თსუ-სა და რუზველტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ამერიკისმცოდნეობისთვის, როგორც საქართველოში შედარებით ახალგაზრდა და, ამავე დროს, სწრაფად მზარდი დარგისთვის, თანამშრომლობა ევროპისა თუ ამერიკის წამყვან სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან მისი განვითარების ერთ-ერთი საწინდარია. ასეთი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო და, უპირველესად, სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, რომლებისთვისაც სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომებზე მუშაობისას წამყვანი ინსტიტუტების მდიდარ ბიბლიოთეკებზე წვდომა, საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობებში ჩართვა, გამოცდილების გაზიარება, სტატიების მაღალრეიტინგულ ჟურნალებსა თუ კრებულებში გამოქვეყნება, წარმატებულ მომავალს ჰქმნის.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა სწორედ ამ მიზნით დაიწყო მუშაობა რუზველტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტთან და მომავალი თანამშრომლობის შეთანხმებასაც მიაღწია.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის ელენე მეძმარიაშვილის თქმით, ეს თანამშრომლობა ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და პროფესურას სამეცნიერო და სასწავლო აქტივობების ინტერნაციონალიზაციის ახალ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს: „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რუზველტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტთან (ნიდერლანდები), რომელიც, მართალია, ლეიდენის უნივერსიტეტთანაა აფილირებული, მაგრამ ოფიციალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტს წარმოადგენს. მისი პროგრამები ითვალისწინებს ამერიკისმცოდნეობის იმ მიმართულებების კვლევასა და სწავლებას, რაც თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ამერიკისმცოდნეობის პროგრამების მიზანიც არის (იხ. https://www.roosevelt.nl/). მოლაპარაკება რუზველტის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, პროფესორ დამიან ალან პარგასთან 2023 წლის იანვრიდან მიმდინარეობდა. მიმოწერაში ჩართული იყო თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა. მიმდინარე წლის აპრილში შედგა შეხვედრა ზუმში, რომელზეც მემორანდუმის ხელმოწერის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ნიდერლანდების მხარეს გაეგზავნა თსუ-ს მიერ შედგენილი მემორანდუმის ტექსტი, რომელიც პროფესორმა პარგასმა შეავსო და ხელი ჯერ კიდევ აგვისტოში მოაწერა“, -აღნიშნა მან.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და რუზველტის (ნიდერლანდები) ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს: ამერიკისმცოდნეობის სფეროში სამეცნიერო პუბლიკაციების, სამეცნიერო და კვლევითი დოკუმენტების გაცვლას; სტატიების გაცვლას შესაბამის პერიოდულ გამოცემებში გამოსაქვეყნებლად; ერთობლივად მომზადებული პერიოდული პუბლიკაციების გამოცემას; ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას, რომელიც განკუთვნილია ამერიკისმცოდნეობის სფეროში თანამშრომლობისთვის; პროფესორების, სტუდენტების, მკვლევრებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას საგანმანათლებლო/კვლევითი აქტივობების განხორციელებისა და კონფერენციებში, სემინარებში, სიმპოზიუმებსა და სხვა საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად; ერთობლივი თემატური კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგ-კურსების ჩატარებას კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ინფორმაციის გაზიარებას ამერიკისმცოდნეობის სფეროში მხარეების მიერ ორგანიზებული კვლევებისა და მოახლოებული საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ; თანამშრომლობას მაგისტრანტებისა და დოქტორანტების თანახელმძღვანელობის სფეროში.
ელენე მეძმარიაშვილის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს თსუ-ში ამერიკისმცოდნეობის სწავლების გაუმჯობესებას.