ახალი მონოგრაფია მუცლის ღრუს ურგენტული ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე

თარიღი: 2023-05-08 19:56:31

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ამირან ანთაძემ მონოგრაფია – „მწვავე აბდომინური პათოლოგია, მუცლის ღრუს ურგენტული ქირურგიის აქტუალური საკითხები“ – გამოსცა. ნაშრომში, ავტორის 48 წლიან კლინიკურ, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაზე დაყრდნობით, განხილულია „ის ფუძემდებლური ცვლილებები, რომელიც განიცადა დიაგნოსტირებისა და კლინიკური კვლევის უახლეს, თანამედროვე მეთოდებსა  და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულმა საექიმო სტრატეგიამ და მკურნალობის ტაქტიკამ მუცლის ღრუს ორგანოების დაავდებებით გამოწვეული ურგენტული მდგომარეობების, მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმული დაზიანებებისა და ცეცხლნასროლი ჭრილობების შემთხვევაში“.

ამირან ანთაძე მონოგრაფიაზე 9 წლის განმავლობაში მუშაობდა და, ახალი ნაშრომის გარდა, რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

„ზოგადი ქირურგია ქირურგიის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია. ჩვენს კლინიკებში ხშირად ხვდებიან პაციენტები გართულებული მწვავე ქირურგიული პათოლოგიით. დღევანდელი თანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებები და მეთოდები შესაძლებლობას იძლევა, რომ დიაგნოზი სწრაფად დაისვას, თუმცა მსოფლიოს წამყვან კლინიკებშიც კი არც თუ იშვიათია, როდესაც პირველი საათების განმავლობაში დიაგნოზის დადგენა ვერ ხერხდება და შეიძლება ეს პროცესი დროშიც გაიწელოს… ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი ექიმის მოსაზრება, რომელიც გარკვეულია ამა თუ იმ იშვიათი გართულებების კლინიკურ სიმპტომებსა და მიმდინარეობაში, რაც ხშირად ხელს უწყობს დროული ოპერაციის ჩატარებას. აღნიშნულ ნაშრომში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კლინიკების უდიდესი გამოცდილება და ცნობილი ავტორების პუბლიკაციები. ვიმედოვნებ, რომ ეს მონოგრაფია საჭირო გახდება ახალგაზრდა ქირურგებისა და რეზიდენტებისთვის და საინტერესო იქნება გამოცდილი სპეციალისტებისთვისაც“, – განმარტავს ამირან ანთაძე.

როგორც ისრაელის კაპლანის სამედიცინო ცენტრის მთავარი ქირურგი რეუვენ ელიგერი ამბობს: „ნაშრომი ეფუძნება თანამედროვე მედიცინის მიღწევებს. ავტორმა გადმოსცა პაციენტის მკურნალობის ახლებური მიდგომები როგორც კვლევების, ასევე ქირურგიული ნოუჰაუს გათვალისწინებით. აღწერილია პაციენტების მკურნალობის ახალი და ახლად დანერგილი მეთოდები“.

მონოგრაფია  – „მწვავე აბდომინური პათოლოგია, მუცლის ღრუს ურგენტული ქირურგიის აქტუალური საკითხები“ – საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ქსელშია ხელმისაწვდომი.

Facebook
Twitter
LinkedIn