კვლევა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას უკავშირდება

თარიღი: 2025-12-12 17:32:02

პირადი ინფორმაციისა და პროგრესის ბალანსი: პერსონალური მონაცემების დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში  – ეს არის იმ კვლევის სახელწოდება, რომლის პრეზენტაციაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტის ფარგლებში განხორციელდა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ  პროექტის ავტორები:  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ოთარ ჩახუნაშვილი და  თსუ-ს დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი სალომე სიგუა. მათ შეხვედრაზე მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც AI-ის სწრაფი გავრცელების ფონზე პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას უკავშირდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს სტუდენტები და იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი: პროფესორი ირმა ხარშილაძე, ასოცირებული-პროფესორი კობა ყალიჩავადა ასოცირებული-პროფესორი სერგი ჯორბენაძე.

კვლევის თავდაპირველი მიზანი იყო არსებული საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი, რათა დადგენილიყო – როგორ ხდება პერსონალური მონაცემების დაცვა და მათი გამოყენება ალგორითმების მუშაობისას. ამ პროცესის შესწავლის გზით კვლევა ცდილობდა დაედგინა – შესაძლებელია თუ არა ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელიც, ერთი მხრივ, არ შეაფერხებს ტექნოლოგიურ პროგრესს, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის პირადი მონაცემების მკაფიო და საიმედო დაცვას.

„პროექტის მიზანია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განსაზღვროს ოპტიმალური ბალანსი პირადი ინფორმაციის დაცულობასა და ტექნოლოგიურ პროგრესს შორის და ჩამოაყალიბოს სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ინოვაციებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას ადამიანის უფლებების დაზიანების გარეშე უზრუნველყოფს. კვლევა ემყარება პერსონალური მონაცემების დამუშავების ინტერდისციპლინურ ბუნებას და მოიცავს სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, სოციოლოგიური, ეკონომიკური, კომპიუტერული და კულტურული ასპექტების ანალიზს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოიყენება შედარებით სამართლებრივი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესწავლილი იქნება სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების გამოცდილება, განსაკუთრებით – ევროკავშირის ქვეყნებში არსებული თეორიული დისკუსიები, სადავო მიდგომები და სასამართლო/საკანონმდებლო პრაქტიკა, საჯარო ინტერესისა და ადამიანის უფლებების პრიზმაში“, – განაცხადა კვლევის ავტორმა  ოთარ ჩახუნაშვილმა.

კვლევის მიხედვით, ალგორითმების ბოლო ანალიზმა აჩვენა, რომ თანამედროვე AI სისტემები მნიშვნელოვნად ეყრდნობიან პერსონალურ მონაცემებს, განსაკუთრებით ვიზუალურ და აუდიო ფორმატებში. მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი ხშირად ვერ სრულდება, ხოლო ალგორითმების შიდა პროცესები არ არის საკმარისად გამჭვირვალე. ეს ქმნის როგორც ეთიკურ, ისე სამართლებრივ გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც AI მოიცავს პირადი ინფორმაციის აღქმა-მოწოდებას, სახის ან ხმის ამოცნობას.  AI სისტემების მომავალი განვითარება საჭიროებს გამჭვირვალობის ზრდას და მონაცემთა დაცვის მკაცრ სტანდარტებს, რათა AI ტექნოლოგიები უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი იყოს. სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში თსუ-ს დოქტორანტმა სალომე სიგუამ.

დასკვნები, რომლებიც მიღებულ იქნა კვლევის  ფარგლებში, ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ სახელმწიფომ, ორგანიზაციებმა და ტექნოლოგიურმა სექტორმაც უფრო მკაფიო რეკომენდაციები და წესები შეიმუშაონ. სწორედ ასეთი სამართლებრივი ჩარჩოები უზრუნველყოფს, რომ ინოვაციებმა არ შექმნას საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის.

„შესწავლილმა მასალამ დაადასტურა საჭიროება შემუშავდეს მკაფიო რეკომენდაციები როგორც AI-ის შემქმნელებისა და ოპერატორებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში საჭიროა დამატებითი მექანიზმები, რათა AI-ის მიერ მონაცემთა დამუშავება მკაფიოდ დაბალანსდეს ინოვაციასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან. კვლევის საერთო დასკვნა ხაზს უსვამს თანამედროვე და მოქნილი სამართლებრივი ჩარჩოს აუცილებლობას“, -ვკითხულობთ კვლევის შედეგების მიხედვით  წარმოდგენილ რეკომენდაციებში.

როგორც თსუ-ს პროფესორმა ირმა ხარშილაძემ პრეზენტაციაზე  აღნიშნა, საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში უკვე არის გარკვეული რეგულაციები, ეს სფერო მაინც სერიოზულ დახვეწას საჭიროებს: „ადამიანის პერსონალური მონაცემები ალგორითმების პირობებში დაცული უნდა იყოს. აუცილებელია ბალანსი და ჰარმონიზაცია ქართულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს შორის. სწორედ ამისკენაა მიმართული ეს კვლევა, რომელიც არა მხოლოდ მეცნიერულ, არამედ პრაქტიკულ მნიშვნელობასაც ატარებს – როგორ უნდა მოხდეს თითოეული ჩვენგანის მონაცემების დაცვა“,  – აღნიშნა ირმა ხარშილაძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn