მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოსა და უკრაინის კულტურის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ისტორიაში
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე მუშკუდიანი (1938-2025) ნახევარ საუკუნეზე მეტი ერთგულად ემსახურა ორი ქვეყნის – საქართველოსა და უკრაინის -მწერლობასა და კულტურას. იგი 1962 წელს სტუდენტთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში უკრაინაში გაემგზავრა უკრაინული ენისა და კულტურის შესასწავლად. შემდეგ იქ დასახლდა, უკრაინა გახდა მისი მუდმივი საცხოვრებელი, ხოლო უკრაინული მწერლობა მისი, როგორც მკვლევრისა და მთარგმნელის, მუდმივი ფიქრის, მსჯელობისა და კვლევა-ძიების საგანი. ალექსანდრე მუშკუდიანის სახელს უკავშირდება, ერთი მხრივ, ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ ურთიერთობათა პროცესის განვითარების ხელშეწყობა (მან უკრაინულად თარგმნა ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლები, მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის ნიმუშები, ქართული სამეცნიერო ლიტერატურა; აგრეთვე უკრაინული პოეზია ქართულად და სხვ.), მეორე მხრივ, მისი მეცნიერული შესწავლა.
ათწლეულების განმავლობაში ალექსანდრე მუშკუდიანმა უკრაინის სხვადასხვა არქივსა თუ წიგნსაცავში მიაკვლია, დაამუშავა და მზის სინათლეზე გამოიტანა უნიკალური წყაროები, ბევრი ფაქტობრივი მასალა, რომლებიც ასახავს ქართულ მწერლობასთან უკრაინული ლიტერატურის კავშირების მრავალფეროვან ფორმებს, სახეებსა თუ უცნობ ლიტერატურულ ისტორიებს; ფუნდამენტურად შეისწავლა მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ-უკრაინული მთარგმენლობითი ურთიერთობების ისტორია. ორივე კულტურის ღრმა და ფუნდამენტური ცოდნის საფუძველზე შეუდარა და გამოიკვლია ნათარგმნ და ორიგინალურ ტექსტებს შორის არსებული მსგავსება-განსხვავებანი, კულტურათაშორისი განსხვავებების დაძლევის ხერხები, ქართულად თარგმნილი უკრაინული ლიტერატურისა და, პირიქით, უკრაინულად ნათარგმნი ქართული მწერლობის ნიმუშების დეტალური ანალიზის შედეგად განაზოგადა ტრანსლატოლოგიისა და კომპარატივისტული ლიტერატურათმცოდნეობის არაერთი მნიშვნელოვანი თეორიული პრობლემა. უკრაინაში იგი მუშაობდა ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიაში, აქედან გამომდინარე, მას ეკუთვნის ენციკლოპედიური სტატიებიც ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიის შესახებ.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი მეცნიერული ინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვექტორი, ნაკლებად შესწავლილი მიმართულება – ტიპოლოგიური კვლევები (სემანტიკური მსგავსებები/შესაბამისობები/დამთხვევები ქართულსა და უკრაინულ მწერლობაში ილია ჭავჭავაძისა და ივან ფრანკოს შემოქმედების შედარებითი კვლევების საფუძველზე). ამგვარი ნაშრომები საკმაოდ იშვიათია და, ფაქტობრივად, ქართულ-უკრაინულ კვლევებში მან დაუდო სათავე თანამედროვე კომპარატივისტიკისთვის მნიშვნელოვან ამ მიმართულებას. ალექსანდრე მუშკუდიანის მეცნიერულსა და მთარგმნელობით საქმიანობას მრავალმხრივი მნიშვნელობა ჰქონდა – მის სამეცნიერო ნაშრომებსა და თარგმანებს დიდი მნიშვნელობა აქვს არაერთი დარგისთვის, იქნება ეს – ქართული უკრაინისტიკა, უკრაინული ქართველოლოგია თუ, უფრო ფართო გაგებით, უკრაინული აღმოსავლეთმცოდნეობა. ამიტომ, მისი ამქვეყნიდან წასვლა ამ დარგებისთვის დიდი დანაკარგად შეფასდა კიდეც უკრაინული სამეცნიერო წრეების გამოხმაურებებში.
მას არასოდეს გაუწყვეტია კავშირი თავის ალმა-მატერთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თსუ-ს უკრაინისტიკის ცენტრთან, ქართველ კოლეგებთან, ახალგაზრდა უკრაინისტებთან, რომელთა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ბატონ ალექსანდრეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ქართველი კოლეგები ყოველთვის მადლიერებას გამოხატავდნენ მის მიმართ, სამეცნიერო საზოგადოება ყოველთვის აფასებდა მის როლსა და დამსახურებას. უკრაინისტიკის ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 2013 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში, საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის პროფესორ ალექსანდრე მუშკუდიანს მიანიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ოქროს მედალი.
ალექსანდრე მუშკუდიანმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ორივე ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის, კულტურის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ისტორიაში.
პროფესორ ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრი
