„აკადემიური წერა“ – ახალი სახელმძღვანელო

თარიღი: 2023-01-23 19:48:25

„აკადემიური წერა – საუნივერსიტეტო კურსი“ – ასე ჰქვია  ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2022 წელს გამოსცა.  წიგნის ავტორთა განმარტებით,  აკადემიური წერის წინა სახელმძღვანელოს გამოსვლიდან უკვე რვა  წელი გავიდა და, ბუნებრივია, ის განახლებას მოითხოვდა. პროფესორ ქეთევან გოჩიტაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის სახელმძღვანელო არ წარმოადგენს ძველი ვერსიის გადამუშავებულ და განახლებულ ვერსიას. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობა განპირობებული იყო იმით, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა აკადემიური წერის სტანდარტები, გაჩნდა ახალი მასალები, მოთხოვნები და ჩამოყალიბდა მიდგომები, რომელთა ასახვა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ხელს შეუწყობდა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს წერის იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც სასწავლო მიზნების მისაღწევად სჭირდებათ საუნივერსიტეტო გარემოში.

სახელმძღვანელო  შედგება ხუთი ნაწილისა და დანართისაგან და განხილულია შემდეგი საკითხები: წერის მოსამზადებელი ეტაპი (აკადემიური ენა, ფორმალური ტონი, პლაგიატი, ჩიკაგოს სტილით დამოწმება, წყაროებზე მუშაობა, სათაური).

წიგნის მეორე ნაწილი არგუმენტირებული მსჯელობის შექმნის მეთოდებსა და სტრატეგიებს ეძღვნება და განიხილავს შემდეგ საკითხებს: ძირითადი დებულების (თეზისის) შექმნის სხვადასხვა ტექნიკას, არგუმენტისა და აბზაცის შექმნის პრინციპებს.

მესამე თავში არგუმენტირებული ესეს შექმნის პრინციპებია განხილული, მეოთხე თავში წარმოდგენილია კვლევის მეთოდები, სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა და ლიტერატურის მიმოხილვა. მეხუთე თავი სტუდენტებს სთავაზობს პრეზენტაციისმომზადების ტექნიკებს. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია აკადემიური პრეზენტაციის მომზადების ხერხებზე. რაც შეეხება მეხუთე ნაწილს, მასში წარმოდგენილია სამოტივაციო წერილის შექმნის ძირითადი პრინციპები.

სახელმძღვანელოში შესულია როგორც თეორიული ინფორმაცია შესაბამისი მაგალითებითა და ნიმუშებით, ისე მრავალფეროვანი პრაქტიკული დავალებები.

ავტორთა ინფორმაციით, წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. სახელმძღვანელო მათ განუვითარებს აკადემიური წერისა და სამეცნიერო ნაშრომის შექმნის უნარებს. წიგნში დაწვრილებითაა განხილული აკადემიური ტექსტის ძირითადი მახასიათებლები, არგუმენტირებული მსჯელობის ჩამოყალიბების პრინციპები, აბზაცის სტრუქტურა, მისი აგების ხერხები და საშუალებები, საპრეზენტაციო ტექსტის მომზადების წესები და აკადემიური ნაშრომის საჯაროდ წარდგენის ძირითადი საკითხები. სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, პედაგოგებსა და წერის სტრატეგიების სრულყოფით დაინტერესებულ პირებს.

სახელმძღვანელოს ავტორები მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, რომელთაც წვლილი შეიტანეს მის გამოცემაში – რედაქტორებს, დიზაინერს, დამკაბადონებელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია წიგნის დაბეჭდვას და იმედოვნებენ, რომ სახელმძღვანელო  დაეხმარება სტუდენტებს – წარმატებით დაეუფლონ აკადემიური წერის პრინციპებსა და სტრატეგიებს.

წიგნის ავტორები არიან: თსუ-ს პროფესორები:  ქეთევან გოჩიტაშვილი, გიული შაბაშვილი და ნინო შარაშენიძე, რედაქტორები: ნანა გაფრინდაშვილი და დარეჯან თვალთვაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn