ამირან ბერძენიშვილი ნებისმიერ სფეროში სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას არა სასურველად, არამედ აუცილებლად მიიჩნევს
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორის ამირან ბერძენიშვილის თქმით, სოციოლოგია ერთადერთი სოციალური მეცნიერებაა, რომელიც საზოგადოების არა რომელიმე მხარეს, არამედ საზოგადოებას, როგორც ერთიან მთელს, სწავლობს.
,,უნარი – დაინახო ნებისმიერი სიტუაცია მოპაექრე სისტემების პოზიციიდან, სოციოლოგიური ცნობიერების განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს. მხოლოდ სოციოლოგს შეუძლია საზოგადოებრივ ნაკლოვანებათა წინააღმდეგ გამოყენებულ სამართლებრივ მექანიზმთა და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებათა ეფექტურობის დონისა და ხარისხის გამოვლენა. ყველა დამწყები თუ პროფესიონალი სოციოლოგი უნდა იყოს ჭეშმარიტად ჰუმანური და მუდამ ახსოვდეს ოგიუსტ კონტის შეგონება „იცხოვრე სხვისთვის“, – ამბობს ამირან ბერძენიშვილი.
,,ხშირად სოციოლოგები ვერ უძლებენ გარკვეული სოციალური ჯგუფებისგან მომდინარე ზეწოლას და ამ ჯგუფთა ინტერესების გატარებას იწყებენ საზოგადოების კვლევის პროცესში. ამ შემთხვევაში კი ისინი არა მეცნიერის, არამედ იდეოლოგის ამპლუაში გვევლინებიან. სოციოლოგსა და მეცნიერ-მკვლევარს სუბიექტური პოზიციის გამოვლენის უფლება არ აქვს, თუმცა, როგორც მოქალაქეს – კი“… – ამბობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი, რომელიც ანგაჟირებულობას სოციოლოგისათვის მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს.
,,დღეს ქართულ სოციოლოგიურ სივრცეში შეინიშნება გარკვეული პრობლემები, კერძოდ, ქართული სოციოლოგია სოციოლოგიის ძირითად ფუნქციას – ნიღბები ჩამოხსნას სოციალურ და კულტურულ მოვლენებს და ისინი იმგვარად დაგვანახოს, როგორადაც რეალურად არსებობენ – სამწუხაროდ, ვერ ასრულებს“. ამირან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოების ნებისმიერ სფეროში ნებისმიერი რეფორმის გატარებისას სოციოლოგიური გამოკვლევების ჩატარება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია. ,,სწორედ მას შეუძლია მინიმალური დანახარჯებით მივაღწიოთ წარმატებას რეფორმის ეფექტიან განხორციელებაში, ან თავიდანვე რომელიმე რეფორმის განხორციელებაზე ხელი ავიღოთ, ვინაიდან კვლევებმა შეიძლება კარგად დაგვანახოს, რომ მოცემული რეფორმის მოცემულ სიტუაციაში განხორციელებას შეიძლება უკუეფექტი მოჰყვეს“, – აღნიშნავს ამირან ბერძენიშვილი.
სასურველია კვალიფიციურ სოციოლოგთა ცოდნასა და გამოცდილებას ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულება იყენებდეს და ამისთვის სოციოლოგიური კვლევის სამსახური ჰქონდეს. ამირან ბერძენიშვილის აზრით, ამგვარი სამსახურის არსებობა თსუ-საც დაამშვენებდა და პრობლემების ეფექტიან გადაჭრაში დაეხმარებოდა.
მარიამ (მარიკო) გაფრინდაშვილი
თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი