აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია თსუ-ში

თარიღი: 2023-01-23 16:28:02

„თავისუფლება ციდან ჩამოვარდნილი მანანა არ არის, ის თვითონ უნდა გამოგლიჯო მტერს ხელიდან. ამისთვის უნდა ემზადო, განისმჭვალო ურყევი ნებით… ერი, რომელიც  თავისუფლებისთვის არ იბრძვის, არცაა ღირსი ამ სახელის ტარების…“ – ეს   სიტყვები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საგანგებო და სრულუფლებიან ყოფილ ელჩს საფრანგეთში აკაკი ჩხენკელს (1874-1959) ეკუთვნის, რომლის პოლიტიკური კარიერა 6 ათეულ წელს მოიცავდა და მისთვის მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოს ინტერესები უმთავრესი იყო.

ის იყო პირველი, ვინც „კულტურული ავტონომიის“ იდეა   ჯერ კიდევ რუსეთის სათათბირო დუმაში გაახმოვანა. აკაკი ჩხენკელი იყო პოლიტიკოსი, რომელიც 1918 წლის მაისში დაჟინებით მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის პორტფელი კი იმიტომ დატოვა, რომ მის პროგერმანულ ორიენტაციას ქვეყნისთვის ხელი არ შეეშალა. 1921 წლიდან 12 წლის მანძილზე აკაკი ჩხენკელი იყო ოკუპირებული საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ევროპის ქვეყნებში, რაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ჩვენი ქვეყნის დე-იურე აღიარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო.

საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) საგარეო საქმეთა მინისტრობამდე აკაკი ჩხენკელს დიდი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა მიღებული. ის იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს IV მოწვევის დეპუტატი, ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი.   უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მოწვევით, მას ხვდა წილად უნივერსიტეტის გახსნის დღეს, 1918 წლის 26 იანვარს, პირველი სიტყვის წარმოთქმის პატივი – დეტალურად ამ ისტორიებს მემორიალურ ალბომში გაეცნობით, რომლის პრეზენტაცია  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც თსუ ვიცე-რექტორი, პროფესორი  ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ალბომის შემქმნელები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ალბომში თავმოყრილია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მასალები.  მასში მოცემულია ინფორმაცია და ფოტომასალა აკაკი ჩხენკელის ოჯახის, საქართველოს  დამფუძნებელ კრებასა და პირველი რესპუბლიკის მთავრობაში მოღვაწეობის, აგრეთვე, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდის შესახებ. 

აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი, 2022 წელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI),  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.

ალბომში შესული დოკუმენტები, ფოტოები მოიძიეს და აღწერეს IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ და მკვლევარმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა სალომე ჭანტურიძემ.

როგორც ალბომის ერთ-ერთმა შემდგენელმა ანტონ ვაჭარაძემ აღნიშნა: „პროექტის მიზანია ახალმა თაობამ გაიგოს უფრო მეტი ადამიანზე, რომელიც XX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო; ადამიანზე,  რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია. მემორიალური ალბომი მოიცავს მისი 60 წლიანი პოლიტიკური კარიერის ამსახველ ბიოგრაფიულ დეტალებს, როგორც რუსეთის იმპერიის პოლიტიკოსის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი რანგის საზოგადო მოღვაწის და დევნილობაში, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს. მასში არის ძალიან ბევრი ახალი, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინფორმაცია – შესული საარქივო ჩანაწერებიდან“, – აღნიშნა ანტონ ვაჭარაძემ.

„როდესაც აკაკი ჩხენკელის არქივზე ვმუშაობდით, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ალბომი, რომელიც იქნებოდა ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი, რადგან აკაკი ჩხენკელის როლი და  ღვაწლი დაუფასებელია ჩვენს ქვეყანაში, არადა რეალურად  მის კისერზეა საქართველოში  დამოუკიდებლობის გამოცხადება. ის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლის ჩართულობით საქართველომ 1918 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა და მისი დიპლომატიური მოღვაწეობის შედეგად  არაერთმა სახელმწიფომ სცნო იგი.  

ალბომზე მუშაობის პერიოდიდან გამოვყოფდი მის კავშირს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.  1918 წელს,  უნივერსიტეტის დამფუძნებელთა კრების მოწვევით, აკაკი ჩხენკელმა პირველი სიტყვა წარმოთქვა თბილისის უნივერსიტეტის გახსნის დღეს და დღეს უკვე, მისი დაარსებიდან  105 წელს ვზეიმობთ“, – განაცხადა ალბომის ერთ-ერთმა შემდგენელმა  სალომე ჭანტურიძემ.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დორექტორმა გიორგი კეკელიძემ აკაკი ჩხენკელს  საქარველოს თანამედროვე დიპლომატიის მამა უწოდა და აღნიშნა, რომ „მას  ძალიან რთულ პერიოდში მოუწია დიპლომატიური  მოღვაწეობა და  სულ ბეწვის ხიდზე სიარული უხდებოდა…   სამწუხაროდ,  ეს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა იმ დიდი და ბრუტალური ძალის წინააღმდეგ,  რასაც ბოლშევიკური რუსეთი ერქვა, მაგრამ, მეორე მხრივ,  მან  ძალიან სერიოზული მემკვიდრეობა დატოვა.“

საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) საგარეო საქმეთა მინისტრობამდე აკაკი ჩხენკელს დიდი პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა მიღებული. ის იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს IV მოწვევის დეპუტატი, ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი. 

„როდესაც მის  მრავალრიცხოვან მიმოწერას ეცნობი, ხვდები, რომ  ამ ადამიანს ერთბაშად ჰქონდა  მინიჭებული გამაერთიანებელი მისია – ყველა დაპირისპირებულ  ჯგუფთან თუ ცალკეულ ადამიანთა შორის შემრიგებლის  როლს თამაშობდა, მისი ყველას სჯეროდა და მის სიტყვას  ყველასთვის გამორჩეული ფასი ჰქონდა. ამიტომ  იქცა აკაკი ჩხენკელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან  პოლიტიკურ სახედ,  ეროვნული სახელმწიფოს არქიტექტორად, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთგულების სიმბოლოდ“, – წერს ალბომის წინასიტყვაობაში   ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი  დოდო ჭუმბურიძე. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ  2018 წელს თსუ-ს გადაეცა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის აკაკი ჩხენკელის და ცნობილი მეცნიერის კიტა ჩხენკელის აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი.  თსუ-ს ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური არქივი აკაკი ჩხენკელის (1874-1959) და კიტა ჩხენკელის (1895-1963) მემკვიდრეობისგან შედგება და მასში დაცულია ათასობით დოკუმენტი, პირადი წერილი, დიპლომატიური მიმოწერა, ქართულ მოღვაწეთა ბიოგრაფიული ცნობები.  ეს არქივი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესწავლაში.

Facebook
Twitter
LinkedIn