ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აშშ-ს დაარსების 250-ე წლის იუბილეს მიეძღვნა
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ორგანიზებით, 15 მაისს, მუშაობა შეაჯამა ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ. წლევანდელი ფორუმი სიმბოლურად ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების 250-ე წლის იუბილეს მიეძღვნა სახელწოდებით – „თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია: ამერიკული იდეის ევოლუცია“.
,,წლევანდელი ფორუმის სათაური ნათლად ასახავს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებზეც ყურადღების გამახვილება დღეს აუცილებელია; იგი პასუხობს შეკითხვას – თუ რატომ არის ამ უდიდესი სახელმწიფოს გამოცდილების კვლევა ესოდენ მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე, ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოსთვის. ამერიკისმცოდნეობის, როგორც დარგის, უმთავრესი მისია სწორედ გლობალური, პრობლემური და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების სიღრმისეული ანალიზია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუდენტების პირველი ნაბიჯები – გადადგმული დიდი მეცნიერებისკენ – აუცილებლად იქნება წარმატებული და ნაყოფიერი“, – ასე მიმართა თავის მისასალმებელ სიტყვაში სტუდენტებს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა, რომელმაც მომავალში კონფერენციის მონაწილეთა გეოგრაფიის გაფართოებაც დააანონსა.

წლევანდელ კონფერენციაზე 21 საუკეთესო მოხსენება შეირჩა. ფორუმის ფარგლებში სტუდენტებმა საკმაოდ მრავალფეროვანი თემატიკა წარმოადგინეს. მათ შორის იყო ისეთი მაღალი აკადემიური დონის ნაშრომები, როგორიცაა თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის წევრის დავით ჭეჟიას მოხსენება: „აშშ–ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და ჩრდილოეთ ამერიკის პოლიტიკური დუალიზმი: კანადური მოდელი“, რომელშიც მან სიღრმისეულად გააანალიზა 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გავლენა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ორი განსხვავებული იდეოლოგიური და პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე. პირველადი დოკუმენტების შედარებით-ისტორიულ ანალიზზე დაყრდნობით, მომხსენებელმა წარმოაჩინა, თუ როგორ იქცა კანადა ბრიტანული გვიგვინის ქვეშ მიმდინარე ევოლუციურ, „კონტრ-რევოლუციურ“ პროექტად, რომელიც ამერიკული ინდივიდუალისტური რესპუბლიკის ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლოიალისტების როლსა და კანადურ „კულტურულ მოზაიკას“, რომელმაც ბრიტანული მემკვიდრეობა პროგრესულ სახელმწიფოდ გარდაქმნა და ამერიკული ფორმულის – „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“ – საპირისპიროდ აირჩია ლოზუნგი – „მშვიდობა, წესრიგი და კარგი მმართველობა“.
თსუ სტუდენტის,გიორგი გუგეშაშვილის მოხსენება – „მანჰეტენის პროექტი – ატომური ეპოქის დასაწყისი“ – ეხებოდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საიდუმლო სამხედრო-სამეცნიერო პროგრამის კომპლექსურ ანალიზს. შემთხვევის შესწავლის (Case Study) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ნაშრომი სიღრმისეულად იკვლევს პროექტის ინიცირების გეოპოლიტიკურ წინაპირობებს, ნაცისტური გერმანიის ბირთვული ამბიციების საპასუხოდ აინშტაინისა და ზილარდის შუამდგომლობას და პრეზიდენტ რუზველტის მიერ მიღებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. მომხსენებელმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეცვალა გერმანიის კაპიტულაციამ და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა გავლენების ზრდამ პროექტის პირვანდელი დანიშნულება, რაც, საბოლოოდ, 1945 წელს იაპონიის ქალაქების ატომური დაბომბვითა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებით დაგვირგვინდა. ავტორი ასკვნის, რომ „მანჰეტენის პროექტმა“ არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული გარდატეხა მოახდინა, არამედ საფუძველი ჩაუყარა გლობალურ ატომურ ეპოქას, რამაც უდიდესი იმპულსი მისცა ბირთვული მედიცინისა და ენერგეტიკის განვითარებას.
თსუ სტუდენტის, თამრიკო ბოლქვაძის მოხსენება – „იდეოლოგია და გეოპოლიტიკა: აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების განსხვავებული ნარატივები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების შესახებ“ – ამერიკული ორპარტიული სისტემის გავლენას ეხებოდა გლობალური საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. პარტიული დისკურსის ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, ნაშრომი ადარებს სენატის ოფიციალურ განცხადებებსა და სოციალურ მედიაში არსებულ რიტორიკას. მკვლევარმა ნათლად აჩვენა, რომ დემოკრატიული პარტია აქცენტს დიპლომატიასა და კოალიციურ მიდგომებზე აკეთებს, ხოლო რესპუბლიკური პარტია პრიორიტეტს ძალის პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას ანიჭებს. ავტორი ასკვნის, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები ამერიკულ საარჩევნო კონტექსტში შიდაპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად არის ქცეული. დამატებით, ნაშრომში განხილულია საქართველოს მაგალითიც, სადაც აღნიშნული მოვლენების გაშუქება მედიისა და პოლიტიკური აქტორების მიერ ასევე იძენს იდეოლოგიურ, პოლარიზებულ ხასიათს.
ნინო ვეფხვაძის მოხსენება – „პოსტსაბჭოთა ქართული ემიგრაცია აშშ–ში: „ამერიკული ოცნების“ ძიება 1990-იან წლებში“ – იკვლევს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებულ მძლავრ მიგრაციულ ტალღას. ისტორიულ-სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაშრომი აანალიზებს 90-იანი წლების მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისს, რამაც მაღალკვალიფიციურ კადრებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს ქვეყნიდან გადინებისკენ უბიძგა. მკვლევარმა ნათლად აჩვენა, რომ ევროპული ემიგრაციისგან განსხვავებით, რომელიც უფრო დროებით ხასიათს ატარებდა, აშშ-ში მიგრაციის მთავარი მოტივი პროფესიული თვითრეალიზაცია და „ამერიკული ოცნების“ მიღწევა იყო. ავტორი ასკვნის, რომ მიუხედავად ადაპტაციის სირთულეებისა, ამ ტალღამ წარმატებით შეინარჩუნა ინტელექტუალური რესურსი, შექმნა ძლიერი დიასპორული ქსელი და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმ პერიოდის საქართველოს ეკონომიკურ გადარჩენაში.
საინტერესო იყო მოხსენება –„პროტესტი იდეალური ქალი–დიასახლისის იმიჯის წინააღმდეგ აშშ–ში“, რომლის ავტორია ნინო ცხვედაძე. მისი ნაშრომი ეხებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული გენდერული როლების კრიტიკულ ანალიზს. ანალიტიკურ სტატიებსა და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით, ნაშრომი იკვლევს – თუ როგორ უწყობდა ხელს მედია და სატელევიზიო რეკლამები ქალის, როგორც მხოლოდ უსასყიდლოდ მომუშავე დიასახლისის, იმიჯის პროპაგანდას (რასაც ბეტი ფრიდანმა „სქესის გაყიდვა“ უწოდა). მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ფემინისტი ხელოვანის მარტა როსლერის 1975 წლის ცნობილ ვიდეო-პერფორმანსს – „სამზარეულოს სემიოტიკა“, რომელიც პოპულარული კულინარიული შოუების პაროდირებით აპროტესტებს ქალის ოჯახურ მონურ შრომას და წარმოაჩენს მას, როგორც სოციალური პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების მქონე სუბიექტს. ავტორი ასკვნის, რომ აღნიშნული კულტურული ფენომენები ამერიკელ ქალთა ფემინისტური მოძრაობის მეორე ტალღის მძლავრ კატალიზატორად იქცა.
კონფერენციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც: „სიკვდილით დასჯის ინსტიტუტი და ამერიკული დემოკრატიის პარადიგმა“ (ვერიკო თედოზაშვილი, თსუ); „ლუსი ჰიგს ნიკოლსი: აფროამერიკელი ქალის როლი აშშ-ის სამოქალაქო ომში“ (ბარბარე კაკაშვილი, თსუ); „პოპ-კულტურა, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის სარკე: ამერიკული ღირებულებების რეპრეზენტაცია მაშინგან კელის შემოქმედებაში“ (ანა ჯინჯოლავა, თსუ); „დამოუკიდებლობა ვისთვის? მკვიდრი მოსახლეობის შეხედულება ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნებაზე“ (მარიამ ბელიუაო, მანჰაიმის უნივერსიტეტი, გერმანია); „რატომ გადავიდა აშშ ცენტრალური ბანკების მიმართ უნდობლობიდან ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნაზე და რატომ აქვს ამას მნიშვნელობა დღესაც?“ (რობინ რიკო სავიპოლდი, ორჰუსის უნივერსიტეტი, დანია); „დემოკრატიული იდეალის გლობალური გავლენა: თავისუფლება და დემოკრატია აშშ-ის ფარგლებს გარეთ“ (ნარე აბრამიანი, სომხეთის ევროპული უნივერსიტეტი) და „აშშ-ის სამოქალაქო უფლებების მოძრაობა (1954–1968): მასმედია, როგორც სოციალური ცვლილებების ინსტრუმენტი“ (სალომე საბაშვილი, თსუ).
. . .
კონფერენციის უმაღლეს დონეზე ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა და ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტს, ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარეს ლუკა ჯინჭარაძესა და ამერიკისმცოდნეობის დოქტორს სოფიკო გელიაშვილს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ ჯერ კიდევ კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, რომ ამერიკისმცოდნეობის მიმართულებაზე გამორჩეულად ორგანიზებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდები სწავლობენ, რისი ნათელი მაგალითიც გახლავთ დღემდე ორგანიზებული ათზე მეტი კონფერენცია. ,,ჩვენი მიზანია, აღნიშნული სამეცნიერო პლატფორმა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მოხსენებების აკადემიურ ხარისხს. ეს კონფერენცია სტუდენტებს გზას უხსნის ამერიკის ისტორიისა და თანამედროვე გამოწვევების სიღრმისეული ანალიზისაკენ, საუკეთესო კვლევების გამოქვეყნება კი მათ პირველ ნაბიჯებს დიდ მეცნიერებაში კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის“, – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
