ის მოვლენა. იმ უნივერსიტეტში კი, სადაც ერთი სემესტრი გავატარე, ლექტორები მეტ ყურადღებას ამახვილებენ პრაქტიკულ და არაფორმალური სწავლების მეთოდებზე, ცდილობენ ნაკლებად დატვირთონ სტუდენტები საკითხავი მასალებით და სწავლების პროცესში ხშირად იყენებენ ვიდეო მასალებს თუ აუდიო ჩანაწერებს, სადაც ესა თუ ის საკითხი უფრო მარტივი და გასაგები ენითაა ახსნილი. ასევე, სხვადასხვა კურსის ფარგლებში ხშირი იყო ექსკურსიები ისტორიული ძეგლების, ადგილების მოსანახულებლად, რაც, ჩემი აზრით, სწავლის პროცესს უფრო ნაყოფიერს და საინტერესოს ხდის. ვთვლი, რომ მსგავსი პრაქტიკის დანერგვა თსუ-შიც შედეგის მომტანი იქნება, განსაკუთრებით ისეთ ფაკულტეტებსა და მიმართულებებზე, რომელთაც აქტიური გადაკვეთა აქვთ საქართველოს ისტორიასთან“, – გვიყვება ამირანი.
ლატვიაში გატარებულმა ხუთმა თვემ ამირანს დაანახა, რომ ყველა კულტურასა და ეროვნებას გააჩნია თავისი უნიკალური თავისებურება, რაც დასაფასებელია. ,,უწყვეტი კავშირი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან საშუალებას გაძლევს, რომ გაითავისო მათი დადებითი მახასიათებლები, რაც გეხმარება უკეთეს პიროვნებად და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. ვთვლი, რომ გავხდი მეტად კომუნიკაბელური, გავიუმჯობესე დებატების უნარები, რადგან სხვადასხვა კურსის განმავლობაში სტუდენტებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და დისკუსიის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დამეხმარა“, – ამბობს ამირანი.
ამირან ცინცაძე მეტად ემადლიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მას განსაკუთრებულ მისიასაც აკისრებს. იგი თვლის, რომ თსუ სტუდენტებს საკუთარი თავის უკეთესობისკენ გარდაქმნაში ეხმარება. ,,თსუ-ში სწავლამ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მომცა უნივერსალური განათლება – უნივერსიტეტის მთავარი დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის. აქ მიღებული განათლებისა და გამოცდილების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი სტუდენტი თუნდაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. თსუ-ში სწავლამ, ასევე, შესაძლებლობა მომცა უშუალო კავშირი მქონოდა ისეთ პროფესიონალ ლექტორებთან, რომლებიც, პარალელურად, დარგის სპეციალისტები არიან არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროპის მასშტაბით. ჩემთვის ეს არის ინტელექტუალური კაპიტალით სავსე ადგილი, სადაც რაც უფრო მეტს იშრომებ, მით უფრო წარმატებულ პროფესიონალად ყალიბდები. აქ სწავლამ გამიღრმავა პატრიოტიზმის გრძნობაც, რადგან ეს უნივერსიტეტი დაარსებულია ქართული სახელმწიფოს მამების მიერ (ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ წერეთელი, კორნელი კეკელიძე და ა.შ.), რაც, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ, უდიდესი პატივია“, – ამბობს ამირანი.
სტუდენტს უკვე საკუთრი „წარმატების ისტორიაც“ აქვს, თუმცა თავის თავზე საუბარი უჭირს. „ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ჩემი წარმატების ისტორია (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) მაინც პერსონალურ ზრდაზე და საკუთარი თავის რწმენაზეა დაფუძნებული. როდესაც თსუ-ში მოვხვდი, ნაკლებად თავდაჯერებული ვიყავი და არ ვიცოდი – რა მელოდა, თუმცა აქ არსებულმა კონკურენტულმა გარემომ უკეთესობისკენ მიბიძგა. ყოველი გამოცდა, ყოველი პროექტი, კონფერენცია თუ დაწერილი სტატია იყო ნაბიჯი ჩემი განვითარებისკენ. ,,ერასმუს +“-ის პროგრამის კონკურსში გამარჯვება კი იყო დადასტურება იმისა, რომ მუდმივი შრომა საკუთარ თავთან აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ მაქვს და როცა ვსაუბრობ ჩემს თავზე, ვგულისხმობ სხვა ჩემს თანატოლებსა და მთლიანად ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობა შეძლებს იმის ასრულებას, რაც მანამდე მიუწვდომელი ჩანდა ყველა თაობისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, მსურს, რომ ამ პროცესში ჩემი წვლილი მეც შევიტანო“, – აღნიშნავს ამირანი.
