„ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება“ – წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

თარიღი: 2023-01-11 14:10:35

გასული წლის ბოლოს იურიდიულმა საზოგადოებამ საინტერესო კრებული მიიღო –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდით დაისტამბა რიგით მეჩვიდმეტე ყოველწლიური კრებული – „ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება“.  კრებულის გამოცემის ინიციატორი და სამეცნიერო რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია.  29 დეკემბერს თსუ-ში აკადემიური წრეების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების, პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულის სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ის, რომ მასში გამოქვეყნებული ნაშრომები ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვის სხვადასხვა გამოცდილებას გვაცნობს. იმდენად, რამდენადაც ადამიანის უფლებათა დაცვა დღესაც რჩება საერთაშორისო საზოგადოების გამოწვევად, საჭიროა პრობლემების დეტალიზება და დარგის სპეციალისტების მიერ მათი სათანადოდ გაანალიზება. სწორედ ესაა ამ კრებულის მიზანი, რადგან ადამიანის უფლებათა სტანდარტები სულ უფრო ვითარდება და მათი დაცვა მზარდ ძალისხმევას მოითხოვს სახელმწიფოების მხრიდან. კრებულის რედაქტორი წინასიტყვაობაში წერს: „კრებული მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, ასევე საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო ადმინისტრაციული პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობას. კრებულში თავმოყრილია ავტორთა ნაშრომები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებშიც ისინი გამოთქვამენ საყურადღებო მოსაზრებებს – როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა“.

პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კრებული არის გარკვეული ხიდი თაობებს შორის  – მასში დასტამბულია როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა  იურისტების ნაშრომები, რაც კიდევ მეტად გამოკვეთს გამომცემლების მიზანს – ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს, მეტი წერონ, იფიქრონ და საზოგადოებას  თავიანთი დამოკიდებულება გაუზიარონ. „ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ აკადემიურ დისკუსიას და მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ იმ მიდგომებზე, კონცეფციებსა და სამართლებრივ ინსტიტუტებზე, რომელიც არსებობს. მაგრამ, გარდა აკადემიური დისკუსიისა, კრებულის მიზანი არის სხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. ამით ჩვენ გვინდა, რომ გავაუმჯობესოთ პირველ რიგში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში, რადგან ამას გავლენა აქვს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე “, – თქვა პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ თავის გამოსვლაში.

თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ, რომელმაც კრებულის რედაქტორსა და გამომცემლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს უკვე ტრადიციულად ქცეული გამოცემა ბევრი ახალგაზრდისთვის გახდა სტიმულის მიმცემი: „დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სტუდენტისთვის ეს არის პირველი გამოქვეყნება და, გარკვეულწილად, ასპარეზი, როცა კვლევით საქმიანობას იწყებს. არ შეიძლება არ აღვნიშნო საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დამსახურება, რომელსაც  წელს ძალიან პროდუქტიული წელი ჰქონდა და ბევრი აქტივობა განახორციელა იურიდიულ ფაკულტეტზე. ვისურვებდი, რომ მომავალშიც ასეთი პროდუქტიული იყოს ინსტიტუტის და  პროფესორების საქმიანობა“, – თქვა მან.

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პროფესორ ირინე ქურდაძის თქმით, კრებული 2006 წლიდან გამოიცემა და ყველა ნომრის უკან პროფესორ კონსტანტინე კორკელიას ძალიან დიდი შრომა დგას. „კრებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთო სათაურით გამოიცემა, მაგრამ მასში აქცენტი კეთდება იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია როგორც საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში, ასევე  საქართველოში არსებული გამოწვევების მიმართულებითაც. დიდი მადლობა ყველას, ვინც წელსაც მხარი დაუჭირა ამ კრებულის გამოცემას. პირველ რიგში ეს  ეხება თსუ იურიდიულ ფაკულტეტს, საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის პროგრამების ოფიცერს ბესარიონ ბოხაშვილს და პროექტის ოფიცერს ლევან მესხორიძეს.  ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროსაბჭოს თბილისის ოფისს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებების დაცვას და არაერთი პროექტი მიუძღვნეს და განახორციელეს თსუ-სთან და იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობით. ეს  თანამშრომლობა დღეს კიდევ ერთ აქტიურ ბაზაზე გადავიდა. იმედს ვიტოვებ, რომ 2023 წლის განმავლობაში სტუდენტებიც მოიმკით იმ სიკეთეებს და შედეგებს, რაც ამ სინთეზის და თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება“, – აღნიშნა ირინე ქურდაძემ.

კრებულში თავმოყრილი სტატიები ეძღვნება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: „ნაფიც მსაჯულთა საქმეების წინასწარი გაშუქება მედიაში და სამართლიანი სასამართლო“ (მეგი ბაგრატიონ-დავითაშვილი); „სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიება“ (მარიამ ბალავაძე), „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ: თანამედროვე საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის“ (საბა ელიზბარაშვილი), „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული და ამ კატეგორიის დანაშაულზე  ეფექტიანი სამართალწარმოების დამაბრკოლებელი გარემოებები“ (ნატი გელოვანი), „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენება: აფხაზეთში (საქართველო) 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის კლასიფიკაცია“ (ნათია კალანდარიშვილი-მიულერი); „სქესობრივი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიციების ჰარმონიზება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ (გოგა ხატიაშვილი), „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის ეფექტიანობა ნაადრევი (ბავშვთა) ქორწინების პრევენციის მიმართ: პრობლემები და მათი მოგვარების შესაძლო გზები“ (ირინე ხერხეულიძე); „სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციური უფლებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების სტანდარტის დაცვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში“ (რევაზ ხოფერია); „რელიგიური მოტივებით განპირობებული რწმენის გაცხადების თავისუფლება აშშ-ში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირადობის ელექტრონული მოწმობების საქმეზე“ (გივი ლილუაშვილი); „ინფორმირებული თანხმობის გაცემის ოქროს  წესები ადამიანის უფლებათა დაცვის  ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით“ (მიხეილ ბიჭია); „ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენება სამართალდამცავ ორგანოებში და ადამიანის უფლებათა სტანდარტები“ (ანა ნასრაშვილი); „წყალზე, სანიტარიასა და   ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება“ (მაკა ნუცუბიძე).

კრებულის გამოცემა მხარდაჭერილია საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის მიერ. კრებული გამოიცა ევროპის საბჭოს პროექტის – „ადამიანის უფლებათა სტანდარტისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ – ფარგლებში და განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის: მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისათვის, პროკურორებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. 

Facebook
Twitter
LinkedIn