სამეცნიერო კონფერენცია – „როგორ ვხედავთ ამერიკას გარედან“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამერიკისმცოდნეობისადმი მიძღვნილი 25-ე ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემით – „როგორ ვხედავთ ამერიკას გარედან“. ღონისძიება ერთდროულად დაემთხვა ორ მნიშვნელოვან თარიღს: კონფერენციის ისტორიის მეოთხედსაუკუნოვან იუბილესა და ქართული ამერიკისმცოდნეობის ფუძემდებლების, პროფესორების ვასილ კაჭარავასა და თემურ კობახიძის ხსოვნას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობდა.
კონფერენცია თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. მისმა გამოსვლამ ხაზგასმით წარმოაჩინა ამერიკისმცოდნეობის, როგორც აკადემიური მიმართულების, მნიშვნელობა და ის ღირებულებითი კონტექსტი, რაც აკადემიურ სივრცეს უკავშირდება.
„თსუ განაგრძობს თანამშრომლობას აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენი სტუდენტები მიემგზავრებიან ტეხასის უნივერსიტეტში, ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამებს სან დიეგოს უნივერსიტეტთან, გვაქვს საზაფხულო სკოლის პროექტი ჰარვარდის უნივერსიტეტთან და აქტიურად ვმუშაობთ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ეს კონფერენცია კი იმ ღრმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგია“, – განაცხადა რექტორმა. მისი თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ახალ პარტნიორებთან, რათა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს აშშ-სთან საგანმანათლებლო დიალოგი.
კონფერენციაზე ასევე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე და ამერიკისმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე მეძმარიაშვილი.
„დღეს, როდესაც გლობალური და რეგიონული დაძაბულობა მწვავდება, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ ვხედავთ ამერიკას საქართველოდან და რას ველით იმ ურთიერთობებისგან, რომლებიც უკვე არ არის მხოლოდ დიპლომატიური ან პოლიტიკური, არამედ არის კულტურული, სამეცნიერო და ღირებულებითი. ჩვენთვის ამერიკის შესწავლა არ არის ერთი სახელმწიფოს მიმართ გამოჩენილი ყურადღება – ესაა ღირებულებების კვლევა, კრიტიკული განათლების ფორმირება და გლობალურ კონტექსტში საქართველოს პოზიციის გააზრება“, – აღნიშნა კონფერენციის გახსნისას თსუ-ს პროფესორმა და ამერიკისმცოდნეობის მიმართულების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ელენე მეძმარიაშვილმა. მისი თქმით, ,,მიმდინარე გლობალური და რეგიონული დაძაბულობა პირდაპირ აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პასუხისმგებლობას აკადემიური წრის წინაშე. ჩვენ ეს მიმართულება სწორედ იმიტომ დავაარსეთ, რომ სიმართლე გვეთქვა“, – ამბობს ელენე მეძმარიაშვილი. მისივე თქმით, კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება თსუ-ში, ამ მიზნის გაგრძელებაა.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება. ეს კონფერენციები უნიკალური სივრცეა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ ხედვის გასაზიარებლად – როგორ ვხედავთ ამერიკას საქართველოდან. სწორედ ამერიკის ობიექტური შესწავლა და მითებისგან განთავისუფლება არის ის ამოცანა, რომლისთვისაც თსუ-ში ეს მიმართულება დაარსდა“, – აღნიშნავს ქალბატონი ელენე.
სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 120-ზე მეტმა სპიკერმა, მათ შორის, თსუ-ს პროფესორებმა, უცხოელმა მკვლევრებმა, პროფესორებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და ახალგაზრდა მკვლევრებმა, რომლებმაც ამერიკისმცოდნეობის სხვადასხვა მიმართულება – პოლიტიკა, ისტორია, ლიტერატურა, კულტურა, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, არქიტექტურა, მედიცინა – ინტერდისციპლინური პერსპექტივით გააანალიზეს და განიხილეს. წარმოდგენილი თემები მრავალფეროვანი იყო – დაწყებული საგარეო პოლიტიკით, დასრულებული ამერიკული არქიტექტურის, ფილოსოფიისა და მედიცინის კვლევით.

„ამერიკის შესწავლა გარედან არ ნიშნავს მხოლოდ აკადემიურ ინტერესს. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება ქართულ საზოგადოებას – გაამყაროს საკუთარი ადგილი დასავლურ ოჯახში არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღირებულებითი და ინტელექტუალური თვალსაზრისით“, – აღნიშნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ღონისძიება მიეძღვნა ამერიკისმცოდნეობის ერთ-ერთი დამფუძნებლების – ვასილ კაჭარავასა და თემურ კობახიძის ხსოვნას. პროფესორ კაჭარავას როლი კონფერენციის მონაწილეებმა არა მხოლოდ გაიხსენეს, არამედ გააზრებულად დაასახელეს როგორც მემკვიდრეობა, რომლის შენარჩუნება და განვითარება ამერიკისმცოდნეობის მიმართულების მომავლის სტრატეგიული ამოცანაა.
„ეს კონფერენცია ინტელექტუალური გარემოა, რომელიც აკადემიური დარგის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. კონფერენცია უნიკალურია იმითაც, რომ უკვე სამი თაობის მეცნიერები მონაწილეობენ მასში და მჭიდრო ინტელექტუალური დიალოგი უწყვეტად გრძელდება“, – განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ შიოშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის კონფერენციის 25 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის კვლევა საქართველოში არ არის მხოლოდ საგნობრივი მიმართულება – ეს არის ღირებულებითი არჩევანი. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაიმსახურა მაღალი აკადემიური შეფასება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მონაწილეების მხრიდან. კონფერენციამ დაადასტურა, რომ ამერიკისმცოდნეობა თსუ-ში არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი აკადემიური მიმართულებაა, არამედ უნივერსიტეტის თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნაწილიც.
