ახლად გამოცემული წიგნი რუსეთის იმპერიის კოლონიურ პოლიტიკაზე საქართველოში

თარიღი: 2025-05-01 17:57:30

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაპყრობა; რუსული მმართველობის დამყარება საქართველოში და ახალი ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა; ბაგრატიონების სამეფო ოჯახის გადასახლება; საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება; დასავლეთ საქართველოს დაპყრობა და ადმინისტრაციული რეფორმები; საქართველოს ტერიტორიის ათვისების პროექტებისა და კოლონიზაციის პროცესი; საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა XIX საუკუნის დასაწყისში; რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული მოსახლეობის აღწერები  – ამ საკითხებს ვრცლად გაეცნობით ახლად გამოცემულ წიგნში – ,,რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში  – ეთნიკური და დემოგრაფიული სურათის ცვლილებების ისტორია“. სახელმძღვანელოს ავტორია თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი. წიგნი წარმოადგენს ავტორის ამავე თემატიკაზე შესრულებული კვლევების ერთგვარ გაგრძელებასა და საკითხის შეჯამებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი კვლევებისა, რომელიც მოიცავდა ქვემო ქართლისა და მისი მოსახლეობის ისტორიის შესწავლის საკითხებს – („ქვემო ქართლის სამხრეთი საზღვარი და სამხრეთის პროვინციები XV-XVIII საუკუნეებში“ (2015); „ქვემო ქართლის ეთნიკური და დემოგრაფიული სურათი  – ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა“ (2020).

წიგნი – ,,რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა საქართველოში  – ეთნიკური და დემოგრაფიული სურათის ცვლილებების ისტორია“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის (FR-21-22-519) ფარგლებში მომზადდა და გამოიცა. პროექტი განხორციელდა თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ბაზაზე ლერი თავაძის, ემილ ავდალიანისა და აკაკი ჩიქობავას მონაწილეობით.

წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში 25 აპრილს გაიმართა. წიგნისა და პროექტის სამეცნიერო ღირებულებასა თუ აქტუალობაზე ისაუბრეს: თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, თსუ-ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თედო დუნდუამ, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა დიმიტრი შველიძემ, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და სხვებმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შესწავლილია XIX საუკუნის საქართველოს მოსახლეობა. ქართველების გარდა, ბუნებრივია, განხილულია ყველა ეროვნება, რომელიც საქართველოში მანამდეც ცხოვრობდა, ან რუსეთის იმპერიის დროს დასახლდა. აღწერილია, როგორც მათი გადმოსახლების პროცესი, ისე მათი ყოფა, ეკონომიკური და სოციალური საკითხები. მათ შორის არიან: სომხები, თათრები, ოსები, რუსი სამხედრო კოლონისტები, რუსი სექტანტები – „რასკოლნიკები“, აფხაზები, ბერძნები, გერმანელები, ებრაელები, ჩრდილოეთ კავკასიელები, პოლონელები, ესტონელები, ქურთები, აისორები და სხვა მცირე ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები.

წიგნის ავტორმა ალექსანდრე ბოშიშვილმა სახელმძღვანელოს წარდგენისას ისაუბრა რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის შესახებ, ასევე, სხვადასხვა პერიოდის მკვლევართა შორის არსებული განსხვავებული დასკვნების თაობაზე.

,,მეცნიერთა ნაწილი, ოფიციალურ დოკუმენტაციასა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ავითარებს თავის მოსაზრებებს, რომლის მიხედვით, XIX საუკუნეში, საქართველოში სხვადასხვა ხალხის გადმოსახლების პროცესი იყო ქვეყნისთვის აუცილებელი და იმპერიის ამ პოლიტიკამ (საქართველოს ტერიტორიის ახალი მოსახლეობით შევსების შესახებ) ქვეყანას განვითარება, ინდუსტრიისა და, ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოუტანა. მეორენი მიიჩნევენ, რომ მეფის რუსეთის კოლონიური პოლიტიკა ადგილობრივებისთვის იყო მჩაგვრელი და ცალსახად დამაზიანებელი. რაც შეეხება საბჭოთა ისტორიოგრაფიას, ისიც, თავისთავად, უარყოფითად აფასებდა რუსეთის იმპერიის ეთნიკურ და დემოგრაფიულ პოლიტიკას, მაგრამ განსხვავებული არგუმენტებით. ამ შემთხვევაში, ეს დასკვნა ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით აღარ ჩანს. ის იდეოლოგიური ჭრილიდან არის დანახული. ამ მოსაზრების მიხედვით, გადმოსახლებული კოლონისტები „ტუზემცებს“ (ადგილობრივებს) უპირისპირდებოდნენ, თუნდაც, მიწის გამო და ამ დაპირისპირებით იმპერიული ხელისუფლება სარგებლობდა, შედეგად კი იჩაგრებოდა ადგილობრივი ყველაზე დაბალი ფენები. გარკვეულ საფრთხეში იმყოფებოდა ახალი დამკვიდრებულიც. ეს ყველაფერი სოციალურ კლასებს შორის დაპირისპირების ჭრილშია წარმოჩენილი. ნეგატიური შეფასებისას გადამწყვეტი ფაქტორია ის, რომ აღნიშნულ პოლიტიკას საიმპერატორო კარი, ანუ „მჩაგვრელი კლასი“ წარმართავდა. ამიტომ, ცალსახად უარყოფითად არის შეფასებული „ცარისტული რუსეთის“ დემოგრაფიული პოლიტიკა არა მარტო საქართველოს, ზოგადად, რუსეთის იმპერიის სხვა ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს საკითხი უფრო ეროვნული ნიშნით არის გაშუქებული და აღნიშნულია, რომ რუსეთის იმპერიის დემოგრაფიული პოლიტიკა ქართველების საზიანოდ, მიზანმიმართულად იყო ნაწარმოები. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის ომის გარეშე დაკავების მიუხედავად, იმპერია ადგილობრივ მოსახლეობას მაინც არ ენდობოდა და სხვადასხვა ხალხის გადმოსახლების შედეგად შექმნილი დასახლებები, კოლონიები იმპერიას საიმედო საყრდენად ესახებოდა“, – აღნიშნა ალექსანდრე ბოშიშვილმა.

წიგნი, რომელიც მრავალი ასპექტით აშუქებს რუსეთის იმპერიის კოლონიურ პოლიტიკას საქართველოში, განკუთვნილია XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის, ასევე, ეთნიკური და დემოგრაფიული პროცესების საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

Facebook
Twitter
LinkedIn