„ადამიანის ანატომია“ – ახალი სახელმძღვანელო თსუ-ს საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებისათვის
თსუ-ს გამომცემლობამ ახალი წიგნი „ადამიანის ანატომია“ გამოსცა – პირველი ანატომიის სახელმძღვანელო საქართველოში, რომელიც სპეციალურად საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებისთვის შეიქმნა; სახელმძღვანელოში ადამიანის აგებულების ტრადიციულ აღწერასთან ერთად ანატომია შედარებით და ევოლუციურ ასპექტებშიცაა წარმოდგენილი.
წიგნზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი თაობისა და ახალგაზრდა თაობის პედაგოგები – ემერიტუს პროფესორი მიხეილ გედევანიშვილი, თინათინ კვინტრაძე და ასოცირებული პროფესორი ირინა მოდებაძე.
სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი მიხეილ გედევანიშვილი აღნიშნავს: „ანატომია ადამიანის შემსწავლელი უძველესი სამეცნიერო დარგია, მას ხანგრძლივი ისტორია აქვს: მეცნიერული ანატომიის საფუძვლები უკვე ანტიკურ ბერძნულ ხელნაწერებში გვხვდება (VI ს), თუმცა ე.წ. აღწერილობითი ანატომია, როგორც სპეციალური დისციპლინა, საბოლოოდ, მე-16 საუკუნეში ჩამოყალიბდა ანდრე ვეზალიუსის მიერ. შემდეგ, მე-17 საუკუნიდან ანატომია სხვა ბიოლოგიურ მეცნიერებებთან კავშირში ვითარდებოდა – უფრო მეტიც, არსებითად ყველა თანამედროვე მორფოლოგიური დისციპლინა (ჰისტოლოგია, შედარებითი ანატომია, ანთროპოლოგია, პალეონტოლოგია) სწორედ ანატომიური ცოდნის გაფართოებისა და გაღრმავების შედეგად აღმოცენდა. ანატომიურ ცოდნასთანაა უშუალოდ დაკავშირებული აგრეთვე ცოცხალ ფორმათა წარმოქმნის, სისტემატიკისა და ევოლუციის პრობლემებიც”.
თსუ-ში ადამიანის ანატომიას მხოლოდ ერთი სემესტრი აქვს დათმობილი – სულ 15 ლექციაა. წიგნის ავტორების თქმით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ისეთი სასწავლო პროგრამის დამუშავება, რომელიც ბიოლოგიური თვალსაზრისით ძირითად ინფორმაციას მოიცავდა და სამედიცინო განათლების მოთხოვნილებებისაგან ერთობ განსხვავებული იქნებოდა.
წიგნის თანაავტორი თინათინ კვინტრაძე იხსენებს, რომ პროექტი თავიდან მხოლოდ სათანადო ანატომიური მონაცემების შერჩევას ეხებოდა: „დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გაგვენაწილებინა აღწერილობითი მასალა 15 მეცადინეობაში ისე, რომ სტუდენტს ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემის შესახებ გარკვეული ცოდნა შეეძინა – გვინდოდა ყურადღება გაგვემახვილებინა ანატომიურ სტრუქტურებზე, რომელთა მნიშვნელობის ცოდნაც აუცილებელია ბიოლოგებისათვის”.
სახელმძღვანელოსათვის საილუსტრაციო მასალის შერჩევა და წარწერების შინაარსობრივი ინტერპრეტაცია წიგნის მესამე ავტორის – ირინა მოდებაძის დამსახურებაა. საილუსტრაციო მასალა, ანატომიის სხვა სახელმძღვანელოებისაგან განსხვავებით, წიგნში ყოველი თავის ბოლოშია მოყვანილი ისე, რომ ის მცირე ატლასების დანიშნულებასაც ასრულებს. თავის მხრივ, მასალის ამგვარი განლაგება სტუდენტს ტექსტუალური აღწერილობისა და გამოსახულების შეჯერებას უადვილებს. ილუსტრაციები მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ შერჩეულია იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს ობიექტის აგებულების ზოგადი გეგმაც და ამ ობიექტისთვის დამახასიათებელი დეტალებიც. პროფერორი ირინა მოდებაძე აღნიშნავს, რომ ილუსტრაციებზე მუშაობის გარდა მას ტექსტის შინაარსობრივ მხარეებზეც უხდებოდა მუშაობა. „ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უფროს თაობასთან თანამშრომლობა აღნიშნულ საკითხებზე“, – ამბობს იგი.
დაბოლოს, ავტორებს სამომავლოდ მეორე, განახლებული გამოცემის მომზადებაც აქვთ ჩაფიქრებული.
საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებისთვის ადამიანის ანატომიის თანამედროვე სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობა უეჭველია. ავტორებს იმედი აქვთ, რომ ანატომიის ახალი სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელიც ტრადიციულ აღწერილობით ანატომიასა და თანამედროვე ბიოლოგიურ კონცეფციებსაც ეყრდნობა, სასარგებლოა ახალი თაობის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.
