კაცი, რომელსაც ფილოსოფია ძლიერ უყვარდა

თარიღი: 2023-11-06 18:20:30

„მომავალ შაბათს შევხვდებით და დავასრულებთ თემას“ – ეს იყო ბოლო სიტყვები, რომელიც ჩვენ, სტუდენტებმა, ბატონი კაკოსაგან მოვისმინეთ. სამწუხაროდ, შაბათს, 2 საათზე, ზუსტად ლექციის დროს, ჩვენი ლექტორი აკაკი ყულიჯანაშვილი  უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ…

წასვლითაც გვასწავლა…

გვასწავლა, თუ როგორ უნდა წახვიდე ღირსეულად, იმ ფასეულობათა დაცვით, რასაც ასწავლიდი…

მე, ერთ-ერთ სტუდენტს, ბატონი კაკოს ლექცია რატომღაც სულ ჩემი საყვარელი წიგნის – ,,სოფის სამყაროს“ სიტყვებს მახსენებდა: ,,თუ პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ნუთუ კიდევ რჩება რაღაც ისეთი, რაც ყველას სჭირდება? დიახაც, რჩებაო, ფიქრობენ ფილოსოფოსები, მათ სჯერათ, რომ ადამიანი მარტო პურით ვერ დაკმაყოფილდება“.

ბატონი კაკო იყო ფილოსოფოსი, რომლის ფილოსოფიაც სწორედ ამას გვასწავლიდა: ადამიანი მეტია, ვიდრე წარმავალი საჭიროებანი. კაცს მხოლოდ პური არ ჰყოფნის. ამიტომაცაა, რომ მის წიგნებში ხშირად ვხვდებით ასეთ მსჯელობას…

საოცარი სიმარტივით შეეძლო ესაუბრა ურთულეს საკითხებზე…

დაგაფიქრებდა, ფიქრს გაგაყოლებდა ლექციის შემდეგაც…

ადამიანი უყვარდა…

ადამიანებზე საუბარი უყვარდა…

მახსოვს, ხშირად იტყოდა ხოლმე:  ,,თუ გინდა ადამიანი გაიცნო, სხვას ნუ დაუჯერებ – რას იტყვის მასზე, გაესაუბრე თუნდაც ხუთი წუთი და შენ მას გაიცნობ“.

ჩვენ, სტუდენტებმა სწორედ საუბრებით გავიცანით ბატონი კაკო  ასეთი: მოკრძალებული, თავმდაბალი, მეგობრული, უბრალო, უშუალო და  ღრმად მოაზროვნე…

ის ჩვენთვის უბრალოდ ბატონი კაკო იყო…

ყველას დაგვასწრებდა ხოლმე ლექციაზე მოსვლას…

გველოდებოდა…

კარში შეგვატარებდა…

საოცარია. ზუსტად ჩვენივე ლექციის დღესა და საათს გავაცილეთ ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ლექცია იყო, სადაც ყველა რაღაცას ვსწავლობდით.

ძნელია, წარსულში ისაუბრო ადამიანზე.

ბატონი კაკო იყო კაცი, რომელსაც ფილოსოფია ძლიერ უყვარდა, ის ფილოსოფია, რომელიც გასწავლიდა: ადამიანი მარტო პურით ვერ დაკმაყოფილდება…

როგორც ფიხტე იტყოდა, როგორი კაციც ხარ, ისეთ ფილოსოფიას ირჩევ…

ლუდმილა გელაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების

მე-3 კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn