თსუ VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის სამუშაო გეგმა, სტრატეგია და პრიორიტეტები

თარიღი: 2023-07-04 19:17:28

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატებმა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი ალექსანდრე გაბაშვილი დაასახელეს. სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები უფლებამოსილები არიან სტუდენტების ინტერესები საფაკულტეტო საბჭოებში წარმოადგინონ, მიიღონ მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვის პროცესში, განახორციელონ პროექტები სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით. ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 000-მდე სტუდენტი სწავლობს.

როგორია ახალი მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის  ხედვა და რას ითვალისწინებს მათი სამუშაო გეგმა? – კითხვებს თსუ-ს VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი პასუხობს.

რა არის ახალი მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტი?

ალექსანდრე გაბაშვილი: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო მიმართულებაა, ასე იყო როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი და ასე არის ახლაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები იღებენ აკადემიურ განათლებას, თუმცა არსებობს არაფორმალური საგანმანათლებლო სისტემაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სტუდენტების პროფესიული ზრდისთვის. შესაბამისად, ვგეგმავთ საჯარო ლექციების, იმიტირებული სასამართლო პროცესების, დებატების და ა.შ. გამართვას, სადაც სტუდენტები მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას შეძლებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კულტურისა და სპორტის მიმართულებით პროექტები შემცირდება.“

რას მიიჩნევთ მთავარ გამოწვევად?

ალექსანდრე გაბაშვილი: „ჩვენთვის მთავარი გამოწვევა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროექტებში რაც შეიძლება მეტი სტუდენტის ჩართვაა. გვინდა, რომ სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ ლექციებზე დასწრებით არ შემოიფარგლებოდეს“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 000-მდე სტუდენტი სწავლობს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რა ფორმით გეგმავთ მათ პროექტებში ჩართვას?

ალექსანდრე გაბაშვილი: „შეუძლებელია ყველა მათგანი აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში ჩაერთოს, თუმცა ვგეგმავთ როგორც პროექტების, ასევე ამ პროექტებში ჩართული სტუდენტების რაოდენობის ზრდას. გვქონდა შემთხვევები, როდესაც მოწვეული მენტორის მოთხოვნით ერთ ჯგუფში მხოლოდ 20 სტუდენტის დარეგისტრირება შეგვეძლო, სწორედ ასეთ შემთხვევებში ვაპირებთ ჯგუფების რაოდენობის ზრდას.

შევეცდებით, რომ სტუდენტების ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ამისათვის ვგეგმავთ სპეციალური გამოკითხვების ჩატარებას, შედეგად განვახორციელებთ პროექტებს სტუდენტების ინიციატივების შესაბამისად და არა მხოლოდ ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე“.

სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსი, რის შედეგადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტები ფინანსდება, ითვალისწინებს სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი პროექტების დაფინანსებასაც. ამ მიმართულებით რას გეგმავთ?

ალექსანდრე გაბაშვილი: „ჩვენი გეგმა ამ მიმართულებითაც ანალოგიურია, პროექტების რაოდენობის ზრდა იმისათვის, რომ კვლევითი ინტერესების მქონე სტუდენტებმა ამ მხრივაც მიიღონ გამოცდილება. სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ახლაც მიმდინარეობს რამდენიმე კვლევითი ხასიათის პროექტი“.

რა იგეგმება სტუდენტების უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორ აპირებთ პრობლემების იდენტიფიცირებას და რა ბერკეტები გაქვთ მათ აღმოსაფხვრელად?

ალექსანდრე გაბაშვილი: „სტუდენტების უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა 3-4 თვეა მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე დეპარტამენტის წევრები საგამოცდო ცენტრში აწარმოებენ მონიტორინგს და ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში ადგილზევე ცდილობენ სტუდენტების პრობლემების მოგვარებს. ჩვენი დეპარტამენტის მეშვეობით რექტორთან შეხვედრის ორგანიზება მოხერხდა, რის შედეგადაც იმ სტუდენტებს, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ სწავლის გადასახადის დავალიანება გამოცდებამდე უნდა დაეფარათ, გადასახადის შეტანის დრო გონივრული ვადით გადაუვადდათ “.

ახსენე, რომ სტუდენტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დავალიანების დაფარვის ვადების შესახებ. არის შემთხვევები, როდესაც სტუდენტებს არ აქვთ ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც. ხომ არ გეგმავთ აქტივობებს სტუდენტების უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით?

ალექსანდრე გაბაშვილი: „ეს პრობლემა ნამდვილად დგას დღის წესრიგში. რეალურად სტუდენტების უმეტესობამ არ იცის  – რისი უფლება აქვს; ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი, როდესაც მათი უფლებები ირღვევა; როგორ აღმოფხვრას ესა თუ ის პრობლემა, რის წინაშეც სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დგებიან და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ საინფორმაციო კამპანიის დაწყებას და, ასევე, საშემოდგომო სემესტრიდან საჯარო ლექციების გამართვას, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ ამომწურავ ინფორმაციას მივაწოდებთ“.

რა იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოსა და საფაკულტეტო საბჭოებში თქვენი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი?

ალექსანდრე გაბაშვილი: „სენატისა და საფაკულტეტო საბჭოების წევრობა სტუდენტური თვითმმართველობის წევრი სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ ჩაერთონ უნივერსიტეტის მართვის პროცესში. პოზიციები, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იქნება სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე. უკვე გვქონდა მსჯელობა კვების ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც სტუდენტებისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება და გარკვეული სასიკეთო ცვლილებები უკვე დაგეგმილია. სპორტის მიმართულებით გვსურს, რომ პირველი კორპუსის ეზოში მდებარე სტადიონი გარემონტდეს, ასევე, მიგვაჩნია, აუცილებელია თსუ-ს რაგბის სტადიონთან ერთად ჰქონდეს დიდი საფეხბურთო სტადიონიც და ვფიქრობთ, ამ საკითხებზე მუშაობა მალე დაიწყება.

ზოგადად, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჰქონდეთ შესაბამისი პირობები როგორც სასწავლო-კვლევითი, ასევე, კულტურული და სპორტული აქტივობების განსახორციელებლად.

Facebook
Twitter
LinkedIn